6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით დაასრულა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც ცხრა დღის მანძილზე მინსკი მანსპინძლობდა. ბელარუსის დედაქალაქში 61 ქართველი სპორტის ათ სახეობაში (ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, ტყვიის სროლა, ტანვარჯიში, მშვილდოსნობა, ველოსპორტი, კანოე, კარატე) გამოვიდა.
რიგით მეორე ევროპიადის გამარჯვებულები გახდნენ: სამბისტები ვახტანგ ჩიდრაშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი, ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი და გურამ თუშიშვილი.
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: სამბისტები მინდია ლილუაშვილი, ელენე ქებაძე, ნინო ოძელაშვილი, მოჭიდავეები ვლადიმერ ხინჩაგაშვილი, იაკობ ქაჯაია, შმაგი ბოლქვაძე, გივი მაჭარაშვილი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, მოკრივე საჰილ ალახვერდოვი და ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.
მინსკში ბრინჯაოს დასჯერდნენ: სამბისტები ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, პაატა ღვინიაშვილი, გენადი ჩირგაძე, მოჭიდავეები ავთანდილ კენჭაძე, დათო ჩხარტიშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, მოკრივე ოთარ ერანოსიანი, კარატისტი გოგიტა არქანია, ტყვიის მსროლელი დედა-შვილი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის მიერ მოპოვებული 30 მედლიდან საერთო ყულაბას 11 ჯილდო სამბისტებმა შემატეს, მათ შორის, ოქროს სინჯის ოთხი მედალია. სამბისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი ამბობს:
მინსკში ჩამოსვლამდე ასეთ შედეგზე ვოცნებობდი, ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა ჩვენი სათქმელი ვთქვით და ოლიმპიური ნაკრების წარმატებაში გვარიანი წვლილი შევიტანეთ"ჯონდო მუზაშვილი, საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწრთნელი
„ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, ყველამ ბოლომდე იბრძოლა და ნამდვილად ვიმსახურებდით ამ მედლებს. მინსკში ჩამოსვლამდე ასეთ შედეგზე ვოცნებობდი, ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა ჩვენი სათქმელი ვთქვით და ოლიმპიური ნაკრების წარმატებაში გვარიანი წვლილი შევიტანეთ.“ - აღნიშნა მუზაშვილმა.
მეორე ევროპული თამაშები, პირველის მსგავსად, როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთმა მოიგო. რუსეთის ნაკრებმა, რომელსაც 225 სპორტსმენი წარმოადგენდა, საერთო ჯამში 109 მედალი მოიპოვა, მათ შორის 44 ოქროსი. მეორე ადგილზე მასპინძელი ბელარუსი (69 მედალი - 24 ოქრო), ხოლო მესამეზე - უკრაინა (51 მედალი - 16 ოქრო) გავიდა.
ამ ქვეყნების გარდა, საქართველო იტალიას (41 მედალი - 13 ოქრო), ნიდერლანდებსა (29 მედალი - 9 ოქრო) და გერმანიას (26 მედალი - 7 ოქრო) ჩამორჩა და საბოლოოდ, 30 მედლით, არაოფიციალურ ჩათვლაში მე-7 ადგილი დაიკავა. ოთხი წლის უკან, ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე, საქართველო 21 ადგილს დასჯერდა, მაშინ ქართველებმა 16 მედლის მოპოვება შეძლეს, აქედან ოქროსი მხოლოდ 2 მედალი იყო.
მეორე ევროპიადაზე, სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში, საერთო ჯამში, 50 ქვეყნის 40 000-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ბელარუსს ევროპული თამაშების მასპინძლობა 266 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. მინსკში "დინამოს" სტადიონზე თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და პრემიერი მედვედევი დაესწრნენ და სადაც რუსმა სოპრანომ ანა ნეტრებკომ იმღერა, ორგანიზატორებმა 12 მილიონი დოლარი დახარჯეს.
