ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CNN-მა აუცრელი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა


ახალი ამბების სამაუწყებლო კომპანიამ "სი-ენ-ენი" (CNN) სამსახურიდან დაითხოვა 3 თანამშრომელი, რომლებიც ოფისში კოვიდ-19-ზე აუცრელები მივიდნენ. როგორც ირკვევა, მათი გათავისუფლება გასულ კვირას მოხდა, თუმცა თანამშრომლებმა ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ ხუთშაბათს, ორგანიზაციის შიგნით გაგზავნილი შეტყობინებით გაიგეს.

უკვე ცნობილია, რომ კომპანიას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს გადაღების ადგილზე თუ ოფისებში კოვიდ-19-ზე აცრის გარეშე გამოცხადებასთან დაკავშირებით. "სი-ენ-ენის" პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თანამშრომლებს ამის თაობაზე არაერთხელ განუცხადა და გუშინ კიდევ ერთხელ შეახსენა.

"ყველა აცრილი უნდა იყოს ახლაც და მომავალშიც. ამის შესახებ ჩვენ უკვე თვეებია გარკვევით ვაცხადებდით, ასე რომ გაუგებრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს" - ნათქვამია შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ გზავნილში, რომლის ნახვის საშუალებაც "როიტერს" მიეცა. კერძო მედია-ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის მოწმობა შენობაში ყოველდღიურად შესვლის ფორმალურ ნაწილადაც კი იქცეს.

"სი-ენ-ენი" დღეს ჰიბრიდული მოდელით ოპერირებს. თანამშრომელთა ნაწილი შინ იმყოფება და დისტანციურად მუშაობს. მედია-ორგანიზაციამ სამსახურში ოფიციალურად დაბრუნების დღე ისევ გადაწია. თანამშრომლები ოფისებში სრულად 7 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ახლა ეს თარიღი ოქტომბრის შუა რიცხვებით შეიცვალა.

ჯეფ ზაკერის განცხადებით, ამის მიზეზი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ-19-ით ინფიცირების მზარდი მონაცემებია, რასაც კორონავირუსის დელტა ვარიანტს უკავშირებენ. ლოს-ანჯელესში, ვაშინგტონში და ატლანტაში, სადაც "სი-ენ-ენს" ოფისები და სტუდიები აქვს, პანდემიის რეგულაციების ნაწილი ისევ ამოქმედდა, მათ შორის შენობებში ნიღბის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG