ზესტაფონი: გაფიცვა შეწყდა, პრობლემები რჩება

გიორგი ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

ფეროში მეპატრონეების „ცვლილებით“ გაფიცვების რაოდენობა არ იკლებს

თორმეტ დღიანი საყოველთაო გაფიცვის შემდეგ, ორშაბათს ისევ ამუშავდა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი გიგანტი -ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, თუმცა რამდენი ხანი გასტანს ეს შეთანხმები ძნელი სათქმელია.

ფეროს 2400 კაციანმა კოლექტივმა გამაფრთხილებელი გაფიცვა ჯერ კიდევ 16 მაისს მოაწყო, 20 მაისს კი ქარხანა სრულად გააჩერა. გაფიცულები ხელფასის 50 პროცენტიან ზრდას; საღამოს ცვლისთვის 20 პროცენტიან დანამატს; სამუშაო, სადაზღვევო და სამედიცინო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

მასობრივი გაფიცვისა და სამი მუშის შიმშილობის მიუხედავად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ფეროს აქტივებს ფლობს, თავიდან, მოლაპარაკებაზე უარს აცხადებდა. ადმინისტრაციამ გაფიცვის ჩახშობის მიზნით, ორი მუშაც კი გაანთავისუფლა.

საბოლოოდ, პროფკავშირების შუამავლობით, მოლაპარაკება მაინც შედგა. 1 ივნისის მონაცემებით, „ჯორჯინ მანგანეზი“ და ფეროს კოლექტივი შეთანხმდა კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე; ასევე თითქმის 9 პროცენტიანი პრემირების თაობაზე და მაისის თვის განაცდურის გადახდაზე.

გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ქარხანამ სამსახურში ორი დათხოვნილი მუშაც აღადგინა და ივნისის განმავლობაში კოლექტივის სხვა მოთხოვნებსაც განიხილავს.

„ერთი თვის ვადაში განხორციელდება მოლაპარაკებები, დასაქმებულთა სხვადასხვა სოციალური გარანტიებისა და შრომითი გაუმჯობესების მიმართულებით. მოგვწონს ესე? ვიღებთ?

მუშები: ვიღებთ, ვიღებთ..“

„ჯორჯიან მანგანეზი“ უმხვილესი ბიზნესს კონგლომერატია, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარდა, ფლობს ჭიათურის მანგანუმის მადნის მომპოვებელ საწარმოს და ასევე ვარციხის ჰიდროელექტრო სადგურს. ეს სამი ობიექტი მანგანუმის მოპოვებისა და სილიკომანგანუმის წარმოების საშუალებას უწყვეტ ციკლში იძლევა.

შვიდი წლის წინ, გაკოტრების რეჟიმში მყოფი, საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის ორი გიგანტის - ჭიათურმანგანუმისა და ზესტაფონის ფეროს, პლუს ვარციხეჰესის 132 000 000 დოლარად გაყიდვა დღემდე უამრავ შეკითხვას ბადებს.

2006 წელს ეს სამი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო აქტივი ეკონომიკის სამინისტრომ კვიპროსის ოფშორში რეგისტრირებულ „ჯორჯიან მანგანეზს“ გადაულოცა, რომელიც საბოლოოდ უკრაინული კონგლომერატის „პრივატ ჯგუფის“ (Privat Group) შვილობილი აღმოჩნდა. ეს მაშინ, როცა ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებდა რომ თითქოს მყიდველი ბრიტანული გიგანტი „სტემკორი“ (Stemcor) იყო.

2007 წელს საქართველოს სახელმწიფოსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება „კომერციული საიდუმლოს“ მოტივით დღემდე გასაიდუმლოებულია. შესაბამისად გაურკვეველია, რა ვალდებულებები ჰქონდა ინვესტორს და რეალურად რა შესრულდა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ზესტაფონში, ისე ჭიათურაში საყოველთაო გაფიცვა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მუშების აზრით, შრომის უმძიმეს პირობებთან ერთად, ზედა და ქვედა რგოლების ანაზღაურებაში ასტრონომიული სხვაობაა.

კითხვებს ბადებს თავად „ჯორჯიან მანგანეზის“ და ვარციხეჰესის ხელახალი გასხვისება 2013 წლის მარტში. ამ ორი კომპანიის აქციების ასივე პროცენტი უკვე ლუქსემბურში რეგისტრირებულ „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ (Georgian American Alloys), ხელში გადავიდა რომლის შტაბ-ბინაც აშშ-ში, მაიამიში მდებარეობს.

ამასთან, პოზიციები შეინარჩუნა ძველმა დირექტორმა, უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინისკიმ. ის უკვე ორივე კომპანიის მენეჯმენტშია წარმოდგენილი. ისევე, როგორც უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე ანდრეი კუპკოვი. მას ზესტაფონის ფეროს გარდა, მაღალი თანამდებობა უჭირავს, როგორც „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზში“, ისე ნიკოპოლის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც ასევე უკრაინულ „პრივატ ჯგუფს“ ეკუთნის.

უკრაინული ინტერნეტ გაზეთ „Дело“-ს მონაცემებით, „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი“, და მასში შემავალი „ფელმან თრეიდინგი“ (Felman Traiding) და „ფელმან ფროდაქშენი“ (Felman Production) სინამდვილეში, „პრივატ ჯგუფისა“ და „პრივატ ბანკის“ მეპატრონეებთან, უკრაინელ მილიარდელებთან იგორ კოლომოისკისთან და გენადი ბოგოლუბოვითან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიებია

ცალკე თემაა უმძიმესი გარემოს დაცვითი პრობლემები. მხოლოდ ზესტაფონის ფეროზე ქვეყნის მთლიანი სამრეწველო გაფრქვევის 32 პროცენტზე მეტი მოდის; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მანგანუმის ორჟანგის ე.წ „ზალპური გაფრქვევებით“ ხდება. ამასთან, ფერო დღემდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობს, რაც ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ფეროს მდნობელი კობა ჯანიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად გაფიცვის შეწყვეტისა, უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია

„ეს არის დიდი სიმძლავრის, 22 მეგავატიანი ღუმელები. ერთი ადამიანისთვის არის ძნელი სამართავი. მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში..არ არის გაგრილება, არ არის ვენტილაცია ..არაფერი არ არის. ჯერ როგორია სიცხეში გარეთ დგომა და მერე ქარხანაში რო შეხვალ ვაკუუმია შიგნით თითქმის რა...ძაან მძიმე მდგომარეობაში ვართ და მოგვაქციონ ყურადღება.“

ზესტაფონში ფეროს აშენება ცნობილი ქართველი მათემატიკოსისა და მეტალურგის გიორგი ნიკოლაძის მხარდაჭერით, 1925 წელს გადაწყდა. ექვსი წლის შემდეგ დაიწყო ქარხნის მშენებლობა.

პირველი დნობა 1933 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა. ახალი საამქროების აგება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. 80-იან წლებში კი უკვე ქარხნის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია დაიწყო.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ენერგოკრიზისისა და ძველი, საბჭოთა-ეკონომიკური კავშირების დარღვევის გამო, ფერო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

შემდეგ იყო ველური „პრიხვატიზაციის“ წლები, როცა ფეროს აქციები საეჭვო წარმომავლობის, ძირითადად, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. მათ შორის იყვნენ: „რეკონსტრუქციისა და განვითარების რუსულ-ქართული ბანკი“, „ნორს ატლანტიკ რესორსი“, „ფორტუელი“, „ვეიდბრიჯი“, „რონლი“, „სევრომექსი“ და „დეკომეტალი“
.
საბოლოოდ, 2006 წელს, ფერო, ჭიათურმანგანუმთან და ვარციხეჰესთან ერთად, საეჭვო აუქციონის შედეგად, ოფშორში რეგისტრირებული „ჯორჯიან მანგანეზის“, იგივე „პრივატ ჯგუფის“ საკუთრება გახდა.

ფეროშენადნობები საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა, 2013 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ქვეყნიდან თითქმის 68 მილიონის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. 2012 წელს ფეროშენადნობების წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტი იყო.