ოჩამჩირეში გატაცებულ თურქეთის მოქალაქეში 2 მილიონ დოლარს ითხოვენ

თურქული სეინერის კაპიტანი სელიმ კაია ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო თევზჭერას ეწეოდა

ოკუპირებული ოჩამჩირიდან ორი თვის წინ გატაცებული თურქეთის მოქალაქის სელიმ კაიას გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა სელიმ კაიას მამაზე, ბიზნესმენ იაკუპ კაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული თევზმჭერი სეინერის კაპიტანი 48 წლის სელიმ კაია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერით იყო დაკავებული, 9 თებერვალს საღამოს გაიტაცეს. კაია ოჩამჩირის ცენტრიდან პორტში ავტომობილით ადგილობრივ მკვიდრს გიორგი ფაჩულიას მიჰყავდა.

მათ გზა ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გადაუღობა, მძღოლი ძალის გამოყენებით ადგილზე ჩამოაგდეს, თურქეთის მოქალაქე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მეორე დღეს, დაცხრილულ BMW-ს ბესლახუბასთან ახლოს მიაგნეს, ეს სოფელი ოჩამჩირიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული.

ოჩამჩირეში გატაცებული სელიმ კაია

თურქული წყაროების ცნობით, თავდაპირველად გამტაცებლებმა 100 000 აშშ მოითხოვეს, თუმცა მას შემდეგ რაც გატაცებულის მამა სპეციალურად ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში და შვილის ძებნის ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, გამოსასყიდის ოდენობა 20 ჯერ გაიზარდა. თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იაკუპ კაია ამბობს:

სელიმის გატაცების შემდეგ მივიღეთ კიდევ ერთი მესიჯი მობილურ ტელეფონზე, სადაც ჩემი შვილის ფოტო და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარის გადახდის მოთხოვნა
იყო “
იაკუპ კაია, გატაცებულის მამა

„სელიმის გატაცების შემდეგ მივიღეთ კიდევ ერთი მესიჯი მობილურ ტელეფონზე, სადაც ჩემი შვილის ფოტო და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი დოლარის გადახდის მოთხოვნა იყო.“

თურქული თევზმჭერის გემის კაპიტნის გატაცებას ოკუპირებულ აფხაზეთში ქაფშიის უკანონო ბიზნესს და ამ მაღალშემოსავლიან ბიზნესში აფხაზურ-თურქულ-რუსული ინტერესების გადაკვეთას უკავშირებენ. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სელიმ კაიას აფხაზი და რუსი ბიზნესს პარტნიორების წინაშე დიდი ვალი დაუგროვდა და გამტაცებლები ამ ფულის ამოღებას ცდილობენ, თუმცა კაიების ოჯახი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ოჩამჩირეში თურქეთის მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმირებულია თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. 25 მარტს, ტრაბზონში, თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) მხარდამჭერთა მიტინგზე გამოსვლისას, რომელსაც გატაცებული სელიმ კაიას ქალიშვილები და ოჯახის სხვა წევრებიც დაესწრნენ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს მისი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ერდოღანი სელიმ კაიას ქალიშვილებს ტრაბზონში შეხვდა

მანამდე, 23 მარტს, გატაცებული თურქეთის მოქალაქის ბედით ოკუპირებულ სოხუმში უკანონო ვიზიტით ჩასული თურქეთის დიდი მეჯლისის წევრი, მოჰაჯირების შთამომავალი ენგინ ოზქოჩიც დაინტერესდა, რომელიც ოპოზიციურ ,"სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ (CHP) წარმოადგენს.

თურქულ მედიაში, ოკუპირებული ანკლავის ლობისტების, პირველ რიგში „აფხაზთა კულტურული ცენტრების ფედერაციის - Abhazfederasyonu“ მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებული კაია შესაძლოა, უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავდეთ გადაყვანილი.

ამ ინფორმაციას უარყოფს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე, რომელმაც გვითხრა, რომ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე ეს საკითხი არ განხილულა:

თურქეთის მოქალაქის გატაცების საკითხი გალში არ განხილულა, ვრცელ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ“
კახაბერ ქემოკლიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

„თურქეთის მოქალაქის გატაცების საკითხი გალში არ განხილულა, ვინაიდან სუს-იდან სხვა სამსახურში გადავდივარ, ვრცელ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ“.

კაიას ოჯახი, რომელიც ტრაბზონთან ახლოს ქალაქ ჩარშიბაშიში ცხოვრობს, მჭიდროდ არის დაკავშირებული თურქულ კომპანია Kobyalar Group-თან. ეს ბიზნესჯგუფი შვილობილი Koptur Balikcilik-ის მეშვეობით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, თევზის მოპოვებისა და გადამუშავების ბიზნესში ჩართულია, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე ფოთში. ოჩამშირეში Kobyalar Group საწარმო „ხამსას“ ფლობს, ხოლო ფოთში კომპანია „აისბერგ-2“-ის ყველაზე მსხვილი მეწილეა.