საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს შემდეგი ევროკავშირის წევრი ქვეყნები იქნებიან. „ეს არის რუსეთის ბუნება, ის არ ჩერდება თუ არ გააჩერებ“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.
აქვე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის და „უკრაინელები კვდებიან ევროპელებისთვის“.
კითხვაზე, რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ასე მნიშვნელოვანი,სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს არის დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება, უსაფრთხოება და ერთადერთი პერსპექტივაც ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებებს. თუმცა მისი სიტყვებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა, რასაც ევროკავშირიც უნდა გრძნობდეს.
ასევე ნახეთ: ორპარტიული ძალისხმევა უკრაინის დახმარების კანონპროექტის მხარდასაჭერად„წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ომი უკრაინაში დღეს, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები რომ არ იყვნენ? წინა გაფართოებამ ევროკავშირისთვის უსაფრთხოება უზრუნველყო და მომავალი გაფართოებაც, ჩვენი მონაწილეობით, იქნება დამატებით უსაფრთხოება ევროკავშირისთვის და ჩვენთვისაც. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველომ პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხე, რაზეც „საკმარისად არ ვლაპარაკობთ“, რუსეთი კი აგრძელებს იმ გეგმის შესრულებას, რაც მიზნად დაისახა 2007 წელს. ზურაბიშვილის თქმით, პუტინის მიზანია, რომ დასავლეთს არ მისცეს შავ ზღვასთან მიახლოების შესაძლებლობა.
„რა მოხდა 2007 წლის შემდეგ ყველამ ვნახეთ, 2008 წელს - საქართველო, შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული, შემდეგ ომი უკრაინაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ერთად შევაჩეროთ რუსეთი, რომ ის შავ ზღვაზე ერთადერთ ძალად არ იქცეს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ“.
მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“.
ამ პანელში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი რადოსლავ სიკორსკი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: "ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.
2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფოს მეთაური იღებს.