„მცირე მთავრობა“: ქართული ოცნების "ქამრების შემოჭერის" „მეორე ტალღა“

საქართველოს მთავრობა ამ შემადგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა 26.06.2018

საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 13-დან 10-მდე მცირდება, მთავრობაში ახალი სტრუქტურული ცვლილებები ახალმა პრემიერ-მინისტრმა დღეს წარმოადგინა. მამუკა ბახტაძის და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება.

ამ სამინისტროს ფუნციები - დევნილთა განსახლების საკითხები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის საკითხები – შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური პოლიტიკის საკითხები კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო - განათლების სამინისტროსთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროსთან ერთიანდება. სივრცითი განვითარების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადადის.

2014 წელს შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ერთადერთი უპორტფელო სახელმწიფო მინისტრის დაქვემდებარებაში ექცევა.

ახალი პრემიერი ახალი კაბინეტის წევრებს ოთხშაბათს დაასახელებს

პრემიერ-მინისტრმა დღეს არ გაამჟღავნა, თუ ვინ იქნება განახლებულ მთავრობაში, თუმცა ცნობილი ხდება, რომ სოზარ სუბარი და მიხეილ გიორგაძე პოსტებს ტოვებენ. მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სამთავრობო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში მცირდება, რითაც 100-120 მილიონ ლარამდე დაიზოგება:

მთავრობის სტრუქტრული ოპტიმიზაციის კვლადაკვალ სამთავრო ხარჯები მშპ-თან მიმართებით ეტაპობრივად 3.9%-ზე ჩამოვა"
მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრი

„მთავრობის სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვლადაკვალ, სამთავრო ხარჯები შემცირდება და მშპ-თან მიმართებით ეტაპობრივად 3.9%-ზე ჩამოვა. ჩვენთვის, სწორედ ეს ნიშნული იქნება მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითაც მომავალში უნდა ვიხელძღვანელოთ. ეს არის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა, 3.9% არის სწორედ ის ზღვარი, რომლითაც წარმატებული ეკონომიკები იმართებიან, ეს ორიენტირი ჩვენთვის სწორედ აქედან გამომდინარე ავიღეთ“

ბოლო რვა თვის მანძილზე, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ქამრების შემოჭერას უკვე მეორედ ცდილობს. წინა სტრუქტურული ცვლილებები 2017 წლის ნოემბერში, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განახორციელა და სამინისტროების რაოდენობა 16-დან 13-მდე შეამცირა.

მაშინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები გაუქმდა.ბუნებრივი რესურსების ნაწილი - ეკონომიკის, ხოლო გარემოს დაცვის ნაწილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შეერწყა; ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა.

სპორტის კომპონენტი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ხოლო ახალგაზრდობის კომპონენტი - განათლების სამინისტროს გადაეცა. გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, უპორტფელო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აპარატი კი საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოეყო და გაუქმებულ კრიზისების მართვის საბჭოსთან შერწყმით ახალი სამსახური - საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შეიქმნა.

კვირიკაშვილმა სტრუქტურული რეორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციაშიც სცადა, 9 მაისს შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა, თუმცა 13 ივნისს, ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების შემდეგ, მოულოდნელად თანამდებობის დატოვება მოუხდა.

შესაბამისად, მთავრობის შემცირებისა და ქამრების შემოჭერის „პირველი ტალღა“ მთლიანდ ჩავარდა, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კვირიკაშვილის დროინდელი ოპტიმიზაციის დროს, საჯარო სამსახურიდან 101 თანამშრომელი დაითხოვეს, თუმცა შემდგომ მათი ნაწილი (ზუსტი რაოდენობა უცნობია) სხვა სამთავრობო სტრუქტურებში მაინც დასაქმდა, ამ დრომდე უცნობია, „პირველი“ რეორგანიზების დროს რა თანხები დაიზოგა.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ სამინისტროების მექანიკური შემცირებით "მცირე მთავრობის" ლიბერალური იდეა არ მიიღწევა:

სამთავრობო ხარჯების 10%-ით შემცირება მირჩევნია სამინისტროების განახევრებას თუ ხარჯები იგივე დარჩება.
ვახტანგ მეგრელიშვილი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი"

„მცირე მთავრობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთავრობა ნაკლებს ხარჯავს. ნაკლები ფულის დახარჯვა ნიშნავს იმის გააზრებას, თუ რომელი ფუნქციები აქვს სახელმწიფოს თავის თავზე აღებული, რომელსაც კერძო სექტორი უკეთესად შეასრულებს. თუ ჩვენ ამას კარგად გავიაზრებთ და სახელმწიფოს ამ ტვირთს ჩამოვაცილებთ, მაშინ მთავრობაც დაპატარავდებოდა, ხარჯები და გადასახადები შეგვიმცირდებოდა. ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა.

წინა ჯერზე, როდესაც პრემიერმა კვირიკაშვილმა ეს რეფორმა წამოიწყო, ამ ნაწილში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ სამინისტროების რაოდენობა გახდა ნაკლები, ბიუროკრატია კი თითქმის იგივე რაოდენობით დარჩა.

შემცირების ეს ტენდენციაც იდეაში კარგია, მაგრამ ეს არის უმნიშვნელო იმასთან შედარებით, ვთქვათ, რომ დაგვეტოვებინა 19 სამინისტრო, მაგრამ ხარჯები 10%-ით შეგვემცირებინა. ანუ სამთავრობო ხარჯების 10%-ით შემცირება მირჩევნია სამინისტროების განახევრებას, თუ ხარჯები იგივე დარჩება.“

ეკონომისტების ნაწილი მმართველი პარტიის რიგით „მეორე ტალღას“ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის მიზნით სკეპტიკურად უყურებს, იქედან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდის წევრები მუდმივად ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ "საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი შემცირებები მოსალოდნელი არ არის". შესაბამისად, ვის ხარჯზე მოხდება სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაცია, ბოლომდე ნათელი არ არის.

სკეპტიკოსთა აზრით, გაცილებით გონივრული იქნებოდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვანი შემცირება. რამდენად შეძლებს პრემიერ ბახტაძის ახალი კაბინეტი ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, ახლო მომავალში გამოჩნდება.

საქართველოს მთავრობის და სამინისტროების ისტორია (1918-2918)

საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921) სულ 7 სამინისტრო იყო, მთავრობის თავმჯდომარე პარალელურად შსს მინისტრის თანამდებობასაც ითავსებდა.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის იმპერიის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი 12 წევრისგან შედგებოდა.

1995 წლის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, მთავრობა უკვე 16 სამინისტროსგან შეიკრა.

2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 13 სამინისტრო დარჩა და ოთხი უპორტფელო მინისტრი დაემატა. სააკაშვილის მმართველობის ბოლოს წელს კი სამინისტროების რაოდენობამ 16-ს მიაღწია (უპორტფელო მინისტრების რაოდენობა იგივე დარჩა).

2012 წელს, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა სამინისტროების და უპორტფელოების იგივე რაოდენობა შეინარჩუნა, რომელიც პრემიერ კვირიკაშვილის დროს 2017 წელს 13-მდე, პრემიერ ბახტაძის დანიშვნისთანავე კი 10-მდე შემცირდა.