ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

48 საათიანი პატიმრობის შემდეგ სააკაშვილი თავისუფალია


მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შემდეგ
მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შემდეგ

მოსამართლე ლარისა ცოკოლმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან კიევის პეჩერის სასამართლო დარბაზშივე გაანთავისუფლა. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, „ახალი ძალების რუხის“ ლიდერისთვის, ელექტრო სამაჯურის გამოყენებით, 60 დღიანი, 24 საათიანი, წინასწარი შინაპატიმრობას შეფარდების თაობაზე.

სასამართლო განხილვას, უკრაინის რადას 10 დეპუტატი, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „ბატკავშინას“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკოც ესწრებოდნენ. მათ მოსამართლეს დაუდასტურეს, რომ მზად არიან სააკაშვილის განთავისუფლების შემთხვევაში, მასზე თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღონ.

სასამართლო დარბაზში: სააკაშვილი და ტიმოშენკო
სასამართლო დარბაზში: სააკაშვილი და ტიმოშენკო

მოსამართლე ცოკოლს გადაწყვეტილების მისაღებად რვა საათი დასჭირდა, მან თავიდანვე დააკმაყოფილა, დაცვის მხარის მოთხოვნა და სააკაშვილს განსასჯელის კაბინა დაატოვებინა და ადვოკატებთან დაჯდომის უფლება მისცა, შემდეგ კი უარყო პროკურორ ალექსანდრე გოვორუჩაკის აცილების შუამდგომლობა.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც კიევში, 9 დეკემბერს, უკრაინის მოქმედი ხელისუფლების დამხობის ორგანიზების ბრალდებით აიყვანეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ეს დიდი გამარჯვებაა და ბრძოლას აგრძელებს:

სინამდვილეში უკრაინის ხელისუფლებას არ უნდოდა ჩემი ციხეში გაშვება და ამით დასავლეთის აღშფოთების გამოწვევა, სწორედ ამიტომ პროკურორების მთავარი ამოცანა იყო, რაც არ უნდა დაჯდომოდათ, სასამართლოს შინაპატიმრობა შეეფარდებინა. მათი ამოცანა იყო ჩემი უკრაინული პოლიტიკიდან იზოლირება"
მიხეილ სააკაშვილი

„მათი ამოცანა იყო ჩემი უკრაინული პოლიტიკიდან იზოლირება. უსმენდით პროკურორი სასამართლოზე რას ამბობდა? იჯდები სახლში, მომხრეებს ესაუბრები ტელეფონით, ჩვენ კი გავაგრძელებთ შენს მოსმენას და აუდიოჩანაწერების მონტაჟს, თუ როგორ მოუწოდებ სახელმწიფო გადატრიალებისკენ.

სინამდვილეში უკრაინის ხელისუფლებას არ უნდოდა ჩემი ციხეში გაშვება და ამით დასავლეთის აღშფოთების გამოწვევა. სწორედ ამიტომ პროკურორების მთავარი ამოცანა იყო, რაც არ უნდა დაჯდომოდათ, სასამართლოს ჩემთვის შინაპატიმრობა შეეფარდებინა.“

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, სამი - მე-15 (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე (დანაშაულის ჩადენას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარება, დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა) 5 დეკემბერს აღძრა.

5 დეკემბერი, სააკაშვილის სახლთან კიევში
5 დეკემბერი, სააკაშვილის სახლთან კიევში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავდაპირველად კიევში, კოსტელნაიას ქუჩის N7-ში მდებარე სახლის სახურავზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) სპეციალური დანიშნულების რაზის წევრებმა დააკავეს. თუმცა სააკაშვილმა მოასწრო აქტივისტების მობილიზაცია, მათ „ალფას“ მებრძოლებს ლიდერის იზოლატორში გადაყვანის საშუალება არ მისცეს და რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააკაშვილზე ოფიციალურად ძებნა გამოაცხადა და მისი მეორედ დაპატიმრება, 6 დეკემბერს გამთენიისას უკვე მაიდანზე, საპროტესტო აქციაზე სცადა, თუმცა ისევ უშედეგოდ.

