საქართველოში საველე ჰოსპიტლების ამუშავება დიდ ქალაქებშიც იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 200 პაციენტი, 60 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

კვირას, 22 აგვისტოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 17 670 მოქალაქე აიცრა. სულ ქვეყანაში 979 813აცრაა ჩატარებული.

NCDC

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილება საველე ჰოსპიტლების დიდ ქალაქებში ამუშავების გეგმა. მისი თქმით, უკვე მონიშნულია ის ადგილები, სადაც დამატებითი რესურსის მობილიზებაა შესაძლებელი და მიუხედავად იმისა, რომ სახლებში 40 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს, აუცილებელია ჰოსპიტლები დარეზერვებული იყოს მძიმე პაციენტებისთვის. მისი შეფასებით, თბილისსა და აჭარასთან შედარებით, დღეს უფრო საყურადღებო ეპიდვითარება კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთშია.

კახეთში არსებული ეპიდსიტუაციის შესაძლო გართულების შესახებ ისაუბრა პაატა იმნაძემაც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

„მოგეხსენებათ, რთველი იწყება, შესაბამისად, ექიმებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს იმ დატვირთვას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კახეთი ვაქცინაციის კუთხით მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახელების სიბრძნის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ისინი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან. პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება. შეიძლება მაჩვენებლებმა აღარ მოიმატოს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე“, - განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის უწყებების ლიდერები ეხმაურებიან აცრილი მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევასაც და ამბობენ, რომ ამგვარი რამ არც გასაკვირია და არც გამორიცხული, რადგან მსოფლიოშიც ზოგიერთ აცრილსაც დაავადების მძიმე ფორმა უვითარდება და მათი განკურნება-გადარჩენა ვერ ხერხდება. გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მსგავსი შემთხვევა სწორად და ობიექტურად შეფასდეს.

ასევე ნახეთ: "ფაიზერის" ვაქცინა ამერიკაში დღეს სრულად დამტკიცდა

„ერთეული შემთხვევების გარდა, გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილსა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ გარდაცვლილ პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ ამ კვირაში ვაქცინის მესამე დოზის საკითხზეც იმსჯელებენ და ცვლილება, შესაძლოა, საქართველოს პროტოკოლშიც შევიდეს: „მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე, რომლისთვისაც მესამე დოზა იქნება განსაზღვრული. ჩვენ ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება. რაც შეეხება მასობრივად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. თუმცა კოვიდ-შეზღუდვების და წესების დარღვევის გამო ბოლო ქ კვირაში შრომის ინსპექციის სამსახურმა 18 ობიექტი დალუქა. მათ შორის იყო "სანსეტ ბათუმიც", სადაც ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა და ის შრომის ინსპექციის ცნობით "სამინისტროს რეკომენდაციებთან კრიტიკულად შეუსაბამო" იყო. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევების 35 ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც იურიდიული პირები 10 000 ლარით, ხოლო ფიზიკური პირები 2 000 ლარით დაჯარიმდნენ.