რუსეთი მოკლული ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების დაბრუნებას არ აპირებს

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს

რუსეთი არ აპირებს ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ქართულ მხარეს გადასცეს. ეს დღეს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 86-ე შეხვედრაზე, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა დაადასტურა. „ჩვენ ყველაფერი, რაც საჭირო იყო უკვე გადმოგეცით“ - აღნიშნა მურად ჯიოევმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, ოსურ-რუსული "ვერსია" რომ არჩილ ტატუნაშვილი „გულის შეტევით“ დაიღუპა.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და აღარ დაუბრუნებიათ.

ოსი სეპარატისტები ერგნეთის IPRM-ის შეხვედრაზე

ტატუნაშვილის გვამიდან ორგანოების ამოღება იმ მიზნით მოხდა, რომ ცხედრის გადმოცემის შემდეგ, თბილისში, განმეორებით ექსპერტიზაზე სიკვდილის რეალური მიზეზის დადგენა შეუძლებელი გამხდარიყო. გულის, ტვინის და ღვიძლის გარეშე რუსულ-ოსური „ექსპერტიზის" "დასკვნის" უარყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამას თბილისში მოღვაწე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ამბობენ.

მურად ჯიოევმა დღეს ერგნეთში რამდენჯერმე შეგნებულად გაუსვა ხაზი, იმ გარემოებას, რომ ტატუნაშვილის სიკვდილის ფაქტზე დღემდე არსებობს მხოლოდ „ერთი ექსპერტიზის დასკვნა“ და „ქართულ მხარეს ახალი არაფერი აქვს“.

IPRM-ის შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა ქემოკლიძემ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გარდა, დავით ბაშარულის მკვლელობის გამოძიებაც მოითხოვა და ყურადღება ამ მკვლელობების ხელწერაზე გაამახვილა:

ტატუნაშვილის მკვლელობის გამჭვირვალე გამოძიებისთვის აუცილებელია, ყველა ნივთმტკიცება და მასალა, მათ შორის შინაგანი ორგანოები გადმოგვეცეს. ასევე მოვითხოვეთ, ოთხი წინ მოკლული ბაშარულის საქმის ძიება"
კახა ქემოკლიძე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

„ჩვენ პირდაპირ დავაფიქსირეთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში მოკლეს. ამ მკვლელობის გამჭვირვალე გამოძიებისთვის აუცილებელია, ყველა ნივთმტკიცება და მასალა, მათ შორის, შინაგანი ორგანოები გადმოგვეცეს. ასევე მოვითხოვეთ, ოთხი წინ მოკლული დავით ბაშარულის საქმის გამოძიება. იქედან გამომდინარე, რომ თავის დროზე არ მოხდა ბაშარულის საქმის სიღრმისეული ძიება, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტატუნაშვილის მკვლელობის კიდევ უფრო რთული და კომპლექსური საქმე მივიღეთ.“

19 წლის დავით ბაშარული ოკუპირებულ ახალგორში მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც 2014 წლის 3 ივნისს "ოსურმა მილიციამ" იგი დაკითხვაზე წაიყვანა. ქართველი ახალგაზრდის კვალის პოვნას ოჯახის წევრები და თანასოფლელები 6 თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, ოკუპანტები ოჯახს ცინიკურად არწმუნებდნენ, რომ თითქოს იგი საქართველოს კონტროლირებად ტეროტორიაზე იყო მიმალული.

საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ბაშარულის გვამი მხოლოდ 2015 წლის თებერვალში გამოაჩინა, ძლიერ დაზიანებული ცხედარი სოფელ დოლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდეს და განაცხადეს, რომ თითქოს ბაშარულმა თავი მოიკლა.

ოკუპირებულ ახალგორში 2014 წელს მოკლული დავით ბაშარული

ბაშარულის გვამის შინაგანი ორგანოები და ბიო ნიმუშები ოკუპანტებმა მაშინაც რუსეთში, როსტოვის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში გააგზავნეს. რუსულმა მხარემ ოსური ვერსია „თვითმკვლელობის შესახებ“ მაშინვე დაადასტურა.

ამდენი მანიპულაციის შემდეგ, მას მერე რაც, ბაშარულების ოჯახმა ცხედრის გადმოსვენება ცენტრალური ხელისფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლო, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მხოლოდ იმის დადგენა შეძლო რომ გვამი მიწიდან იყო ამოღებული და დიდი ალბათობით, ხეზე თვითმკვლელობის ვერსიის განსავითარებლად ჩამოკიდეს.

ის, როგორც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებს ექცევა არის სისასტიკე - ასე გამოეხმაურა დღეს თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების სადისტურ მკვლელობებს. ბრაიზა საქართველოში ჯეიმსთაუნის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად იმყოფება:

„ეს არის სისასტიკე რუსეთის მხრიდან, ჰუმანიტარული ნორმების უხეში დარღვევა. ამ თემაზე უნდა ილაპარაკოთ გაეროსთან და ევროპელ მოკავშირეებთან თუ როგორ აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის კონფლიქტი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გარეშე, რომლის დროსაც ხალხი მაინც იღუპება, თან სასტიკი მეთოდებით.“
მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე

„ეს არის სისასტიკე. ჰუმანიტარული ნორმების უხეში დარღვევა. ეს საკითხი მთავარი ყურადღების საგანი უნდა გახდეს ჟენევის დისკუსიებზეც და მის მიღმაც. უნდა ილაპარაკოთ გაეროსთან და ევროპელ მოკავშირეებთან თუ როგორ აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს. ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არის კონფლიქტი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გარეშე, რომლის დროსაც ხალხი მაინც იღუპება, თან სასტიკი მეთოდებით.“

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს დაადასტურა, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულებისთვის აუცილებელია რუსეთმა გვამიდან ამოღებული შინაგანი ორგანოების დააბრუნოს.

პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს სარჩელზე რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს სახელით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ შეიტანს.

სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკვე აქვს შეტანილი სარჩელი დავით ოთხოზორიას ოჯახს. იგი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2016 წლის 19 მაისს ასევე სადისტურად მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა და მკვლელის ვინაობა ცვობილია, რაშინ კანჯი ოღლი არც კი დაუკავებიათ.

დავით ოთხოზორიას მკვლელობა 2016 წლის მაისში