საქართველო ემიგრანტების დაბრუნებას ანახლებს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ივლისში საქართველოში ათობით ემიგრანტის დაბრუნება იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, დაგეგმილია რამდენიმე ჩარტერული რეისი. საქართველოს მთავრობა ამბობს, ფრენებს ორი ავიაკომპანია "ვიზიარი" და "მაივეი" შეასრულებს.

რაც შეეხება ბილეთის ფასს, როგორც ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, ბილეთის მაქსიმალური ფასი 200 ევრო უნდა იყოს. დღესვე ცნობილი გახდა, რომელი ქალაქებიდან როდის შესრულდება სპეციალური რეისები. ჩამონათვალი ასეთია:

  • 13 ივლისი - ვარშავა
  • 15 ივლისი - ბარსელონა
  • 17 ივლისი - რომი
  • 22 ივლისი - პარიზი
  • 28 ივლისი - ათენი

საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, ხარჯებს კი სრულად სახელმწიფო დაფარავს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გასულ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ-19 953 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში გამოჯანმრთელდა 850 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა. ამ დრომდე საკარანტინე სივრცეში რჩება 3 903 ადამიანი, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 202 ადამიანი.

ასევე ნახეთ: საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში მიმოსვლაზე შეზღუდვები მოეხსნათ

ირაკლი ჩიქოვანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს მიერ იმ 15 ქვეყნას შორის მოხვდა, საიდანაც ტურისტების მიღება უსაფრთხოა. ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პროფესიული სასწავლებლების ნაწილი გაიხსნა, რომლებმაც უკვე გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, რომლებიც პანდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებშია მითითებული.

რეკომენდაციების საფუძველზე უკვე შესაძლებელია ტრეინინგებისა და კონფერენციების დახურულ სივრცეებში ჩატარება. მუშაობის განახლება შეუძლიათ იმ ატრაქციონებს, რომლებიც ღია სივრცეშია განთავსებული. უახლოეს დღეებში მთავრობა გაავრცელებს იმ რეკომენდაციების სრულ ჩამონათვალს, რომელთა დაკმაყოფილება საცურაო აუზებსა და სპორტულ ცენტრებს მოუწევს. ცენტრები მას შემდეგ განაახლებენ მუშაობას, რაც მათ დაწესებულებებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

"ეს შემსუბუქებები უნდა განხორციელდეს პროტოკოლის და რეკომენდაციების სრული დაცვით. ამის უგულვებელყოფა დაუშვებელია," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე ნახეთ: ეკონომიკური მაჩვენებლები მინუსში და გაუფასურებული ლარი

საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის უახლოეს პერიოდში შიდა ფრენები აღდება. ჯანდაცვის სამინისტრო კი იწყებს მუშაობას იმისათვის რომ შექმნას წესები, რომლებიც კულტურული ღონისძიებების გასამართად უსაფრთხო გარემოს შექმნის.