საბოლოოდ, 9 დეკემბერს, ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში, ოტრადნოის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში აიყვანეს, რომელიც ლუგანსკის ოლქის პოლიციის ყოფილი უფროსის, ამჟამად პენსიაში მყოფი, თადარიგის პოლკოვნიკის იური პოკინბოროდას საკუთრებაა.

ბრალდების მიხედვით, უკრაინის მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა დანაშაულებრივი ორგანიზებული დაჯგუფება და ფინანასური უზრუნველყოფის მიზნით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ვიქტორ იანუკოვიჩის დანაშაულებრივ დაჯგუფებას დაუკავშირდა.

პროკურატურის მტკიცებით, „შავი ფული, 500 000 აშშ დოლარის ოდენობით სააკაშვილმა მოსკოვში მცხოვრებ ხარკოველ ოლიგარქს სერგეი კურჩენკოს ორ ტრანშად გამოართვა, შუამავალი კი ამ საქმეში, სააკაშვილის პარტიის წევრი, დონეცკში დაბადებული, ეთნიკური ქართველი, უკრაინის მოქალაქე სევერიან დანგაძე იყო, რომელსაც დღეს, სააკაშვილისგან განსხვავებით, 60 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"ახალი ძალების რუხის" ლიდერი უკრაინის პროკურატურის გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს და სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს "სასაცილოს და გაყალბებულს" უწოდებს. თავის მხრივ, ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ დღეს მოსკოვში განაცხადა, რომ „სააკაშვილს არ იცნობს და არც უნდა რომ იცნობდეს“.

კიეველი მოსამართლე ლარისა ცოკოლი
კიეველი მოსამართლე ლარისა ცოკოლი

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ალექსანდრე გოვორუჩაკმა განაცხადა, რომ სააკაშვილის შინაპატიმრობაში დატოვება აუცილებელია, რადგან ოლიგარქ კურჩენკოსთან დაკავშირებული პოლიტიკოსი, "უკრაინაში დესტაბილიზაციის მიზნით, შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლან".

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე გაყალბებულია და პრეზიდენტ პოროშენკოს კურჩენკოს ხსენება უნდა სცხვენოდეს:

ამ შეთითხნილ საქმეში კურჩენკოს სახელის ხსენება არა სააკაშვილს, არამედ პრეზიდენტ პოროშენკოს უნდა სცხვენოდეს. 2013 წელს, პოროშენკომ 400 მილიონ დოლარად სწორედ კურჩენკოს მიჰყიდა მედიაჰოლდინგი UMH და ამ გარიგებიდან უკრაინის ბიუჯეტში ერთი გრინვაც არ გადაუხდია“
იულია ტიმოშენკო, უკრაინის რადას დეპუტატი

„ამ შეთითხნილ საქმეში კურჩენკოს სახელის ხსენება არა სააკაშვილს, არამედ პრეზიდენტ პოროშენკოს უნდა სცხვენოდეს. 2013 წელს, პოროშენკომ 400 მილიონ დოლარად სწორედ კურჩენკოს მიჰყიდა მედიაჰოლდინგი UMH და ამ გარიგებიდან უკრაინის ბიუჯეტში ერთი გრინვაც არ გადაუხდია“ - აღნიშნა ტიმოშენკომ.

კიევში სასამართლო პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი თბილისში, უკრაინის საელჩოს წინ გაიმართა. სააკაშვილის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა აღნიშნეს, რომ კიევიდან თბილისში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ექსტრადირების შემთხვევაში პოლიტიკურ ტემპერატურას ქვეყანაში „მაქსიმუმამდე ასწევენ“.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას ხუთი დღე აქვს, რომ მოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას და "სააკაშვილის ადგილი ციხეშია".

მიხეილ სააკაშვილი კი პეჩერის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, მეუღლესთან სანდრა რულოვსთან და მომხრეებთან ერთად, მაიდანზე მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას შეუერთდა.

სასამართლოს დარბაზიდან მაიდანზე
სასამართლოს დარბაზიდან მაიდანზე

Facebook Forum

XS
SM
MD
LG