საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, გაბრიელ უსტალიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან საგამოძიებო სტუდია „ჯი-ენ-ეს"-ს მისცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ გახმაურებულ სპეცოპერაციას - „ენვერს“ თავდაყირა აყენებს.
ოფიციალური ვერსიით, რომელიც საზოგადეობას შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიაწოდეს, ქართულმა კონტრდაზვერვამ რუსეთის მსხვილი ჯაშუშური ქსელი გაშიფრა და ათზე მეტი აგენტი დააპატიმრა. ეს ინფორმაცია კი ორმაგი აგენტისგან - „ენვერისგან“ მიიღო, რომელიც თითქოს ქართულ სპეცსსამსახურებს თავად დაუკავშირდა.
მფრინავი გაბრიელ უსტალიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც მაშინ ჯაშუშობაც აღიარა და საქართველო-რუსეთის ომის დროს ბორჯომის ხეობის გადაწვაც.
გაბრიელ უსტალიშვილი დღეს ყვება, რომ მან ჩვენება არნახული ზეწოლის ქვეშ, პირდაპირ გლდანის ციხის უფროსის კაბინეტში მისცა, სადაც მის გადასაღებად „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი იყო შესული. აღიარების სანაცვლოდ კი, უსტალიშვილს პირობითი სასჯელი მისცეს - ექვსი წლის ვადით და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა.
„დაჭერის შემდეგ დაკითხვაზე დამხვდა ჩემთვის უცნობი ადამაინი, რომელმაც გვერდით ოთახში გამოყვანა და მითხრა - შენ ოღონდ ჯაშუშობა აღიარე და მე გეპატრონებიო. მე ვკითხე, რა ვაღიარო მეთქი?! აღიარე, შენ არ იცი რა გელოდებაო! ჩემი დანაშაულია, რომ შემეშინდა, პირველად ვიყავი ცხოვრებაში პოლიციაში, არ ვიცოდი ჩემი უფლებები, როგორ მესაუბრა, დაბნეული ვიყავი.
დაკითხვის დროს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, აბა ილაპარაკეო, ერთხელ შემომარტყეს. ერთხელ მითხრეს, შენ ცოლ-შვილზე იფიქრეო. ბოლოს დავთანხმდი და დავიწყე...
მივაწერე ბორჯომის ხეობის დაწვაც... საიდან უნდა დამეწვა ბორჯომის ხეობა?! საიდან უნდა დამერეკა მე?! მაგრამ მითხრეს, შენ არ დაგავიწყდეს, რომ ხეობა გადაწვიო... ეს ყველაფერი ხდებოდა გლდანის ციხის უფროსის კაბინეტში, ისხდნენ გამომძიებლები და მკარნახობდნენ. მივაწერე ბორჯომიის ტყეებიც დაწვაც...
იმის ფონზე, რომ ამხელა საქართველო გავყიდე, ვუღალატე, რა არის ბორჯომის ხეობის გადაწვა?! ავიღე და მივაწერე! ჩემი აღიარების გარდა, გამოძიებას არაფერი სხვა მტკიცებულება არ გააჩნია.“
ბათუმელი ადვოკატი, თამარ სადრაძე ბიზნესმენ რუსლან გალოგრეს ინტერესებს იცავს. „ენვერის“ საქმეზე დაპატიმრებულ გალოგრეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გალოგრეს დანაშაული არ უღიარებია. თამარ სადრაძე ამბობს, რომ გამოძიების არანაირი სამხილი არ ჰქონდა და განაჩენი აბსურდულია:
„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრალდებაში წერია, რომ დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელ სიტუაციაში რუსლან გალოგრე გადაბირებული იქნა დაუდგენელი პირის, დაუდგენელი ორგანიზაციის მიერ. რუსლან გალოგრე ახორციელებდა დაუდგენელ საქმიანობას.
მაშინ, როდესაც არცერთი მტკიცებულება არ არსებობს და ყველანაირი გარემოება არის დაუდგენელი, პირის პასუხისგებაში მიცემა წარმოუდგენელია.“
უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით, 2010 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი მფრინავი იხდის სასჯელს. მათ შორის, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, გელა კაკაბაძე, ტარიელ აბაშიძე, გოჩა დიასამიძე და დავით მესხიძე. ამავე მუხლით გაასამართლეს ბათუმელი ბიზნესმენები - არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი, ასევე, ბათუმელი ედუარდ აბდულაევი და რუსეთის მოქალაქე იური სკლირნიკოვი. არცერთ მათგანს დანაშაული არ უღიარებია.
გაბრიელ უსტალიშვილის გარდა, გამოძიებას აღიარებით ჩვენება პეტრე დევრიშაძემაც მისცა, რომელიც ასევე საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.
„ენვერის“ საქმეს დღემდე გრიფით საიდუმო ადევს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ე.წ. ორმაგი აგენტი „ენვერი“, რომელმაც თითქოს აგენტურულ ქსელზე ინფორმაცია ქართულ დაზვერვას მიაწოდა სინამდვილეში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი გენადი ჰაიდაროვია. იგი დღესაც ბათუმის საზღვაო აკადემიაში ლექტორად მუშაობს.
„ენვერის" საქმეზე გასამართლებულ პირთა ოჯახები იუსტიციის ახალ მინისტრს და ახალ მთავარ პროკურორს მიმართავენ, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს, გათავისუფლდნენ დაკავებულები და მოხდეს მათი რეაბილიტაცია, საქმის შემკვეთების მიმართ კი, სისხლის სამართებრივი დევნა განხორციელდეს.