პანდემიის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოში საველე ჰოსპიტლები გაიხსნას

საქართველოში კოვიდ-სიტუაცია უარესდება და სამედიცინო სისტემაზე ზეწოლა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას შესაძლოა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება დასჭირდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნებისმიერ ინფიცირებულ ადამიანს სამედიცინო დახმარება მიეწოდოს. ამაში, სავარაუდოდ, შეიძლება საველე ჰოსპიტლების გახსნაც შევიდეს.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ზურაბიშვილი: დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია

გამყრელიძის თქმით, „ყოველდღიურად, როდესაც გვაქვს 5000 შემთხვევა იქიდან საავადმყოფო დახმარება სჭირდება 5-10 და შეიძლება 12%-ს მაინც. მართალია ე.წ. გაწერის ინტენსიურობა მეტია, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. მე ახლა დეტალებს ვერ გეტყვით, განიხილება ყველა ვარიანტი და დღესაც იყო ამაზე მსჯელობა. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან ან კიდევ სხვა - საველე ჰოსპიტლები დიდ სივრცეებში, სადაც ნაკლები პერსონალით შეიძლება დიდი რაოდენობა მოქალაქეების მომსახურება ისევე, როგორც სამხედრო ექიმების და სამხედრო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა, ამიტომ ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება", - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ სასტუმროების არსებული რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ „იქნება საველე ჰოსპიტლები“.

მისი თქმით, ქვეყანამ პირველ ეტაპზე კოვიდ სასტუმროების ქსელის გაფართოება უნდა სცადოს. მაგრამ „თუ ესეც არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, ბევრ ავადმყოფს დიდ სივრცეში მოვუვლით. იმის გამო, რაც ჩემ კოლეგებს წელიწადნახევარია გადააქვთ, კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს ღრმა პატივისცემა მინდა, რომ გამოვუცხადო. პროპორციულად რომ შევადაროთ, 100 000 მოსახლეზე ჩვენ, დღეს რა ავადობაც გვაქვს, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან. აი, ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ასევე ნახეთ: ორსულები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ უნდა აიცრნენ - CDC

იმნაძე ასევე არ გამორიცხავს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას. მისი თქმით, ყოველ ათას დაინფიცირებულზე „დაახლოებით 10-13 გარდაიცვლება. სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სამწუხაროდ, სხვა მეთოდებით მართვა დაგვჭირდება ხოლმე“. მან განვითარებული ქვეყნების ლეტალობა საქართველოში არსებულ პირობებს შეადარა და თქვა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილობის მაჩვენებელი 1% ან 1,3%-ია“.

პანდემიის სამართავად შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრისას, გამყრელიძემ თქვა, რომ აუცრელ ადამიანებს სხვადასხვა დაწესებულებაში შესასვლელად ფასიანი PCR ან სწრაფი ანტიგენ-ტესტის გაკეთება დასჭირდეთ.

„სანამ არ ავცილდებით 10%-ს, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთჯერადად აცრილი ადამიანიც დაშვებული იყოს დახურულ ტიპის შენობაში ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დღეს ჩვენ დავაყენეთ და საბჭო ამაზე კიდევ იმსჯელებს. ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა 24-საათიანი და 72-საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.