ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული თავდასხმის ფაქტზე დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„ამნისტიის შესახებ’’ კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის შედეგად კი საბოლოოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, საქართველოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება კი 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, რომ 2005 წლის ზაფხულში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ძალადობით და იარაღის გამოყენებით“, „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების“ მიზნით, იმ დროს, რესპულიკური პარტიის წევრ, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ჯგუფურ თავდასხმას გაუკეთა ორგანიზება.
თავდასხმის შედეგად, რომელშიც ავტომატებით, კასტეტებითა და გირით შეიარაღებული შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მაღალჩინოსნები და სპეცრაზმელები მონაწილეობდენ დეპუტატი უსასტიკესად იქნა ნაცემი. ასეცე სცემეს გელაშვილის პირადი დაცვის წევრს და სამშენებლო კომპანია "ევრას" თანამშრომელი.
გელაშვილს გაუტეხეს ზედა და ქვედა ყბის ძვლები, სახის ძვლები, ცხვირი, შუბლი, მაიყენეს ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა. პარლამენტის წევრი სპეცრეისით ლიტვაში გადააფრინეს, ექიმების თქმით, იგი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
ვალერი გელაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სწორედ ლიტვიდან გამოეხმაურა, სადაც ამჟამად ბიზნესს საქმიანობას ეწევა. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სააკაშვილის დაპატიმრება, ექსტრადირება და მოსამართლის განაჩენის აღსრულებაა:
მოსამართლის გამოტანილი განაჩენი ჩემთვის ნამდვილად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მთავარი ამ განაჩენის აღსრულებაა. მნიშვნელოვანია როგორ აპირებს ხელისუფლება ამ განაჩენის აღსრულებას?ვალერი გელაშვილი, ბიზნესმენი
„მოსამართლის გამოტანილი განაჩენი ჩემთვის ნამდვილად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მთავარი ამ განაჩენის აღსრულებაა. მნიშვნელოვანია როგორ აპირებს ხელისუფლება ამ განაჩენის აღსრულებას? ამ საქმეზე ვის დაპატიმრებასაც ვითხოვდი ბევრმა სასჯელი მიიღო, მაგრამ ვანო მერაბიშვილის გარდა დღეისათვის ყველა გაქცეულია ქვეყნიდან.“ - აცხადებს ვალერი გელაშვილი.
პრეზიდენტ სააკაშვილის და დეპუტატ გელაშვილის დაპირისპირება 2004 წელს, ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსის იგივე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.
გელაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომავალი კომპლექსის სიახლოვეს, ალვანის ქუჩაზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული კერძო სახლის სახელმწიფოსთვის დათმობა სთხოვა. სანაცვლოდ კი გელაშვილის სამშენებლო კომპანია „ევრამ“ პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის უფლება მიიღო.
„ევრამ“ ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსის მშენებლობა მართლაც დაიწყო, თუმცა 2005 წელს, პრეზიდენტის აპარატის უზრუნველყოფის სამსახურისგან შეპირებული თანხები ვერ მიიღო და მშენებლობა შეაჩერა.
დეპუტატმა გელაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, დემონსტაციულად გასაყიდად გაიტანა და 5 მილიონი დოლარი მოითხოვა იმ სახლში, რომელიც მანამდე სახელმწიფოს გადასცა. პარალელურად კი კომპანია „ევრამ“ გაავრცელა განცხადება, რომ რეზიდენციის მშენებლობის უფლებას სხვა ინვესტორს გადასცემდა თუ „ევრას“ ის ხარჯები აუნაზღაურდებოდა, რაც კომპლექსის მშენებლობაზე უკვე დახარჯა.
დაპირისპირების კულმინაცია დეპუტატ გელაშვილის საგაზეთო ინტერვიუ გახდა, რომელიც „რეზონანსში“ 2005 წლის 29 ივნისს გამოქვეყნდა. ინტერვიუში გელაშვილმა ღიად ისაუბრა, თუ როგორ წაართვა პრეზიდენტმა ავლაბარში სახლი და რამდენჯერმე პრეზიდენტის ოჯახი არაეთიკურად მოიხსენია.
ამ ინტერვიუდან ორ კვირაში, 14 ივლისს, დეპუტატ გელაშვილს, რომელიც თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე, საკუთარი „მერსედესის“ ჯიპით გადაადგილდებოდა, დაახლოებით 14:00 საათზე, ნიღბიანი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. მალევე კომპანია „ევრას“ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის უფლება ჩამოერთვა, ხოლო 2006 წლის მარტში, პარლამენტმა გელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებაც შეუწყვიტა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ნიდერლანდებიდან გამოეხმაურა და „კლოუნადა“ უწოდა:
ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია. ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილის უნდა საქართველოში არ დავბრუნდე"მიხეილ სააკაშვილი, ექს-პრეზიდენტი
„ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია. ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილის უნდა საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რომ მე, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქნელი საქართველოში ვერ ჩამოვდიოდე.“ - ამბობს სააკაშვილი.
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ამ დრომდე მხოლოდ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილია მსჯავრდებული. ბრალდების თანახმად, სააკაშვილმა სწორედ მერაბიშვილს დაავალა პარლამენტ გელაშვილს ფიზიკურად გასწორებოდა. 2016 წელს, ამ საქმეზე მერაბიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გელაშვილის ცემის ფაქტზე ასევე გასამართლდნენ და 9 წლიანი სასჯელი განესაზღვრათ შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას და სოდ-ის სამართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს, რომლებმაც თავის მხრივ ბრძანება მერაბიშვილისგან მიიღეს და თავდასხმის ორგანიზება უშუალოდ განახორციელეს. როგორც სააკაშვილი, კოდუაც და სირაძეც ამ დრომდე მიმალვაში არიან.
ბრალდების მხარის მტკიცებით, თავდასხმაში მონაწილე სოდ-ის სპეცრაზმელებმა ალექსანდრე ნაჭყებიამ, გიორგი ჩხეტიამ, მანუჩარ გეთიამ, მამუკა ცინარიძემ და მანუჩარ წოწონავამ არ იცოდნენ ვის და რატომ სცემეს, მათ მხოლოდ ბრძანება აღასრულეს და მოგვიანებით პრემიის სახით, 500-500 აშშ დოლარი მიიღეს.
სოდ-ის სპეცრაზმელებმა თავდასხმისა და ცემის დროს, ქურდობის იმიტაციის მიზნით, ვალერი გელაშვილს წაართვეს „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი. 2005-2012 წლებში ძიება ამ საქმეზე შეჩერებული იყო.