ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი აბდალაძე ხელს უმაღლესი თანამდებობის პირებს ადებს


ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე
ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ფოტორეპორტიორების საქმის“ ხელახალ გამოძიების ითხოვს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის სკანდალური აღიარება ქართულ ციხეებში არსებული სადიზმის ამსახველ ვიდეოკადრებზე არანაკლებ შემზარავი გამოდგა. 14 თვიანი პაუზის შემდეგ, აბდალაძემ ქართულ მედიას მოუყვა, წამების რა მეთოდების გამოყენებით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ მისგან აღიარებითი ჩვენება, რომ თითქოს იგი საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაზეთ „ალიას“ ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე 2011 წლის 6 ივნისს დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა იმავე დღეს ასევე დააკავა პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ფოტორეპორტიორგი ნათია გედენიძე და ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე.

ყველა მათგანს ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა - უცხო ქვეყნისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, სხვა ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა.

დაკავების შემდეგ გიორგი აბდალაძემ შიმშილობა გამოაცხადა და გაავრცელა განცხადება, რომ სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებდა. თუმცა რამდენიმე დღეში ჯაშუშობა მაინც „აღიარა“.

ბრალის აღიარების სანაცვლოდ გიორგი აბდალაძე, სხვა ფოტოგრაფებთან ერთად, 2011 წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. ფოტორეპორტიორი ოთწლიან პირობით სასჯელს იხდის.

გიორგი აბდალაძე „ჯაშუში ფოტორეპორტიორების“ სკანდალური საქმის შეკერვაში საქართველოს უმაღლეს თანამდებობის პირებს: პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს, რომელსაც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა:

„დავრწმუნდი, რომ უშუალოდ სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის გადაწყვეტილება იყო ჩვენი დასჯა იმის გამო, რომ ჩვენ 26 მაისის მიტინგის დაშლაზე ფოტორეპორტაჟი გავაკეთეთ და გავაგზავნეთ უცხოურ სააგენტოებში - ვისთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით. ეს რეპორტაჟიც ჩვეულებრივად გავრცელდა.

ერთ-ერთი ჟურნალისტისგან ვიცი, რომ გიორგი ბარამიძე, ყოფილა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დაულაგეს ეს სურათები და რბილად, რომ ვთქვათ საყვედური უთხრეს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა 26 მაისს. მან მიიტანა პრეზიდენტამდე ეს ამბავი და პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, ყველა დასაჯეთ, ვინც 26 მაისს ამ ფოტორეპორტაჟს იღებდაო.

როცა გლდანის ციხეში გადამიყვანეს დირექტორმა ხუჭუამ ამიყვანა თავისთან ოთახში და მითხრა, რომ ისეთი მუხლი გაქვთ, რომ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო. შემდეგ შემოვიდა ოლეგ ფაცაცაია, რომელიც ახლახანს დააპატიმრეს და მითხრა შენ ხარ რომ შიმშილობო? - კი მეთქი. არ მაინტერესებს არაფერიო, ეხლავე დამიწერ განცხადებას, რომ წვეტ შიმშილობასო და მერე რაც გინდა ის ქენიო.

შევეწინააღმდეგე და ამაზე გაცოფდა, ხმას აუწია, გინებაზე გადავიდა, შენ თუ გგონია მომერევიო, თუ გგონია ის მიტინგები გადაგარჩენს, რომელიც გარეთ იმართება ძაან შემცდარხარო. გასცა ბრძანება - ამის თანამესაკნე და სხვა პატიმრებიც გამოიყვანე

თო, თან მეუბნება ტყუილად ელოდები, რომ ხელით შენ შეგეხებითო, მერე რომ ილაპარაკო მე აქ მირტყავენო. შენ თვალწინ ამ პატიმრებს მთელ ამბებს ჩავუტარებთო და მერე შენ შეგიშვებთ მაგგათთანო და მტყუან-მართალი არჩიე შენ თვითონო.

ეხლაც ძალიან ვნერვიულობ. შეიძლება ხვალ ისევ დამაპატიმრონ. არ არის გამორიცხული ცემით დამსაჯონ, ან მანქანაში იპოვონ 5 კილოგრამი ჰერონი ან სტენოგრამები ან 5 მილიონი.

მე დავრწმუნდი იმაში, რომ სისტემა არის ისეთი შექმნილი, რომლის სათავეში დგას ადამიანი, რომელიც ამას ყველაფერს აკეთებს. სცენარის შემსწორებლები ჰყავს ადეიშვილისა და მერაბიშვილის სახით. შემსრულებლები კი უამრავია, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ციხეებში გადაღებული წამების დროს ვიხილეთ.

ეს მონსტრი იკვებება სიჩუმით, ადამიანის სიჩუმით და რაც მეტს გაჩუმდება ადამიანი მით უფრო გაძლიერდება მონსტრი. მე მგონი არცერთს არ გვაქვს დუმილის უფლება!“

ზუსტად 14 თვის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მამია ფხაკაძემ ამ სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი საქმის არსებითი განხილვის გარეშე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა.

ყველა ბრალდებულს პირობითი სასჯელი შეეფარდა. ჯაშუშობის აღიარების მიუხედავად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მათ შორის მედიაში, ამ საქმეს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა. ამის დამადასტურებლად შეიძლება იმ ფაქტის მოყვანა, რომ გათავისუფლების შემდეგ ოთხივე ფოტორეპორტიორმა საკუთარი პროფესიით ჩვეულებრივად გააგრძელა მუშაობა.

არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არც შინაგან საქმეთა და და არც იუსტიციის სამინისტროები გიორგი აბდალაძის აღიარებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უკვე მოითხოვა ხელახალი, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საგანგებო პროკურორის ხელმძღვანელობით.

XS
SM
MD
LG