საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, უარს ამბობს „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციაში რიგგარეშე კრება ჩატარდა.
14 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები დაეთანხმნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაციაზე უარის თქმასთან ერთად, საკუთარი უფლებების დასაცავად ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით.
ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ასევე ნახეთ: საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ჩვენი დახმარება გაგრძელდება - ამერიკის ელჩისაერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ვაშინგტონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო ერთობლივი სამხედრო სწავლებაც.
1 აგვისტოს კი გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები.