ტყვეობის ასი დღე

ხუთშაბათს, ქართველი მეზღვაურების დატყვევებიდან უკვე ასი დღე შესრულდება. სომალის სანაპიროსთან, საქართველოს თხუთმეტი მოქალაქე ბედის ანაბარად ჰყავს მიტოვებული, როგორც ქართულ სახელმწიფოს, ისე გემთფლობელს - ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურეს“.

გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაახმოვანა, რომ არ აპირებს მეკობრეებთან მოლაპარაკებას და მთელი პასუხისმგებლობა ბერძნული კომპანიას დააკისრა.

ეს იმ დროს, როცა „ფრიონ ვენტურე“ თვეზე მეტია მოლაპარაკებიდან გასულია და მეკობრეების მიერ მოთხოვნილი მილიონი დოლარის გადახდას უარობს.

ბათუმში მდებარე საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორმა სერგო დევაძემ, რომელის შვილიც ასევე დატყვევებულია, დღეს „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მხოლოდ ღმერთის იმედი აქვს

„ბოლო ინფორმაცია, ამ დილით დამირეკა შვილმა და გვიშველეთ რაღაცაო..საჭმელს არ გვაძლევენ, სასმელი არა გვაქვს, ბერძნების ადვოკატი არ გამოდის მოლაპარაკებაზე და ეს მეკობრეები გაშმაგებული არიანო.

ამჟამად თხუთმეტი მეკობრეა გემზე. ყველა კბილებამდე შეიარაღებულია, ავტომატებით, ხელყუმბარებით, დაშინების მიზნით ისვრიან და გვაწვალებენო.

ყურეში, სადაც დგანან უკვე ძლიერი ღელვა დაიწყო. გემმაც, რომელიც როგორც იცით ჯართში ჩასაბარებლად მიჰყავდა შეიძლება ვერ გაუძლოს და ჩაიძიროსო. აი ეს მითხრა დღეს ბავშვმა.

ნერვული სისტემა ხალხს დარღვეული აქვს, ღმერთმა ქნას, რომ ჩამოვლენ არ ვიცი რა დღეში იქნება ეს ხალხი. თბილისიდან არაფერი ისმის, სადაც არ დავრეკე უკვე აღარც მელაპარაკებიან, ვითომ ამბობენ, რომ მოლაპარაკება მიდისო, მაგრამ ვერ ვხედავ რომ სახელმწიფო მოლაპარაკებას აწარმოებს, მხოლოდ ღმერთის იმედზე ვართ.“

ეგვიპტიდან ინდოეთისკენ მიმავალი ტანკერი „ოლიბ ჯი“, თხუთმეტი ქართველითა და სამი თურქი მეზღვაურით მეკობრეებმა ადენის სრუტეში, 8 სექტემბერს დაატყვევეს.

სომალელებმა თავიდან 15 მილიონი მოითხოვეს, თუმცა სამთვიანი ვაჭრობის შემდეგ, მილიონ დოლარამდე ჩამოვიდნენ. გემთფლობელმა ბერძნულმა კომპანიამ მათ მხოლოდ 150 ათასი დოლარი შესთავაზა და მოლაპარაკება შეწყვიტა.

სახალხო დამცველი სომალის სანაპიროსთან მიმდინარე დრამას „ურთულეს შემთხვევას“ უწოდებს. გიორგი ტუღუში კერძოდ ამბობს

„მეკობრეები არ წარმოადენენ არცერთ სახელმწიფოს, ისინი უბრალოდ მეკობრეები არიან, რომლებიც ითხოვენ გამოსასყიდ თანხას. არის გარკვეული მცდელობები, რომ რაღაცნაირად მოხერხდეს მეზღვაურების გათავისუფლება.

რამდენადაც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტროა ამ პროცესში ჩართული, თუმცა გეტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი შემთხვევა, რაც შეიძლება იყოს.

როდესაც კონკრეტულად ურთიერთობა გიწევს მეკობრეებთან, რომლებიც მხოლოდ დაინტერესებულნი არიან იმით, რომ გამოგძალონ კონკრეტული ფულადი თანხა. ფაქტიურად, ბანდიტებთან გიწევს ურთიერთობა.“

ერთადერთი ორგანიაზაცია, რომელიც მეზღვაურების დახმარებას რეალურად ცდილობს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. პროფკავშირებმა გამოსასყიდის შეგროვების მიზნით უკვე აამოქმედა სატელეფონო ნომერი, გახსნა საბანკო ანგარიში და გამართა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში.

ანალოგიური ღონისძიება არის დაგეგმილი ბათუმშიც, თუმცა, რა დრო დასჭირდება პროფკავშირებს თანხის შესაგროვებლად და ასეთ არადამიანურ პირობებში, რამდენ ხანს გაძლებენ ქართველი მეზღვაურები უცნობია. ანატოლი ჩიჯავაძე, მეზღვაურთა პროფკავშირების თავჯდომარე ამბობს

„ეს თანხები იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ გამოვისყიდოთ ჩვენი მეზღვაურები. ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, საბოლოო თანხა, რასაც ითხოვენ მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რაღაცა წვლილს მაინც შევიტანთ ამ საქმეში.

თვითონ, გემთფლობელი დღეისათვის მზად არის გამოყოს, სადღაც 150 ათასი დოლარი, მეტი არ აქვს საშუალება როგორც თავად ამბობს. მაგის გარდა - 100 ათასი იქნება სადაზღვევო კომპანიებისგან, სადაც გემი და მეზღვაურები არიან დაზღვეულნი. რაც შეეხება ქართული სახელმწიფოსგან თანხის გამოყოფის შესახებ ამაზე მე ვერაფერს გეტყვით.“

თვეზე მეტია დატყვევებულების ოჯახის წევრები გამოსასყიდის შეგროვებაში დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ. ბათუმში, აჭარის ავტონომიის მთავრობის სახლის წინ პერმანენტული აქციები იმართება.

სახელმწიფოს მიერ მეკობრეებისთვის გამოსასყიდის გადახდის პრაქტიკა მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც ხდება.

შარშან, 24 უკრაინელი მეზღვაურის გათავისუფლების დროს, თითქმის ორი მილიონი დოლარი, მაშინ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დღეს კი ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ გადაიხადა. დატყვევებული ასლან დემურაძის დედა ამბობს

„ ვუყურებთ, რომ თბილისში, ბათუმში კონცერტები ტარდება. ჩამოჰყავთ მომღერლები, მუსიკოსები...ერთი კაცისთვის მილიონებს იხდიან, რომ საიდანღაც ჩამოყვანონ და არ შეიძლება ჩვენი შვილები რომ გაანთავისუფლონ?!

ამდენი ხანი გავიდა, მართლა სამი თვის განმავლობაში ვერ გაიღვიძა ჩვემა სააკაშვილმა, რომ ეს საქმე გაგვიკეთოს. ჩვენმა პრეზიდენტმა...“

გაცილებით წარმატებულად მიდის ტუნისური ტანკერის „ჰანიბალ ორის“ განთავისუფლების პროცესი, რომლის ოცდათერთმეტკაციან ეკიპაჟში ბათუმელი მეზღვაური ოლეგ ნოდიაც იმყოფება.

„ჰანიბალი“ მეკობრეებმა 11 ნოემბერს დაატყვევეს. ტუნისური გაზეთის „ასაბაჰის“ ცნობით, ყველა მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და გემთფლობელი, ტუნისელი მილიარდერი ფარიდ აბასი მზადაა მეკობრეებს მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს.