"ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი,"- ზურაბიშვილი

ევროკავშირში წევრობის კნდიდატობისთვის საჭირო კითხვარი საქართველომ ნაწილობრივ შეავსო და ახლა უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, პასუხის მოლოდინშია.

„პატივი მქონდა, პრემიერ-მინისტრის ხელიდან მიმეღო პასუხები პირველ კითხვარზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე კითხვარის პასუხებსაც მალე მივიღებთ. პროცესი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მიდის,“- ამბობს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

"მაქვს პატივი გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე საქართველოს პასუხები,"- თქვა ღარიბაშვილმა, მაშინ როცა ის საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში ბერლინის კედელთან ყოფნის დროს ამბობს: „გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია“

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბერლინის კედელი არის სიმბოლო იმის, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

„ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის“ უკრაინელების, ქართველებისა და მოლდოველებისთვის, ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი მთავრდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერია შეუძლებელი,“- ამბობს ზურაბიშვილი.

კითხვარის პირველი ნაწილი გაცილებით ადრე შეავსო უკრაინამ და მოლდოვამ. განაცხადი კი წევრობაზე პირველმა უკრაინამ 28 თებერვალს შეიტანა, მოლდოვამ და საქართველომ ეს ნაბიჯი მოგვიანებით, 3 მარტს გადადგეს.

საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი 11 აპრილს მიიღო, 15 აპრილს კი მისი გასაჯაროება მოხდა. დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა, რომლის პასუხებიც საქართველომ ევროკავშირის ელჩს მაისის დასაწყისში მიაწოდა.

„ხაზი მინდა გავუსვა გარემოებას, რომ ეს პროცესი არ არის ასმეტრიანი სპრინტი, საქმე სიჩქარეში არაა. ის შეეხება პასუხების ხარისხს და ობიექტურ შეფასებას, რასაც ევროკომისია ადგილზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გააკეთებს. ეს შეეხება ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ საქართველოს ერთგულებას და მთავარ ეკონომიკურ და სხვა კრიტერიუმებს,“- ამბობს ჰარცელი.

ახლა უკვე სამი ქვეყანა ევროკავშირის პასუხს ელოდება. საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ პასუხები ივნისში იქნება.

„მოველი, რომ ევროკომისია, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში წარმოადგენს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის შესახებ მოსაზრებას"- ამბობს კარლ ჰარცელი.

პასუხების მიღებამდე საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილი უნდა შეავსოს, რომელიც 2 300 კითხვისგან შედგება. ევროკავშირი მოითხოვს, რომ მეორე ნაწილზე პასუხები ქვეყანამ 13 მაისამდე მოამზადოს.

თუ პირველი კითხვარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს შეეხებოდა, მეორე კითხვარში საქართველოს მთავრობამ უნდა წარადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები იმისათვის, რომ დაადასტუროს, რამდენად არის მორგებული საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად არის შესაძლებელი მასში ცვლილებების შეტანა და არის თუ არა მზად საქართველო, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა მას დააკისრებს.

სამოქალაქო სექტორი მოითოვს, რომ კითხვართან ერთად, საქართველომ პასუხებიც გაასაჯაროოს. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ კითხვარისა და პასუხების გასაჯაროება საქართველოს მთავრობის პრეროგატივააა.

„მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ახლა მათზეა დამოკიდებული გაასაჯაროებენ თუ არა პასუხებს,“- ამბობს ჰარცელი.

საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ პასუხების გასაჯაროება არ მოხდება.

„არის საკითხები, რომლის გასაჯაროება სასურველი და მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოვიფარგლებით,“- ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

წელს 5 წელი გადის მას შემდეგ რაც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება ვიზის გარეშე იმოგზაურონ ევროპის კავშირში. დოკუმენტს ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა.