ჭიათურაში დღეს მაღაროელთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დასრულდა. გაფიცვა 11 დღე მიმდინარეობდა და ეტაპობრივად მთელი ქალაქი მოიცვა, 15 მაღაროელი შიმშილობდა, სამმა მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
მაღაროელები ხელფასის 30%-ით მომატებას, კვების და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტების, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე, მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანებისთვის ჭიათურაში გადაადგილების აკრძალვას ითხოვდნენ.
შეთანმმების მიღწევის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, დღეს, საღამოს, ჭიათურაში, მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდა.
კომპანია დათანხმდა, რომ 1 ივლისიდან მაღაროელებს ხელფასს 25%-ით გაუზრდის, ერთი წლის შემდეგ კი კიდევ 10%-ით მოუმატებს. რვა პუნქტიანი შეთანხმების გაფორმებისთანავე მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მაღაროელი გივი კუპატაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„ჯორჯიან მანგანეზთან" ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი რაზეც შეთანხმებას ვერ ვაღწევდით - ხელფასები იყო. დღეს ისინი დათანხმდნენ მაღაროელების სამართლიან მოთხოვნას. 1 ივლისიდან ხელფასები 25%-ით ერთიანად მოიმატებს, შემდეგ 10%-ით წლის განმავლობაშიგივი კუპატაძე, ჭიათურელი მაღაროელი
„ჯორჯიან მანგანეზთან ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რაზეც შეთანხმებას ვერ ვაღწევდით ხელფასები იყო. დღეს ისინი დათანხმდნენ მაღაროელების სამართლიან მოთხოვნას. 1 ივლისიდან ხელფასები 25%-ით ერთიანად მოიმატებს, შემდეგ 10%-ით წლის განმავლობაში.
მანამდე გადაწყდა, რომ ჭიათურაში მადნით დატვირთული ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება და მადანს რკინიგზით გაიტანენ. გადაწყდა კვების, დაზღვევის და ჯანდაცვის პაკეტის, შრომის უსაფრთხოების საკითხები, ეს მაღაროელების მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“ - აღნიშნა გივი კუპატაძემ.
„ჯორჯიან მანგანეზი“, რომლის საკუთრებაშიც არის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ლუქსემბურგში რეგისტრირებული „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის“ შვილობილი კომპანიაა. ამ კომპანიების უკან უკრაინელი მილიარდერის იგორ კოლომოისკის პრივატ ჯგუფი დგას.
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გარდა „ჯონჯიან მანგანეზს“ ეკუთნის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხე ჰესი, რაც საქართველოში სილიკომანგანუმის, ფეროსილიკომანგანუმისა და ფერომანგანუმის უწყვეტ ციკლში წარმოების საშუალებას აძლევს. ეს პროდუქცია ფოლადის წარმოებაში გამოიყენება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში, ფეროშენადნობთა წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 10,3 პროცენტს შეადგენდა. გივი კუპატაძე ამბობს:
„მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვის პერიოდში თანამდებობა დატოვა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა გურჯიძემ. მის ადმინისტრაციას უკავშირდება ვახტური რეჟიმი, რომელიც ორი კვირით, უწყვეტ მორიგეობაში - 12 საათიან მუშაობას და 12 საათიან „დასვენებას“ გულისხმობდა, ისიც კომბინატის სანატორიუმში, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, გაფიცვა სწორედ ვახტური რეჟიმის გაპროტესტებით დავიწყეთ“ - აღნიშნა კუპატაძემ.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი ყოველწლიურად მოიპოვებს და 1 600 000 ტონა მადანს გადაამუშავებს, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობის მთავარი წყაროა. 2009 წლამდე მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმო საერთოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.
ჯორჯიან მანგანეზს წიაღით სარგებლობის ლიცენზია 2046 წლამდე აქვს მიღებული. ლიცენზიის პირობებით კომპანიას სამეწარმეო საქმიანობისათვის 16 430 ჰექტარი გამოეყო , რომელთაგან ჭიათურის რაიონში არის 13 068 ჰექტარი (ჭიათურის მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობის 24%), ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტში - 3 362 ჰა.