ოთხი ფოტოგრაფის: ზურაბ ქურციკიძის (ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლის ნათია გედენიძისა და გიორგი აბდალაძის (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაზეთ ”ალიას” ფოტოგრაფი) დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
ცნობილია მხოლოდ ფაქტი, რომ ისინი გუშინ ღამე დააკავეს და ბრალი სავარაუდოდ, ჯაშუშობაში ედებათ. ოთხიდან სამი ფოტორეპორტიორის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. როგორც მისი ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ადვოკატებს დაშვება დაკავებულებთან არ ეკრძალებათ, თუმცა ყველანარ დოკუმენტს საქმესთან დაკავშირებით გრიფით „საიდუმლო“ ადევს, შესაბამისად ადვოკატებს ხელი აქვთ მოწერილი დეტალების გაუმჟღავნებლობის თაობაზე.
გუშინ შსს–მ გაათავისუფლა ფოტოგრაფი შახ აივაზოვი, რომელიც ასევე გუშინ ღამე დააკავეს. მედიასთან მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მოწმის სტატუსით დაკითხეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია საშუალებები, ჟურნალისტები აპროტესტებენ თავად გასაიდუმლოების ფაქტს და მოითხოვენ ხელმისაწვდომობას ინფორმაციაზე დაკავების შესახებ. განცხადება ევროპის პრესფოტოს სააგენტომაც გააკეთა, რომელმაც მისი თანამშრომლის ზურაბ ქურციკიძის შესახებ განაცხადა, რომ იგი ყოველთვის ეთიკის პრინციპების მკაცრი დაცვით მუშაობდა. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, საქართველოს ხელისუფლება მომდევნო რამდენიმე საათში გამოასწორებს ამ შეცდომას და ზურაბ ქურციკიძეს დაუბრუნდება თავისუფლება",-ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტი, ბლოგერი ია ანთაძე ამბობს: „როდესაც ამდენი ხნის მანძილზე საზოგადოებისთვის უცნობი რჩება დაკავების რეალური მოტივების შესახებ, ბუნებრივია ეს დაკავებულებისადმი სოლიდარულად განგაწყობს. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესენი სწორედ ის ფოტოკორესპონდენტები იყვნენ, ვინც აგვიტოს ომის დროს მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვეს, 26 მაისს გადაღებულმა მათმა კადრებმა კი დაგვანახეს, რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომ გვჭირდება ამ ადამიანების შესახებ ზედმიწევნით გვქონდეს ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, ხომ არ არიან ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლნი?“
შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.”
ლაშა ტუღუში, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც დაკავებულებთან მიმართებაში ფიგურირებს, საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია:
„რას ნიშნავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ირგანიზაცია? ასეთი ნორმა ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო. ჩვენ მივმართავთ პარლამენტსაც და სასამართლოსაც მისი გაუქმების მოთხოვნით,“– ამბობს ლაშა ტუღუში.
დაკავებულებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ. ამის გაკეთების უფლება პროკურატურას დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში აქვს. ეს ვადა დილის 6 საათხე იწურება. პროტესტის ნიშნად ფოტოკორესპონდენტი გიორგი აბდალაძე ამ დრომდე შიმშილობს.