ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამთავრობო რეფორმა გარემოს წინააღმდეგ


"ქართულმა ოცნებამ" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გააუქმა
"ქართულმა ოცნებამ" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გააუქმა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ინიციატივით გამოვიდა, რომლის შემდეგაც საქართველოში დღეს მოქმედი 16 სამინისტროდან 13 დარჩება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები უქმდება, შესაბამისად, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მთავრობის მიღმა დარჩნენ.

გარემოს დაცვის უკვე ყოფილ მინისტრს სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია
გარემოს დაცვის უკვე ყოფილ მინისტრს სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია

თანამდებობას ასევე ტოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ჯეჯელავას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი ცვლის. შსს-ში გიორგი მღებრიშვილის ადგილს ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავეს. ფინანსთა მინისტრად კი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ინიშნება.

გარემოს დამცველები მძაფრი კრიტიკით შეხვდნენ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებას, რომლის ბუნებრივი რესურსების ნაწილი - ეკონომიკის, ხოლო გარემოს დაცვის ნაწილი - სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შეერწყმება.

ხათუნა გოგალაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი გარემოს დაცვის მინისტრი (და ერთადერთი, რომელსაც შესაბამისი განათლება ჰქონდა) წერს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა:

ამ ყველაფრით მხოლოდ დასუსტდება და განადგურდება ეს სფერო. და განადგურებული გარემო ისევ ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად, განვითარებას უშლის ხელს“
ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი

„ამ ცვლილებას სწორედ, რომ გაუქმება ჰქვია, რადგან გარემოს დაცვის ფუნქციების გადანაწილებით ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებში, წარმოუდგენელია ამ სამინისტროების მიერ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება.

ნუგეშის მომცემი არც ის არის, რომ ახალ სტრუქტურას „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ ერქმევა, რადგან გარემოს დაცვა ვერანაირად ვერ გახდება პოლიტიკის წარმმართველი ამ სამინისტროს ქვეშ, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.

ეს დიდი პრობლემაა, რადგან არ შეიძლება გარემოსდაცვით ნებართვას კონკრეტულ საქმიანობაზე გასცემდეს სტრუქტურა, რომელიც თვითონ არის ამ საქმიანობის ინიციატორი. პრობლემაა, რადგან არ შეიძლება, ტყეების ბედს ეკონომიკური ბლოკის სამინისტრო განაგებდეს, რადგან ჩვენი ტყეების 98% მთიანია და ძირითადად დამცველობითი ფუნქციები აქვთ და არა კომერციული.

პრობლემაა, რადგან დაცული ტერიტორიები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ტურიზმის სფერო. ეს დაცული ტერიტორიების მხოლოდ დამატებითი ღირებულებაა. მთავარი კი ბიომრავალფეროვნების დაცვაა. პრობლემაა, რადგან ამ ყველაფრით მხოლოდ დასუსტდება და განადგურდება ეს სფერო. და განადგურებული გარემო ისევ ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად, განვითარებას უშლის ხელს.“

თბილისი - ეკოლოგიური და ურბანული კატასტროფის ზღვარზე
თბილისი - ეკოლოგიური და ურბანული კატასტროფის ზღვარზე

სტრუქტურული რეფორმის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაუდგება სათავეში.

ბუნებრივი რესურსების მართვასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროც უერთდება. ეკონომიკის, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრად კი ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნება.

გაუქმებული სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტის კომპონენტი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ხოლო ახალგაზრდობის კომპონენტი - განათლების სამინისტროს გადაეცემა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, კულტურის ამჟამინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

ასევე უქმდება მთავრობაში არსებული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, უპორტფელო სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მისი აპარატი კი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. მიხეილ ჯანელიძის ახალ თანამდებობას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი ერქმევა.

რაჭა, ცხრაჯვარი
რაჭა, ცხრაჯვარი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიუროკრატიის შემცირებისკენ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, თუმცა, მისი აზრით, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება ბევრ კითხვას ბადებს:

როცა სამყაროში გარემოსდაცვითი პრობლემატიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ ვითარებაში, ბუნებრივი რესურსების მართვის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა ბევრ კითხვას ბადებს, ინტერესთა კონფლიქტის გამო. გარემოსდაცვითი ინტერესები და ეკომონიკური ინტერესები ერთამანეთთან წინააღმდეგობაშია"
გია ხუხაშვილი, ექსპერტი

„როცა სამყაროში გარემოსდაცვითი პრობლემატიკა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ ვითარებაში, ბუნებრივი რესურსების მართვის ნაწილის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა, ინტერესეთა კონფლიქტის გამო, კითხვებს ბადებს. გარემოსდაცვითი ინტერესი და ეკომონიკური ინტერესები ერთამანეთთან წინააღმდეგობაშია. გამომდინარე იქედან, რომ გარემოს დაცვის კომპონენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა - ეს ურთიერთქმედებაში როგორ იმუშავებს რთული სათქმელია.“

სტრუქტურული რეფორმა ძალოვან უწყებებსაც შეეხებათ: შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოდის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოსთან ერთიანდება. ახალ სამსახურს, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებრება - საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაერქმევა და მას შსს-ს უკვე მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩაუდგება სათავეში.

საგარეო დაზვერვის სამსახურის შეერთებით კი უფრო ძლიერდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), რომელსაც ისევ ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურული რეფორმა 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ოპოზიცია ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებას მიესალმება, თუმცა საბოლოო შეფასებისთვის, 2018 წლის ბიუჯეტს დამტკიცებას ელის, სადაც სამთავრობო რეფორმის შედეგი პრაქტიკულად უნდა აისახოს.

ის, რაც ლარსი ჰესისგან დარჩა
ის, რაც ლარსი ჰესისგან დარჩა

სამ გაუქმებულ სამინისტროში და ერთი, უპორტფელო მინისტრის აპარატში სულ 2888 საჯარო მოხელეა დასაქმებული, რომელთა შენახვა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, 350 მილიონი ლარი ჯდება. აქედან, ყველაზე მეტი 2398 თანამშრომელი, სწორედ გარემოს დაცვისა და ბუნებრი რესურსების გაუქმებულ სამინისტროს ჰყავს.

"ქართული ოცნებას“ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში გარემოსდაცვითი სფერო, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჰქონდა გამოცხადებული: „სახელმწიფოს მიერ ამ დარგისათვის გაღებული ფინანსური რესურსები არის არა დანახარჯი, არამედ ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, აგრეთვე სახელმწიფოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“ - წერია საარჩევნო პროგრამაში, ამ მიზნის მიღწევას კი ბიძინა ივანიშვილის პარტია „გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებისა და და შესაძლებლობების გაძლიერებით“ აპირებდა.

2012 წელს, ბუნებრივი რესურსების მართვა, ენერგეტიკის სამინისტროს ჩამოართვეს და გარემოს დაცვის სამინისტროს გადასცეს, თუმცა, 2012-2014 წლებში, ენერგეტიკისა და სამშენებლო სექტორის ლობთან მოჭიდავე, ხათუნა გოგალაძის წინააღმდეგობრივი მინისტრობის შემდეგ, გარემოს დაცვა „ქართული ოცნების“ დეკლარირებული პრიორიტეტადაც აღარ დარჩა.

ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 2014 წელს, გოგალაძე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრით ელგუჯა ხოკრიშვილით შეცვალეს. 2015 წელს კი ხოკრიშვილის ადგილი, ყოფილმა რესპუბლიკელმა და ყოფილმა პროკურორმა გიგლა აგულაშვილმა დაიკავა.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრები (1991 – 2017)

შოთა ადამია 1991-1995

ნინო ჩხობაძე 1995-2004

თამარ ლებანიძე 2004-2005

დავით ტყეშელაშვილი 2006-2007

დავით ჩანტლაძე 2007-2008

ზაალ გამცემლიძე 2008

ირაკლი ღვალაძე 2008

გიორგი ხაჩიძე 2008-2012

გიორგი ზედგინიძე 2012

ხათუნა გოგალაძე 2012-2014

ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015

გიგლა აგულაშვილი 2015-2017

სტრუქტურული რეფორმის შედეგად, საქართველოს მთავრობაში 13 სამინისტრო და ერთი უპორტფელო მინისტრი (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში) დარჩება:

  1. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  2. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო
  4. თავდაცვის სამინისტრო
  5. საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო
  6. შინაგან საქმეთა სამინისტრო
  7. ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრი
  8. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  9. იუსტიციის სამინისტრო
  10. ფინანსთა სამინისტრო
  11. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
  12. კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო
  13. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG