საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში რუსეთის ახალი „საელჩოს“ კომპლექსი, რომელიც დღეს, საღამოს, სერგეი ლავროვმა ოფიციალურად გახსნა, საერთო ჯამში - 14 ათასს კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.
რუსების „საელჩომ“ სოხუმის გულში, ზღვასთან ახლოს, ფრუნზესა და ლაკობას ქუჩების კუთხეში, ზედ 1985 წელს დამწვარი სასტუმრო „აფხაზეთის“ გვერდით დაიდო ბინა.
რთულ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც რუსეთის კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ინსტიტუტმა დააპროექტა, 11 ათასი კვადრატული მეტრი უკავია და სხვადასხვა დანიშნულების შვიდ ნაგებობასთან ერთად, დიდი საცურაო აუზიც აქვს.
ოკუპირებულ სოხუმში, დამატებით 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რუსეთის „ელჩის“ „რეზიდენციისთვის“ აფხაზებმა სინოპში, თბილისის გზატკეცილზე გამოყვეს, რომელსაც ახლა კოდორის „შოსეს“ ეძახიან. აქ რუსებმა 3 სართულიანი კლასიკური სასახლე წამოჭიმეს.
რუსეთმა 2,5 ჰექტარი მიწა სოხუმში, 2010 წელს - 99 წლიანი „იჯარით“ „აიღო“. „იჯარის“ ფასი წელიწადში, სიმბოლურად 1 რუსული რუბლია. ანუ, 99 წლის მანძილზე, სოხუმის ბიუჯეტში დაახლოებით - 4 ლარი შევა.
გამოყოფილი მიწის გეოლოგიური შესწავლა რუსმა მშენებლებმა 2010 წელს, ხოლო მშენებლობა 2013 წელს დაიწყეს. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია.
ექსპერტების აზრით, ასეთი კომპლექსის ფასი 5 მილიარდ რუსულ რუბლს (90 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება. შეთანხმების მიხედვით, სოხუმში, რუსეთის სახსრებით აშენებული ყველა უძრავი ქონება რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, კრემლის მხრიდან „ცინიკური პოლიტიკის“ გაგრძელებად შეაფასა.
ისტორიულად რუსული ცინიკური პოლიტიკა კავკასიაში ზუსტად ასეთია. დღეს ლავროვი და კარასინი იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობენ, საიდანაც ასობით და ათასობით ჩვენი თანამემულეა გამოყრილი. ამ ცინიზმთან შეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი უგულველყოფა დანამდვილებით ყველას მარცხი იქნება“დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი
„ისტორიულად რუსული ცინიკური პოლიტიკა კავკასიაში ზუსტად ასეთია. დღეს ლავროვი და კარასინი იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობენ, საიდანაც ასობით და ათასობით ჩვენი თანამემულეა გამოყრილი. ამ ცინიზმთან შეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი უგულველყოფა დანამდვილებით ყველას მარცხი იქნება.“
რუსეთის „საელჩოს“ ახალი, გრანდიოზული შენობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა თავად აფხაზურ საზოგადოებაშიც. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ რუსული „დიპლომატიური კომპლექსის“ მასშტაბებმა სოხუმის არქიტექტურა სერიოზულად დააზარალა.
აფხაზების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ როგორც „საელჩოს“, ისე „რეზიდენციის“ მშენებლობის დროს, რუსებმა, მომიჯნავე ლაკობა-ფრუნზეს ქუჩისა და თბილისის გზატკეცილზე, სრულად მიითვისეს სოხუმელთა კუთვნილი ტროტუარი, სადაც დღემდე, 1933 წელს გაშენებული ვაშინგტონიას ცნობილი პალმები ხარობს.
რუსებმა იქ ჯერ ბეტონის ტუმბები ჩადგეს, შემდეგ დაცვის ჯიხური, ბოლოს კი ტროტუარი საერთოდ გადახნეს და ზედ ბალახი დათესეს. მწვავე პუბლიკაცია ამ თემაზე პირველმა „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა, რომელსაც ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ხელმძღვანელობს.
აფხაზური მედიის ცნობით, რუსები „საელჩოს“ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებენ მთლიანად ჩაკეტონ ფრუნზეს ქუჩის დასაწყისი, რომელიც სოხუმის ცნობილ სანაპიროზე გადის. გააუქმონ ავტობუსის გაჩერება და მოსახლეობას აუკრძალონ ფრუნზედან, სანაპიროზე მდებარე რესტორან „ნართაში“ შესვლა და იქ ავტომანქანის პარკირება. ეს რესტორანი სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე 1968 წლიდან მუშაობს.
რუსეთის უკანონო „საელჩო“ სოხუმში, აქამდე სანატორიუმ „სოხუმსა“ და სასტუმრო „იასიმინში“ იყო განთავსებული. ოკუპირებული სოხუმის „მთავარი არქიტექტორის“ მოადგილე თემურ ზანთარია ამბობს:
დავწერეთ წერილი რუსეთის ელჩის სახელზე რომ უნდა აიღონ დაცვის ჯიხური. უნდა აიღონ გაზონი და გაზონის ნაცვლად ტროტუარი აღადგინონ. ფაქტიურად გამოდის, რომ ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე რო გახვიდე პირდაპირ საავტომობილო გზაზე უნდა გაიარო. მაგრამ, მათ თქვეს, რომ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და პროექტის შეცვლა აღარ მოხერხდება“თემურ ზანთარია, სოხუმელი არქიტექტორი
„ჩვენ დავწერეთ წერილი რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის სახელზე რომ უნდა აიღონ დაცვის ჯიხური. უნდა აიღონ გაზონი და გაზონის ნაცვლად ტროტუარი აღადგინონ. ფაქტიურად გამოდის, რომ ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე რო გახვიდე პირდაპირ საავტომობილო გზაზე უნდა გაიარო. მაგრამ, მათ თქვეს, რომ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და პროექტის შეცვლა აღარ მოხერხდება.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში და იქ „საელჩოს“ გახსნა დღესვე ასევე მკაცრად დაგმეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა, წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.