გიგა ოთხოზორიას მკვლელი ისევ თავისუფალია

აკო და ქეთი ოთხოზორიები მამის საფლავზე

77 დღე გავიდა საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას უკიდურესად ცინიკური მკვლელობიდან, რომელიც 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე, ხურჩა-ნაბაკევის პირობით საზღვარზე მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე გახდა ცნობილი მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა, ოჩამჩირის რაიონის მკვიდრი, 29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე დაკავებულიც კი არ არის.

აფხაზური მხარე უარს ამბობს კანჯი ოღლის გადმოცემაზე

ოფიციალური თბილისი უკვე ორთვენახევარია უშედეგოდ ითხოვს კანჯი ოღლის გადმოცემას, თუმცა, სეპარატისტებმა მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ ფორმალური „შინაპატიმრობა“ და დე-ფაქტო „სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან“ დროებით დათხოვნა აკმარეს.

ეს კიდევ ერთი ცინიკური გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთის, „სამხედრო სასამართლოს მოსამართლე“ ახალ ათონელმა შარუან სმირმა მიიღო. „მოსამართლემ“ არ დააკმაყოფილა დე-ფაქტო „სამხედრო პროკურატურის“ მოთხოვნა კანჯი ოღლისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

"მოსამართლე" შარუან სმირმა კანჯი ოღლის შინაპატიმრობა აკმარა

გუშინ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის დროს, აფხაზურმა მხარემ ოფიციალური თბილისი კიდევ ერთი უარით გამოისტუმრა. საქართველოს სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დავით კობახიძემ, რომელიც გალის შეხვედრას ესწრებოდა, კერძოდ აღნიშნა

აფხაზური მხარე ამ ეტაპზე, რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემაზე უარს ამბობს და მათი მხრიდან საკითხის პოლიტიზირების მცდელობასაც აქვს ადგილი
დავით კობახიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

„კიდევ ერთხელ იქნა დაყენებული საკითხი, მკვლელობაში ბრალდებული პირის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის თაობაზე. ამაზე, ამ ეტაპზე, აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მათი მხრიდან საკითხის პოლიტიზირების მცდელობას აქვს ადგილი.“

ორი შვილის მამა, 31 წლის გიგა ოთხოზორია, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპანტებთან დაწყებულ კონფლიქტს შეეწირა. სიტყვიერი შელაპარაკება აფხაზ „მესაზღვრეებთან“ ჩხუბში გადაიზარდა. მართალია, თანხლებმა პირებმა გიგა შეიარაღებულ აფხაზებს გამოარიდეს, თუმცა ისინი, ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიამდე დაედევნენ ოთხოზორიას.

რაშიდ კანჯი ოღლიმ გიგას ათეულობით ადამიანის თვალწინ რამდენჯერმე ესროლა და ბოლოს საკონტროლო გასროლით მოკლა. ეს შემზარავი კადრები სათვალთავლო ვიდეოკამერამ აღბეჭდა.

კანჯი ოღლის საკონტროლო გასროლის მომენტი

ინფორმირებულმა წყარომ „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ კანჯი ოღლიმ მეორე დღესვე უპრობლემოდ გადაკვეთა ფსოუს სასაზღვრო პუნქტი და რუსეთში გადავიდა. თუმცა, ის მალევე დაბრუნდა უკან, რადგან დაარწმუნეს, რომ მის სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე უფრო მეტი საფრთხე ელოდა.

იმავე წყაროს ცნობით, უკან დაბრუნებული კანჯი ოღლი აღმოსავლეთ აფხაზეთში აღარ ჩასულა და ძირითადად, სოხუმში, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს, ნათესავის სახლში იმალება. მის უსაფრთხოებას, ორ ძმასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი იცავს.

მე არ მინდა ჩემი შვილი ახალი უბედურების დაწყების მიზეზი გახდეს. ჩემი შვილის მკვლელის სიკვდილიც კი არ მინდა. მთავარია, რომ ის საპატიმროში მოხდეს. მისი მკვლელობით, ახალი, შედარებით დამთბარი ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არ მინდა რომ გაფუჭდეს. ჩემს ოჯახს დღემდე ძალიან ბევრ აფხაზ ოჯახთან აქვს ურთიერთობა, იქეთ, ნათესავებიც მრავლად გვყავს, ჩემს შვილსაც ძალიან ბევრი აფხაზი მეგობრები ჰყავდა.“
ჯული ჭანტურია, გიგა ოთხოზორიას დედა

აფხაზეთში გავრცელებული ვერსიით, კანჯი ოღლი ამ დრომდე მხოლოდ იმიტომ არის ცოცხალი, რომ „აფხაზეთის გმირის“, ქართველი პარტიზანების ხელით მოკლული რაულ კანჯი ოღლის შვილია. სწორედ ამიტომ, გიგა ოთხოზორიას მრავალრიცხოვანი აფხაზი ნათესავები მის ლიკვიდაციას ვერ ბედავენ.

გიგას დედა, ჯული ჭანტურია მოუწოდებს ნათესავებს უარი თქვან შურისძიებაზე და მკვლელის დასჯას, ცივილიზირებულად, სასამართლოს გზით ითხოვს.

„მე არ მინდა ჩემი შვილი ახალი უბედურების დაწყების მიზეზი გახდეს. მე ჩემი შვილის მკვლელის სიკვდილიც კი არ მინდა. მთავარია, რომ ის საპატიმროში მოხდეს. მისი მკვლელობით, ახალი, შედარებით დამთბარი ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, არ მინდა რომ გაფუჭდეს.

ჩემს ოჯახს დღემდე ძალიან ბევრ აფხაზ ოჯახთან აქვს ურთიერთობა, იქეთ, ნათესავებიც მრავლად გვყავს, ჩემს შვილს ძალიან ბევრი აფხაზი მეგობრები ჰყავდა.“

გიგა ოთხოზორია გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი იყო და წლების მანძილზე, ზუგდიდში, დევნილთა საერთო დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მას მეუღლე ნინო მატკავა, 7 წლის ვაჟი აკო და 12 წლის ქალიშვილი ქეთი დარჩა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხოზორიების ოჯახს მალე ზუგდიდში, კერძო სახლი გადაეცემა, თუმცა, სახელმწიფო ამ დრომდე უძლურია, გიგა ოთხოზორიას მკვლელს პასუხი აგებინოს.