ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა


განუყრელი მეგობრები, 36 წლის ზურიკო წიკლაური და 37 წლის გოჩა ჟვანია უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტზე ერთად დაიღუპნენ
განუყრელი მეგობრები, 36 წლის ზურიკო წიკლაური და 37 წლის გოჩა ჟვანია უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტზე ერთად დაიღუპნენ

საქართველოში მიწას მიაბარეს, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, 36 წლის ზურიკო წიკლაური და 37 წლის გოჩა ჟვანია. „ქართული ლეგიონის“ ვეტერანი მეომრები, რომლებიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ, აღმოსავლეთის ფრონტზე, 1 თებერვალს, აფეთქების დროს დაიღუპნენ. ორივე მათგანი მშობლიურ სოფელში, წიკლაური - თავწყაროში, ჟვანია - თეკლათში დაკრძალეს.

ზურიკო წიკლაური 25 თებერვალს, 37 წლის გახდებოდა. მან 10 წელზე მეტი იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მტრის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძოდა, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში.

გოჩა ჟვანია და ზურიკო წიკლაური "ქართულ ლეგიონში" 2014 წლიდან იბრძოდნენ
გოჩა ჟვანია და ზურიკო წიკლაური "ქართულ ლეგიონში" 2014 წლიდან იბრძოდნენ

სიცოცხლის ბოლო 10 წელი წიკლაურმა ისევ რუსი ოკუპანტების წინაღამდეგ ბრძოლაში გაატარა, ამჯერად უკრაინაში, ქართველი „ლეგიონერის“ სტატუსით. ამ ხნის მანძილზე, ასეულობით, ურთულეს საბრძოლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი გავზარდე. ასე ახალგაზრდა წავიდა, მაგრამ წავიდა ღირსეულად. ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი გვარიდან
დურმიშხან წიკლაური, ზურიკო წიკლაურის მამა

„ალბათ, მისი ბედისწერა ეს იყო. საოცრად პატრიოტი იყო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. რაც სამხედრო ფორმა ჩაიცვა მტერზე გამარჯვება იყო მისი ყველაზე დიდი ოცნება. იქნებოდა ეს აქ, საქართველოში, თუ უკრაინაში“ - აღნიშნა ზურიკო წიკლაურის მამამ დურმიშხან წიკლაურმა.

მისი თქმით, „ოჯახში კი გვიმალავდი, გვეუბნებოდა, რომ არ ვიბრძვი, ზურგში ვარო, მაგრამ სულ სამხედრო ფორმა ეცვა და რა თქმა უნდა ვხდებოდით, რომ იბრძოდა. შარშან, გაზაფხულზე სამი თვით ჩამოვიდა, ბევრი ვეცადე მაგრამ ვერ გავაჩერე. იქ არის ჩემი ადგილი, იქ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედიო. ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი გავზარდე. ასე ახალგაზრდა წავიდა, მაგრამ წავიდა ღირსეულად. ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი გვარიდან“. ზურიკო წიკლაურს მეუღლე და ქალიშვილი დარჩა.

პროფესიონალი სამხედრო იყო, ზურიკო წიკლაურის უახლოესი მეგობარი, 37 წლის გოჩა ჟვანიაც. სანამ 2014 წელს, უკრაინაში, „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდებოდა, სამხედრო კარიერა დაიწყო კომანდოს ბატალიონში, იბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ; მონაწილეობდა კოსოვოს, ერაყის, ავღანეთის და ცენტრალური აფრიკის სამხედრო მისიებში.

„ყველგან იბრძოლა, სადაც საქართველოს ინტერესები მოითხოვდა. ომი და მისია არ დარჩენილა, რომ გოჩა იქ არ ყოფილიყო. უკრაინაში ძალიან მძიმედ დაიჭრა, გერმანიაში იმკურნალა და მაინც დაბრუნდა. იყო აქ ჩამოსული, მაგრამ არ გაჩერდა. ვერც გაჩერდებოდა, ასეთი რწმენით იცხოვრა და წავიდა ღირსეულად ამ ქვეყნიდან“ - ამბობს მეგობარი გიორგი წურწუმია. გოჩა ჟვანიას საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია.

უკრაინაში დაღუპული ქართველები 2014-2024
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:18 0:00

1 თებერვლის დანაკარგის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა უკვე 60-ს გადააჭარბა. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 61 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

„ყველგან იბრძოლა, სადაც საქართველოს ინტერესები მოითხოვდა. ომი და მისია არ დარჩენილა რომ გოჩა იქ არ ყოფილიყო.
გიორგი წურწუმია

უკრაინა-რუსეთის ომში, არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინის მხარეს, რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე იბრძვის, ზუსტი მონაცემები მოხალისეების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს, რომელსაც უცხოელ მოხალისეთა სხვადასხვა ლეგიონები ექვემდებარება გასაიდუმლოებული აქვს.

ის, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანატების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველ მოხალისეთა რიცხვი მართლაც შთამბეჭდავია, ამაზე რუსეთის დიქტატორ პუტინის ბოლო ინტერვიუც მეტყველებს. „ფოქსის“ ყოფილ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან საუბრის დროს, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაოდენობით, უკრაინაში, საქართველო მესამე ადგილს იკავებს.

პუტინმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები ახსენა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

„იქ არიან დაქირავებულები შეერთებული შტატებიდან. ყველაზე მეტი დაქირავებული პოლონეთიდან არის, მეორე ადგილზე დაქირავებულები აშშ-დან არიან, მესამეზე - საქართველოდან“ - აღნიშნა პუტინმა.

უკრაინული წყაროების ცნობით, მოხალისეები, მათ შორის პოლონელები, ამერიკელები და ქართველები, უკრაინის არმიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბირთვს შეადგენენ, თუმცა, პუტინის ეს ინფორმაცია „სინამდვილეს არ შეესაბამება“.

უკრაინის არმიაში მებრძოლი რუსი, ბელარუსი და ქართველი მოხალისეები
უკრაინის არმიაში მებრძოლი რუსი, ბელარუსი და ქართველი მოხალისეები

XS
SM
MD
LG