რკინიგზელები - ადმინისტრაცია 1:0

გაფიცულებმა მხოლოდ სამგზავრო მატარებლები არ გააჩერეს

„საქართველოს რკინიგზამ“ გაფიცულ რკინიგზელებს „დესტრუქციული ძალების“ მიერ მართული უწოდა, თუმცა ღამით ყველა ძირითადი მოთხოვნა დაუკმაყოფილა
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“, რომლის აქციების 100 პროცენტს, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, გვიან ღამით, იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა, გუშინ გაფიცული რკინიგზელების სამი ძირითადი მოთხოვნა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვაში დაახლოებით, 8 000-მა რკინიგზის თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. რკინიგზელებმა შეგნებულად არ გააჩერეს სამგზავრო მატარებლები, თუმცა მასობრივმა გაფიცვამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა სატვირთო გადაზიდვებს.

ნიშანდობლივია, რომ რკინიგზის ახალმა ადმინისტრაციამ გაფიცულების წინააღმდეგ, ძველი - „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მეთოდებით სცადა გამკლავება.

თავად გაფიცულთა ინფორმაციით, ჯერ კიდევ გაფიცვამდე პროფკავშირებზე და უშუალოდ, რკინიგზელებზე ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა - მუქარისა და დაშინების ჩათვლით; გაფიცვის დაწყების შემდეგ კი ადმინისტრაცია მთელი დღის მანძილზე მალავდა გაფიცულთა რაოდენობას და მათ „გარკვეული დესტრუქციული ძალების“ მიერ მართულად მოიხსენიებდა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავჯდომარე ვიტალი გიორგაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციის მოქმედებას ასე ხსნის:

„ეს აიხსნება იმით, რომ ეს არ იყო "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციის ერთიანი პოზიცია. იქ არის გარკვეული წრე ადამიანების, რომლებიც თავისი ვიწრო ინტერესებისთვის ყველა ბინძურ ხერხს იყენებს; იქ არის, ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული და მართული მეორე პროფკავშირი, თუმცა თუ ჰქვია მაგას პროფკავშირი ეგეც საკითხავია..

ადმინისტრაციამ იმ ორგანიზაციის გასაძლიერებლად და ჩვენი ორგანიზაციის დისკრიმინაციის მიზნით, მიგვაწება „რაღაც დესტრუქციულ ძალებს“...მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ ეს ადამიანები ვერ წყვეტენ კომპანიის ბედს. აქ სახელმწიფოც არის, მთავრობაც..და ყველა ხედავს, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ.

გუშინ, მხოლოდ სახალხო მატარებლები არ გავაჩერეთ, რომ ხალხი არ დაზარალებულიყო. დანარჩენი - მთელი რიგი სადგურები, სატვირთო მატარებლები გაჩერებული იყო. ადმინისტრაცია შეეცადა გაფიცული პერსონალი, ინსტრუქტორებით ჩაენაცვლებინა.

რამოდენიმე ადგილზე სამსახურის უფროსები დაჯდნენ ელმავალზე. ტვირთების რაღაც ნაწილი სწორედ ასე გადაიზიდა. მთლიანობაში, დაახლოებით 7000-დან 8000-მდე მაინც იყო, რომელმაც გაფიცვით დააფიქსირა თავისი პროტესტი. სულ რკინიგზაში 13 000 ადამიანი მუშაობს“


გამაფრთხილებელი 2 საათიანი გაფიცვა საქართველოს რკინიგზაზე, ზუსტად ერთი წლის წინ, ხელისუფლების შეცვლიდან ცოტა ხანში, ოქტომბრის ბოლოს გაიმართა. მაშინ თანამდებობა ირაკლი ეზუგბაიამ დატოვა, რომელიც რკინიგზას 2005 წლიდან მართავდა. 2013 წლის მაისიდან, ეზუგბაიაზე სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული.

