გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს ბრალი წაუყენეს, რომ თავის კოორდინატორთან, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის ჰანტერის უკრაინულ ენერგო-კომპანიასთან კავშირის შესახებ იცრუა.
ხუთშაბათს პროკურორებმა თქვეს, რომ 2020 წლის ივნისში ალექსანდრე სმირნოვმა ბიუროს აგენტებს უთხრა ტყუილი, რომ უკრაინულ ენერგო-კომპანია „ბურისმასთან“ დაკავშირებულმა ხელმძღვანელმა პირებმა, 2016 ან 2016 წელს, ჰანტერ და ჯო ბაიდენებს, თითოეულს 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.
სმირნოვმა ბიუროს უთხრა, რომ „ბურისმას“ ხელმძღვანელმა განაცხადა, ჰანტერ ბაიდენი დაიქირავა რათა „თავისი მამის მეშვეობით ყველა სახის პრობლემისგან დაგვიცვას“.
პროკურორები ამბობენ, მიუხედავად იმისა რომ სმირნოვის განცხადებით, „ბურისმას“ ხელმძღვანელებთან კონტაქტი ობამას ადმინისტრაციის მმართველობის დასასრულისკენ ჰქონდა, სინამდვილეში ეს ობამას და ბაიდენის მიერ თანამდებობების დატოვების შემდეგ მოხდა, როდესაც ბაიდენს შეერთებული შტატების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის საშუალება ვერ ექნებოდა.
43 წლის სმირნოვს ბრალი ყალბი განცხადების გაკეთებაში და ფიქტიური ჩანაწერის შექმნაში დასდეს. სასამართლოს დოკუმენტებში მისი ადვოკატის სახელი ჯერ-ჯერობით არ არის აღნიშნული. სასამართლოში მისი პირველი წარდგენა მოსალოდნელია ლას-ვეგასში, სადაც ოთხშაბათს, უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრეს.
მსჯავრის დადების შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელი 25 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებები წარადგინა იუსტიციის დეპარტამენტის საგანგებო პროკურორმა დევიდ ვაისმა, რომელმაც ცალკე საქმეებზე, ჰანტერ ბაიდენს ცეცხლსასროლ იარაღთან და საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებული ბრალდებები წარუდგინა.