აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ ღიად დაადანაშაულა რუსეთი, რომ გაეროს მკაცრი სანქციების მიუხედავად, მოსკოვი ჩრდილო კორეასთან ენერგეტიკული ნედლეულით, კერძოდ, ქვანახშირით ვაჭრობას უკანონოდ განაგრძობს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა, რუსეთის საგარეო უწყების დემარში, რომ მოსკოვი არ შეუერთდება აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის 16 მოქალაქის მიმართ, რომლებიც ჩინეთის, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მუშაობენ.
24 იანვარს ამოქმედებული სანქციები ჩრდილო კორეის სახელწიფო კოპორაციის Ryonbong-ის წარმომადგენლებს შეეხოთ. ყველა მათგანი ჩრდილო კორეის მმართველი შრომის პარტიის წევრია. აშშ ამ ადამიანების ფხენიანში დეპორტაციას ითხოვს.
Ryonbong ოფიციალურად ლითონების, მინერალებისა და ავტომანქანების ექსპორტისთვის იყო შექმნილი, თუმცა სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მრეწველობისთვის, მათ შორის, ქიმიური იარაღის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების საიდუმლო იმპორტით არის დაკავებული, რის გამოც 2006 წლიდან გაეროს სანქცია დაუწესდა.
ამის მიუხედავად, Ryonbong-ის დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი თანამშრომლები, ჩრდილოეთ კორეის საკონსულოს საფარქვეშ ჩინეთსა და რუსეთში მუშაობას მაინც განაგრძობენ. მათ კოორდინირებას ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის გენერალური კონსული ზო სეკ ჩხოლი უწევს.
ერთმა მათგანმა, ჩრდილო კორეელმა „დიპლომარტმა“ პაკ ტონგ სოკმა ოკუპირებულ სოხუმშიც კი ჩამოაღწია და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, წითელ ხიდთან სასტუმროს მშენებლობას კურირებს. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კერძოდ ნათქვამია:
პაკ ტონგ სოკი არის Ryonbong-ის წარმოადგენელი აფხაზეთში, საქართველო. მანამდე იყო რუსეთის ქალაქ ნახოდკაში. 2017 წლის აგვისტოში, მან გაუწია ორგანიზება აფხაზეთში ჩრდილო კორეელი მუშების განთავსებას"აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი
„პაკ ტონგ სოკი არის Ryonbong-ის წარმოადგენელი აფხაზეთში, საქართველო. მანამდე იყო რუსეთის ქალაქ ნახოდკაში. 2017 წლის აგვისტოში, მან გაუწია ორგანიზება აფხაზეთში ჩრდილო კორეელი მუშების განთავსებას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს 2371-ე რეზოლუციის დარღვევაა“.
როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ჩრდილო კორეელი ინჟინრები და მუშები ოკუპირებულ სოხუმში, ტურბაზის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სოხუმის რივიერას“ მშენებლობაზე მუშაობენ. მათი რაოდენობა 40-დან 50-მდე მერყეობს.
„სოხუმის რივიერა“ რუსულმა არქიტექტურულმა სალონმა Boriev&Partners-მა დააპროექტა, რომელსაც ოფისები ნალჩიკსა და სოჭში აქვს. 2013-2015 წლებში სწორედ ეს სალონი მუშაობდა სოხუმის საფეხბურთო სტადიონის სრულ რეკოსტრუქციაზე, რაზეც რუსეთის ფინანსური დახმარებიდან 700 მილიონი რუბლი (12,5 მილიონი დოლარი) დაიხარჯა და აქედან 110 მილიონი (2 მილიონი დოლარი) უკვალოდ გაქრა.
ოფიციალურად, ხუთსართულიანი სასტუმრო, სადაც კორეელი მუშახელია დასაქმებული, სოხუმელ ბიზნესმენს ალისა გულარიას ეკუთვნის, თუმცა 186 მილიონი რუბლის (დაახლოებით 3,3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის შეღავათიანი კრედიტი მშენებლობისთვის ერთ-ერთმა რუსულმა ბანკმა გამოყო. მშენებარე „სოხუმის რივიერას“ გარდა გულარიას ასევე ეკუთვნის კაფეების ქსელი „დოლჩე ვიტა“ სოხუმში და ტურისტული კომპანია „აფხაზეთის ტური“.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2017 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მიღებული რეზოლუციები, ფხენიანისთვის ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირების გარდა, ჩრდილო კორეიდან შრომითი მიგრანტების მიღებასაც კრძალავს.
გაეროს წევრი ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც, რომელმაც ამ რეზოლუციებს მხარი დაუჭირა, ვალდებულნი არიან ჩრდილო კორეელ მუშახელს სამუშაო ვიზები გაუუქმონ და უკან სამშობლოში გაამგზავრონ. ამ სანქციის მიზნებს საერთაშორისო მიმომხილველი ალექსეი კოვალი ასე განმარტავს:
ჩრდილო კორეის რეჟიმი მონურ შრომითი მიგრაციას მთლიანად აკონტროლებს და ამ გზით, წელიწადში, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს. სწორედ ამ ფინანსური რესურსის შეზღუდვა სურთ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს“ალექსეი კოვალი, საერთაშორისო მიმომხილველი
„ჩრდილო კორეის ყველა მოქალაქე, რომლებიც დაქირავებულები არიან და უცხოეთში ერთ წელზე მეტხანს მუშაობენ, დეპორტირებულები უნდა იქნან უკან კორეაში. სწორედ ეს ადამიანები არიან კიმ ჩენ უნის რეჟიმისთვის უცხოური ვალუტის მთავარი შემომტანები. ჩრდილო კორეის რეჟიმი მონურ შრომითი მიგრაციას მთლიანად აკონტროლებს და ამ გზით, წელიწადში, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს. სწორედ ამ ფინანსური რესურსის შეზღუდვა სურთ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს“
საქართველოს და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის მარტში აქვთ დამყარებული, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, არანაირი ოფიციალური კონტაქტი, თბილისსა და ფხენიანს შორის აღარ ყოფილა.
2017 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც რუსეთში ჩრდილო კორეის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ „ყირიმის რეფერენდუმის“ შედეგებს სცნობს და ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს“, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაჩნდა მოლოდინი რომ ფხენიანი "უფრო შორსაც წავიდოდა".
ოკუპირებულ ცხინვალში ოსი სეპარატისტების ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა იმ დროს განაცხადა, რომ „კორეელი ბიზნესმენები“ დაბა კვაისაში მიტოვებული სპილენძისა და თუთიის საბადოებითაც კი „დაინტერესდნენ“, თუმცა ამის იქეთ საქმე აღარ წასულა.