ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული სადაზვერვო ქსელი ჩავარდა

"ჯაშუშობის ბრალდებით", ზურაბ თორაძეს - 12, ოთარ ჯღარკავას - 11 და ჯემალ ოკუჯავას - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

საქართველოს სასარგებლოდ "ჯაშუშობის ბრალდებით", ოკუპირებულ ანკლავში ათი ადამიანი იხდის სასჯელს, მათ შორის სამი ქალია

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


ათი ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სასარგებლოდ "ჯაშუშობის ბრალდებით" არიან გასამართლებულნი და მრავალწლიან სასჯელს იხდიან. სულ ბოლოს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 31 წლის ზურაბ თორაძეს მიუსაჯეს.

საქართველოს მოქალაქე "ჯაშუშობის ბრალდებით", 2012 წლის 7 აგვისტოს ოჩამჩირეში დააკავეს. მას ავტომატური იარაღი აღმოუჩინეს და ბრალი სეპარატისტთა "თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის" - ლიზბერტ ფოცხო-ოღლის მკვლელობის დაგეგვმაშიც დასდეს. თავის დროზე პოლკოვნიკი ფოცხო-ოღლი საბჭოთა კავშირის КГБ-ს სპეცრაზმ „ვიმპელში“ მსახურობდა.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, ზურაბ თორაძე საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ იქნა გადაბირებული და ანკლავში შეგზავნილი. ამ მოსაზრებას იზიარებს პატიმრის მამა, თბილისში მცხოვრები იოსებ თორაძე, რომელმაც „ამერიკის ხმას“ კერძოდ უთხრა:

„ვიღაცის გაგზავნილი იყო იქ. ბოლო ბოლო დავრწმუნდი მაგაში. თავისი ნებით რომ წასულიყო გამორიცხულია. მე მქონდა ენგურის ხიდზე აფხაზებთან შეხვედრა და დეტალურად მომიყვნენ, მითხრეს რომ მაგას დავალება ჰქონდაო, როგორც ჩანს, მის ტელეფონს უსმენდნენ და ყველაფერი იცოდნენ.

რაც დაიჭირეს, ზურასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მე იქ ვერ გადავდივარ, იქ კი ვერავინ ეკარება. ვიფიქრე, იქნებ ვინმეს დახმარებით ან საჭმელი შევუგზავნო ან ტანსაცმელი მეთქი. იმ ბრალდების გამო, რა მუხლითაც ზის, ყველას ეშინია და ვერ ეკარებიან - ჩვენც შარში გავეხვევითო.“

2008 წლის სექტემბრამდე ზურაბ თორაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის „შავნაბადის“ მებრძოლი იყო. უფროსი ლეიტენანტი პოლიციის რიგებიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც იგი რამდენიმე მეგობართან ერთად გამოძალვის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული.

მოგვიანებით, პროკურატურა მის წინააღმდეგ ადამიანის გატაცების ეპიზოდსაც განიხილავდა. თორაძე მაშინ მხოლოდ 6 თვით დააპატიმრეს. იგი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

2012 წლის მაისში, თბილისში ოპოზიციის გამოსვლების დროს, თორაძე ისევ დააკავეს. ივნისში კი იგი მოულოდნელად ოკუპირებულ ოჩამჩირეში, ნათესავთან გაემგზავრა. ზურაბ თორაძემ დანაშაული აღიარა. რუს ჟურნალისტთან საუბარში მან შემდეგი განაცხადა:

ჩემთან ჰქონდათ საუბრები და ორაზროვნად, მაგრამ კონკრეტულად მიმანიშნებდნენ რომ უნდა მეთანაშრომლა ხელისუფლებასთან“.

ზურაბ თორაძის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ 9 ადამიანია გასამართლებული, მათ შორის სამი ქალია.

გალის მკვიდრი მანუჩარ შონია, 2012 წლის დეკემბერში დააკავეს. მას პერანგში ჩამონტაჟებული, ფარული ვიდეოკამერა აღმოაჩნდა. 2012 წლის მარტში, დააკავეს ასევე გალის რაიონის სოფელ თაგილონის მცხოვრებლები ჯემალ ოკუჯავა და ოთარ ჯღარკავა. 2013 წლის მაისში მათ 13 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

"აღიარებით ჩვენებაში", ოკუჯავამ და ჯღარკავამ მიუთითეს, რომ მათი გადაბირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსისი მოადგილე კობა თოდუამ განახორციელა.

თოდუა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას მკვიდრი ბიძაშვილია. იგი სამხედრო დაზვერვაში კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებას კურირებდა. თოდუა ივნისში, წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს და გამოძიება მის მიმართ ამ დრომდე გრძელდება.

აგენტების ჩავადნის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, როგორც მოსალოდნელი იყო კომენტარს არ აკეთებენ. ზურაბ თორაძის მამა, იოსებ თორაძე ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს მას შვილის გათავისუფლებას პირდებოდნენ, თუმცა ამაოდ.

„ის მთავრობა სანამ იყო „ნაციონალების“, რამდენადაც ვიცი მუშაობდნენ მაგ თემაზე, უნდა გაეთავისუფლებინათ, მერე შეწყდა ეს, ახლებმა გვითხრეს, ჯერ დავლაგდებითო და მერე ვითომ მივხედავთო.“

დიანა შედანია-ასეევა, მანუჩარ შონია და დავით თორდია

​ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადაზვერვო ქსელი ოკუპირებულ აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ჩავარდა. მაშინ 40 წლის სოხუმელი დიანა შედანია-ასეევა დააპატიმრეს. მან მიუთითა რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლის კახაბერ კვარაცხელიას მიერ იქნა გადაბირებული.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, დიანა შედანია ყველაზე აქტიური და წარმატებული აგენტი იყო, რომელმაც ფასდაუდებელი ინფორმაცია გადასცა ქართულ მხარეს, მათ შორის ფოტო და ვიდეო ფაილების სახით.

აფხაზური და რუსული წყაროების მტკიცებით, დიანა შედანიას გამოაშკარავების შემდეგ, ჩავარდა მთელი ჯაშუშური ქსელი, რომელშიც შედიოდნენ: მერი რევაზიშვილი, მანანა ვულპა, დათო თორდია, ოლგა დავიგორა და გიორგი ნარმანია. 2009 წელს დიანა შედანიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.