ივნისში, რკინიგზელებმა ადმინისტრაციის მიერ მართული პროფკავშირების პარალელურად, ახალი პროფკავშირების ჩამოყალიბებას მიაღწიეს, რომელშიც 4000-ზე მეტი რკინიგზელი გაწევრიანდა.

სექტემბრიდან მოყოლებული, ახალმა პროფკავშირებმა არაერთხელ მიმართა რკინიგზის ადმინისტრაციას განეახლებინა მოლაპარაკება სადაო საკითხებზე. ძირითადი მოთხოვნა - შრომისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება იყო. მათ შორის: ზეგანაკვეთურის ანაზღაურება, სახელფასო დანამატი შრომისა და სტაჟის მიხედვით და მე-13 ხელფასი.

ოქტომბერში, მოლაპარაკებებში ჩაერთო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც. შედგა შეხვედრა მინისტრ სერგეენკოს მოადგილე კახა საკანდელიძესა და რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის. საუბარი იყო მედიატორის დანიშვნაზეც.

თუმცა, შრომის კოდექსით გათვალისწინებული 21 დღიანი ვადა, შემდეგ კი რკინიგზელების "ნაჩუქარი" 9 დღე ისე ამოიწურა, "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ კომპრომისზე წასვლა და გაფიცვის თავიდან აცილება ვერ მოახერხა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავჯდომარე ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ გუშინ მიღწეული კომპრომისი მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე აზრით, არაკვალიფიციურობის გამო, რკინიგზის ადმინისტრაციიდან დასათხოვია, როგორც ძველი, ისე ახალი კადრების ნაწილი, რომლებიც კომპანიაში 2012 წლის ნოემბრის ბოლოს მივიდნენ.

„გაფიცვის გამო, გადაზიდვების კუთხით, მნიშვნელოვანი ზარალი არ უნახავს კომპანიას, მაგრამ რკინიგზის ადმინისტრაციამ დაინახა რომ სოციალური მოთხოვნა არის უმწვავესი და ადამიანებს უნდა დაელაპარაკონ! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი!

დაფიქსირდა პრეცედენტი სოციალური დიალოგისა. ჩვენ ამას ვთვლით ყველაზე დიდ მიღწევად, ვიდრე იმ შედეგებს, რომლებსაც კონკრეტულ მოთხოვნებზე მივაღწიეთ.

პრობლემები, რა თქმა უნდა კიდევ რჩება. ძველი მენეჯმენტი, ძველი კადრები, რომელიც წლების მანძილზე ასეთ მდგომარეობაში ამყოფებდა რკინიგზელებს, ისინი ისევ რჩებიან თანამდებობებზე და არიან აუცილებლად სახლში გასაშვები.

იგივე შეიძლება ითქვას, ნამდვილად ახალი მენეჯმენტის გარკვეულ კატეგორიაზე..ასე, რომ სერიოზული ცვლილებები არის რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში ჩასატარებელი.“


სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე კოკა გუნცაძე გახდა. კომპანიაში კიდევ რამდენიმე მსგავსი „პოლიტიკური ხასიათის“ დანიშვნა განხორციელდა.

საინტერესოა, რომ გასულ კვირას, ავტორიტეტულმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა „საქართველოს რკინიგზას“ შეუნარჩუნა არსებული რეიტინგი (BB-), თუმცა კომპანიის სამომავლო პროგზონი - ნეგატიურად შეაფასა.

Fitch-მა ამ გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად - შემცირებული გადაზიდვები, მაღალი ტარიფები და გაზრდილი ხარჯები დაასახელა.

საპასუხოდ, „საქართველოს რკინიგზამ“ განაცხადა, რომ 2013 წლის მეორე კვარტალში, სატვირთი გადაზიდვების კლება დერეფანში ყაზახური ნავთობის ექსპორტის შემცირებამ და ბაქოში ბოქსიტის ქარხნის დახურვამ გამოიწვია.