ირანის მაცდური შემოთავაზება, სანქციები და „ოქროს ბალანსი“

მოჰამედ ჯავად ზარიფი და მიხეილ ჯანელიძე თბილისში

ირანმა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ისევ სანქციების გამკაცრებით ემუქრება, საქართველოს, სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო დერეფნის შექმნაში ჩართვა შესთავაზა. ეს წინადადება თბილისში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა, რა დროსაც საქართველოს უმაღლეს პირებს შეხვდა.

ზარიფი საქართველოში 17 აპრილს თურქმენეთიდან ჩამოვიდა, 18 აპრილს კი თბილისიდან ყირგიზეთში გაემგზავრა. ორივე ეს ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო სატრასპორტო დერეფნის (North–South Transport Corridor) აქტიური მონაწილეა, რომელსაც თეირანი უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს.

ამ დერეფნის სხვადასხვა განშტოებებით, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და რუსეთის ტვირთები გადაიზიდება, როგორც ჩრდილოეთ ევროპის მიმართულებით, ისე უკან.

აზერბაიჯანისა და ირანის დამაკავშირებელი რკინიგზა უკვე დაიტვირთა

NSTC-ის 7200 კილომეტრიან დერეფანში არის საზღვაო (მუმბაი-ბანდერ-აბასი; ასტარა-ბაქო-ასტრახანი; თურქმენბაში-ბაქო-ოლია), სარკინიგზო (ჟანაოზენი-გიზილგაი-ბერეკეტი-ეტრეკი-გორგანი; ქაზვინი–რეშთი–ენზელი–ასტარა-ბაქო-ასტრახანი-პეტერბურგი) და საავტომობილო გადაზიდვების მრავალმხრივი შესაძლებლობები. მოჰამედ ჯავად ზარიფმა თბილისში ყოფნის დროს კერძოდ ბრძანა:

სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დერეფნის არსებობა დაახლოებს, არა მხოლოდ ჩვენს ორ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ამ დერეფნის გავლით, აზიიდან ევროპაში ტრანსპორტირების უფრო დაბალი საფასური ჩვენ მოგვცემს კარგ შესაძლებლობებს"
მოჰამედ ჯავად ზარიფი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

„სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის დერეფნის არსებობა დააახლოებს, არა მხოლოდ ჩვენს ორ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ამ დერეფნის გავლით, აზიიდან ევროპაში ტრანსპორტირების უფრო დაბალი საფასური ჩვენ მოგვცემს კარგ შესაძლებლობებს. საქართველომ, ირანმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად ვაქციოთ.“

თეირანი თბილისს სთავაზობს ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის (NSTC) ახალი რგოლის შეკვრას ამიერკავკასიის მეზობლებსა და ბულგარეთთან ერთად. ირანის უდიდესს პორტ ბანდერ-აბასში მოხვედრილი ტვირთი აზერბაიჯანში ან სომხეთში გადაიზიდება (ეს გზა ყველაზე მოკლეა), იქედან, საქართველოს პორტებში და ბულგარეთისკენ წავა.

ირანული კომპანიები უკვე სთავაზობენ კლიენტებს ინდოეთიდან შავ ზღვამდე ტვირთის უმოკლეს დროში მიტანას

ირანმა და ბულგარეთმა ამ დერეფნის ამოქმედების შესაძლებლობა, ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში განიხილეს, როცა თეირანს ბულგარეთის მაშინდელი პრემიერი ბოიკო ბორისოვი სტუმრობდა. ოფიციალური სოფია დღემდე დაინტერესებულია, რომ ტვირთები აზიიდან, მათ შორის, ნავთობი და გაზი, თურქეთის გვერდის ავლით თავადაც მიიღოს და საბერძნეთ-იტალიის მიმართულებითაც გაუშვას.

როგორც მოსალოდნელი იყო, თეირანის ახალ წინადადებას უკვე მოჰყვა ცივი სიგნალები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, ახალი მარშრუტი ამ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება, თუმცა, ირანი შავი ზღვის მიმართულებით სერიოზულად არის დაინტერესებული.

შავი ზღვის პირას, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში, ირანული ინვესტიციით მალე დაიწყება საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდება იგეგმება.

მეგაპროექტის ოპერატორი ირანულ-ქართული კომპანია GEOPARS-ია. ინვესტიციებს სპარსეთის ნავთობისა და გაზის განვითარების კომპანია (POGDC) და მისი შვილობილი - პეტროქიმიის საერთაშორისო კომერციული კომპანია (PCCI) განახორციელებენ. პროექტის ლოჯისტიკური პარტნიორი კი ირანის ნაციონალური სატანკერო კომპანია იქნება. სუფსის ქარხანა ირანულ ნავთობს გადაამუშავებს და პროდუქცია ევრო-5-ის სტანდარტს უნდა შეესაბამობოდეს.

მოჰამედ ჯავად ზარიფს თბილისში ვიზიტის დროს, ირანელი ინვესტორების დიდი ჯგუფიც ახლდა, რომლებმაც ქართულ-ირანულ ბიზნესს ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა რაჰიმ აბაჩიმ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას, ამ დრომდე არსებული, საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციები უშლის ხელს, რის გამოც ირანიდან მხსვილი ინვესტიციები ფერხდება:

ფულად და საბანკო ტრანზაქციებზე სანქციები ზოგ ქვეყანასთან უკვე მოხსნილია. სამწუხაროდ, საქართველოსთან ეს პრობლემა ისევ დგას. ეს ხელს უშლის ირანიდან დიდი ინვესტიციების განხორციელებას და ირანელი ბიზნესმენებისთვის ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემაა“
რაჰიმ აბაჩი, საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორი

„ფულად და საბანკო ტრანზაქციებზე სანქციები ზოგ ქვეყანასთან უკვე მოხსნილია. სამწუხაროდ, საქართველოსთან ეს პრობლემა ისევ დგას. ეს ხელს უშლის ირანიდან დიდი ინვესტიციების განხორციელებას და ირანელი ბიზნესმენებისთვის ერთადერთი და ყველაზე დიდი პრობლემაა.“

ექსპერტების აზრით, საქართველოს ირანთან უკიდურესად ფრთხილი პოლიტიკის წარმოება მართებს. ერთის მხრივ, თბილისს უნდა ესმოდეს, რამდენად მყიფე შეიძლება აღმოჩნდეს, საგარეო პოლიტიკურ არენაზე (სირია, იემენი) უკიდურესად აგრესიულ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, მჭიდრო თანამშრომლობა, მით უფრო, საერთაშორისო სანქციების გაძლიერების დიდი ალბათობის ფონზე.

მეორეს მხრივ კი გასათვალისწინებელია, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია. „აბრეშუმის გზამ“ შავი ზღვის მიმართულებით მიმზიდველობა ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კი ისევ დაუმთავრებელია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც საქართველოს სატრანსპორტი დარგების მიერ გადაზიდული (2014 წელს- 46,4 მილიონი ტონიდან - 2016 წელს - 42,3 მილიონ ტონამდე), ისე საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებელი ტვირთებისა (21,3 მილიონი ტონიდან -17.6 მილიონ ტონამდე) და კონტეინერების (446 972-დან 329 805 TEU-მდე) რაოდენობა.

ირანის უდიდესი პორტი - ბანდერ-აბასი, სანქციების მოხსნის შემდეგ

„ოქროს ბალანსის“ მოსაძებნად, 22 აპრილს, პირველი ოფიციალური ვიზიტით ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩადის. იგი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდება, რომელსაც კარგი შანსი აქვს 19 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მეორე ვადით იქნას არჩეული.