ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გამართულმა, “საპარლამენტო არჩევნებმა“, რომელსაც საქართველო და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო უკანონოდ მიიჩნევს, უნიკალური პოლიტიკური სიტუაცია შექმნა.
ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში, ძალის გამოყენებით სოხუმიდან მოსკოვში გააძევეს, გუდაუთის „ოლქში“ პირველივე ტურში გაიმარჯვა და აფხაზთა „პარლამენტის დეპუტატი“ გახდა.
ანქვაბი ბოლო 37 თვის მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, სოხუმში მოულოდნელად, 2017 წლის თებერვალში დაბრუნდა და „არჩევნებზე“ საკუთარი კანდიდატურა დააყენა.
„ექს-პრეზიდენტის“ დაბრუნების წინააღმდეგ, მაშინვე გაილაშქრეს, მოქმედი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას მომხრეებმა, მათ შორის, „ქართველებთან ომის ვეტერანებმა“. მათ ანქვაბი „სახელმწიფო ღალატში“ დაადანაშაულეს და „პროკურატურას“ მოსთხოვეს, განახლდეს გამოძიება, 1992 წლის აგვისტოს მოვლენებში, „ანქვაბის როლის“ შესასწავლად.
ხაჯიმბას ფრთა ცდილობს დაამტკიცოს, რომ 1992 წლის 17 აგვისტოს, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, ანქვაბმა, თითქოს, სოხუმში, აფხაზეთის ავტონომიის შს სამინისტროს საცავში არსებული იარაღი, აფხაზეთის არ-ს უშიშროების კომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელს ავთანდილ იოსელიანს გადასცა.
ალექსანდრე ანქვაბი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ის ამბობს, რომ დაბრუნდა სახლში და მზად არის ბოლომდე ემსახურება სამშობლოს.
მე მხოლოდ კეთილი ზრახვები და სურვილები მამოძრავებს, მათ შორის, ჩემი არც თუ ისე თავაზიანი ოპონენტების მიმართ. სიძულვილი და სიბრაზე შიგნიდან გვანგრევს, უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. მე დავრუნდი სახლში, დედასთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და თქვენთან, ჩემს ხალხთან.“ალექსანდრე ანქვაბი, აფხაზთა "ექს-პრეზიდენტი"
„მე მხოლოდ კეთილი ზრახვები და სურვილები მამოძრავებს, მათ შორის, ჩემი არც თუ ისე თავაზიანი ოპონენტების მიმართ. სიძულვილი და სიბრაზე შიგნიდან გვანგრევს. უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი ფიზიკური და მორალური შესაძლებლობები დადებითი ემოციებისკენ უნდა მივმართოთ. მე დავრუნდი სახლში, დედასთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და თქვენთან, ჩემს ხალხთან.“
64 წლის ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ ათვახუდან არის, 1981-90 წლებში, მაღალი თანამდებობა ეჭირა საქართველოს სსრ-ს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
აფხაზეთში ომის დაწყების დროს, უკვე აფხაზთა „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო, თუმცა, ვლადისლავ არძინბასთან დაპირისპირების გამო, იგი თანამდებობიდან 1993 წლის ოქტომბერში გადააყენეს.
2000 წლამდე ანქვაბი მოსკოვში ბიზნესით იყო დაკავებული, შემდეგ სოხუმში დაბრუნდა და ოპოზიციური მოძრაობა „აითაირა“ (აღორძინება) ჩამოაყალიბა. არძინბას კლანმა მას 2000 და 2004 წლებში, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება არ მისცა.
2004 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც, ანქვაბმა კიდევ ერთხელ მიიღო უარი საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციაზე, „არჩევნებში“ მხარი სერგეი ბაღაფშს დაუჭირა და მისი გამარჯვების შემდეგ, ჯერ „პრემიერ-მინისტრი“, 2009 წლიდან კი „ვიცე-პრეზიდენტი“ გახდა.
2011 წელს, ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ აფხაზთა რიგით „მესამე პრეზიდენტად“ იქნა არჩეული. ანქვაბმა მაშინ დიდი უპირატესობით არძინბას კლანის კანდიდატურას - რაულ ხაჯიმბას აჯობა.
აფხაზური სეპარატიზმის „მამის“ ვლადისლავ არძინბას კლანთან დაპირისპირება მისი „პრეზიდენტობის“ პერიოდშიც გაგრძელდა, ანქვაბს მუდმივად ბრალს სდებდნენ „პროქართულ პოლიტიკაში“ და გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის „უკანონო“ პასპორტიზაციაში, რასაც 2014 წლის ზაფხულში გადააყოლეს კიდეც.
ექსპერტი აფხაზეთის საკითხებში ანტონ კრივენიუკი ფიქრობს, რომ მიუხედავად, ალექსანდრე ანქვაბის ასაკისა, რომელიც მას აღარ აძლევს საშუალებას, 2019 წელს, აფხაზთა „პრეზიდენტობისთვის“ ისევ იბრძოლოს, მისი დაბრუნება აფხაზურ პოლიტიკაში კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას ოკუპირებულ ანკლავში.
ანქვაბს, რომელიც 64 წლის არის და ერთი წლის შემდეგ, აფხაზური კანონის მიხედვით, უკვე ვეღარ შეძლებს „პრეზიდენტის“ პოსტისთვის ბრძოლას, ბუნებრივია ამოძრავებს შურისძიება, სურვილი რომ დაბრუნდეს ნებისმიერ შემთხვევაში და დასაჯოს მეორე ფლანგი“ანტონ კრივენიუკი, ექსპერტი
„ეს აბსოლუტურად შიდააფხაზური პოლიტიკური ისტორიაა, დაკავშირებული ორი პოლიტიკური ბანაკის დაპირისპირებასთან, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს. ანქვაბს, რომელიც 64 წლის არის და ერთი წლის შემდეგ, აფხაზური კანონის მიხედვით, უკვე ვეღარ შეძლებს „პრეზიდენტის“ პოსტისთვის ბრძოლას, ბუნებრივია ამოძრავებს შურისძიება, სურვილი რომ დაბრუნდეს ნებისმიერ შემთხვევაში და დასაჯოს მეორე ფლანგი.“
ალექსანდრე ანქვაბი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი პოლიტიკოსია, რომელსაც "რკინის ალიკას" მეტსახელი აქვს. მან 2005, 2007, 2010 და 2012 წლებში, საერთო ჯამში, ექვსი ტერორისტული თავდასხმა გადაიტანა და გადარჩა.
ყველაზე ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმა ანქვაბზე, მართვადი ნაღმების, ტყვიამფქვევებისა და ნაღმრტყორცნების გამოყენებით, 2012 წლის 22 თებერვალს გუდაუთის რაიონში მოხდა. მაშინ მისი ორი პირადი მცველი დაიღუპა.
ამ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულთა გახმაურებული „სასამართლო პროცესი“ სოხუმში უკვე მეხუთე წელია მიდის. ადგილობრივი „პროკურატურა“ ძმები ალხას და ასტამურ ხუტაბებისთვის, ასევე რამზი ხაშიგისთვის - უვადო პატიმრობას, ედგარ და ედლარ ჭითანავებისთვის და ანზორ ბუთბასთვის - 20 წლით, რუსლან გიცბასთვის - 16 წლით, თამაზ ბარციცისთვის - 11 წლით და მურთაზ სეკანიასთვის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
ამ დრომდე გაურკვეველია ტერაქტის დამკვეთის ვინაობა, თუმცა, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ყველა ძაფი ისევ არძინბას კლანისკენ მიდის.
რამდენიმე ცნობა 12 მარტის „სახალხო კრების არჩევნებზე“ ოკუპირებულ აფხაზეთში
- სულ ანკლავში რეგისტრირებული იყო 131 523 ამომრჩეველი იყო. ეს მაჩვენებელი 2011 წლის „საპრეზიდენტო“ (149 000) და 2012 წლის „საპარლამენტო“ (149 622) არჩევნებზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვინაიდან „"ხმის უფლება“ გალის ქართველებს, 18 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს
- გალში, სადაც 30 000-მდე ადამიანი, ძირითადად ქართველები ცხოვრობენ, სულ ერთი ერთმანდატიანი უბანი მოქმედებდა და რვა კანდიდატიდან ყველა აფხაზი იყო.
- ბეჟან უბირიამ, რომელიც წინა მოწვევის „სახალხო კრებაში“ ერთადერთი ქართველი იყო, ჯერ წამოაყენა, შემდეგ კი გაურკვეველი მიზეზით კანდიდატურა მოხსნა.
- 12 მარტს ხმის უფლება მხოლოდ 633 გალელს ჰქონდა. მეორე ტურში, გალის "პროკურორი" პერტაია და ბიზნესმენი ადლეიბა გავიდნენ.
- „არჩევნებზე“ მხოლოდ 64 692 ადამიანი მივიდა, ამომრჩეველთა პასიურობის გამო „არჩევნები“ ჩაიშალა სოხუმსა და გაგრაში, პირველ ტურში 12 დეპუტატი აირჩიეს.
- „სახალხო კრების“ 35 ადგილისთვის 128 ეთნიკური აფხაზი, 8 ეთნიკური სომეხი და ერთი ეთნიკური რუსი იბრძოდა. პირველი ტურის შედეგებით, ახალ „პარლამენტში“ უმრავლესობა ისევ აფხაზები იქნებიან, პლუს: 2 ან 3 სომეხი შევა (ერთი მეორე ტურში იბრძოლებს)
- წინა მოწვევის აფხაზთა „სახალხო კრებიდან“ „დეპუტატი“ ნოდიკ კვიცინია რუსი ბიზნესმენის „პეტროლიუმ-აფხაზეთის“ მეპატრონის კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ხოლო, „დეპუტატ“ თენგიზ აგრბას დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს.
- ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩვენები“ უკანონოდ ცნეს აშშ-მ, აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და NATO-მ, "ლეგიტიმურად" სცნო რუსეთმა.