ბელარუსის ოპოზიციამ მეორე ევროპული თამაშები რამდენიმე აქციით გააპროტესტა, აქციის ყველა მონაწილე დააპატიმრეს, მათ შორის ფან-ზონაში და სასტიკად სცემეს. ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიკოლა სტატკევიჩი ამბობს:
ჩვენ ამ თამაშებს შიმშილის თამაშები ვუწოდეთ. არ შეიძლება ბელარუსის ეკონომიკის ქვეყანამ მხოლოდ იმიტომ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის იმიჯია გადასარჩენი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა თანხები დახარჯოს. ეს ფული მოაკლდათ სტუდენტებს, პენსიონერებს, სამხედროებს და გადაიყარა ღონისძიებაში, რომელიც უფრო საბჭოთა ხალხთა სპარტაკიადას მაგონებს"მიკოლა სტატკევიჩი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
„ჩვენ ამ თამაშებს შიმშილის თამაშები ვუწოდეთ. არ შეიძლება ბელარუსის ეკონომიკის ქვეყანამ მხოლოდ იმიტომ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის იმიჯია გადასარჩენი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა თანხები დახარჯოს. ეს ფული მოაკლდათ სტუდენტებს, პენსიონერებს, სამხედროებს და გადაიყარა ღონისძიებაში, რომელიც უფრო საბჭოთა ხალხთა სპარტაკიადას მაგონებს. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც თამაშების ფან-ზონაში პროტესტი მშვიდობიანად გამოხატეს, სასტიკად გაუსწორდნენ“ - განაცხადა სტატკევიჩმა.
ევროპული თამაშების გამართვის იდეა ირლანდიელ პატრიკ ჰიკის ეკუთვნის, რომელსაც 2006-2016 წლებში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2016 წელს, მას თანამდებობის დატოვება რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მოუწია, როცა ბრაზილიაში, ოლიმპიადის ბილეთებთან დაკავშირებული მაქინაციების, გადასახადების გადაუხდელობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ჰიკი ამჟამად თავისუფალია, მაგრამ გამოძიება მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით ისევ გრძელდება.
უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად, EOC-ის ბოსი აქტიურად ლობირებდა რომ პირველი თამაშების მასპინძელი სწორედ ბელარუსი ყოფილიყო. თუმცა, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ევროპული თამაშების მიღებაზე 2012 წელს უარი თქვა და ჰიკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაითანხმა.
აზერბაიჯანს პირველი ევროპული თამაშები ოფიციალურად კოლოსალური თანხა 1,2 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, (დამოუკიდებელი წყაროების ცნობით - 5 მილიარდი აშშ დოლარი). ალიევის ხელისუფლებამ მხოლოდ თამაშების გახსნის შოუში 95 მილიონი დოლარი დაჯარხა, საიდანაც 2 მილიონი ამერიკელი პოპ ვარსკვლავის ლედი გაგას პირადი ჰონორარი იყო.
საერთაშორისო იმიჯზე ზრუნვის გარდა, ოფიციალური ბაქო აქცენტს ტურიზმის განვითარებაზე აკეთებდა, მაგრამ აზერბაიჯანში თამაშების დროს მხოლოდ 28 ათასი ტურისტი ჩავიდა.
2015 წლის მაისში გადაწყდა, რომ მეორე ევროპული თამაშებისთვის ნიდერლანდებს უნდა ემასპინძლა, თუმცა ივნისში ამ ქვეყანამ ფინანსური მოსაზრებით უარი თქვა და ჰიკიმ ამჯერად ბელარუსი დაითანხმა. ლუკაშენკოს რეჟიმი თითქმის 300 მილიონის დახარჯვის სანაცვლოდ, 21-30 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში 30 000 ტურისტს ელოდა, თუმცა, მინსკი მხოლოდ 8 ათასმა ტურისტმა მოინახულა.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, სად გაიმართება მესამე ევროპული თამაშები. ოფიციალურად 2023 წელს EOC-ის მასშტაბური სპორტული ფორუმისთვის პოლონეთის ქალაქ კრაკოვს უნდა ემასპინძლა, მაგრამ რამდენიმე დღის უკან კრაკოვის მერმა ევროპულ თამაშებს „პროპაგანდისტულ-სპორტული აბსურდი“ უწოდა და ღიად მიანიშნა, რომ EG-ის მასპინძლობას არ აპირებს.
ამ მიზეზით, დღეს, მინსკში, მეორე თამაშების საზეიმო დახურვის ცერემონიაზე, რომელსაც ბელარუსის, რუსეთის, ტაჯიკეთის და სომხეთის პრეზიდენტები დაესწრნენ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დროშა უბრალოდ დაუშვეს და ტრადიციის მიხედვით, ის კრაკოვის წარმომადგენლისთვის არ გადაუციათ.