ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლელობის შემდგომ გალში შეხვედრები აღდგება


დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, 4 წლის მოგვიანებით, რომელიც მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ხურჩაში მშვიდობიანი მოქალაქე, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია მოკლეს. შეხვედრას ქართული მხრიდან შსს–სა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ აფხაზურ მხარეს გადასცეს ინციდენტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა: რამდენადაც მე ვიცი ჩემი თანამშრომლებისგან, შეხვედრაზე გარემო იყო საკმაოდ ნორმალური, საქმიანი და კონსტრუქციულიც კი. მე ვფიქრობ, ეს იმას მიანიშნებს, რომ არის იმის აღქმა, რომ მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი. თუმცა ამ ეტაპზე დამნაშავის დაკავების ფაქტი არ დადასტურდა. აფხაზურმა მხარემ თქვა, რომ თვითონ ამაზე მოკვლევას ახორციელებენ. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა ისაა, რომ გადმოგვცენ ეს პირი, რათა ის წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

პრინციპში, ჩვენ ეს მოთხოვნა გვექნება კვლავაც. ჩანიშნულია უკვე მომდევნო IPRM 6 ივლისს. მანამდე ჩვენ გვაქვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36–ე, მომდევნო რაუნდი 14 და 15 ივნისს. მე ვფიქრობ, თუ მანამდე იქნება ჩვენთვის მოსაწოდებელი ინფორმაცია, უნდა იქნეს გამოყენებული (ჩვენ მოვითხოვეთ, ყოველ შემთხვევაში) ცხელი ხაზი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უზრუნველყოფს. თავიდან, აფხაზური მხარე, არაფორმალურად, ავრცელებდა სხვა ვერსიას, მაგრამ შემდგომ ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ისეთი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა ვიდეომასალა, რაც ყველამ ვნახეთ. ამიტომ, ეს მასალები, რაც აქვს პროკურატურას და რომლის საფუძველზეც აღიძრა საქმე კონკრეტული პირის მიმართ, გაზიარებული იქნა IPRM-ის ყველა მონაწილისთვის დღეს. მე ვფიქრობ, ამ მიმართლებით გარემოებები, მეტ–ნაკლებად გამოკვეთილია.

ჩვენ დავინტერესდით, ამ მძიმე შემთხვევამ გამოიწვია IPRM-ის ფორმატის გალში აღდგენა, თუ არა. "ეს შეთანხმება ჩვენ რეალურად გვქონდა 35–ე რაუნდზე, ჟენევაში. ფორმატის აღდგენის შესახებ გალში ჩვენ უკვე ვიყავით შეთანხმებულები. მერე დაიწყო ამით სპეკულირება აფხაზურმა მხარემ კიდევ, უკვე მიღწეულ შეთანხმებაზე. თარიღი არ იყო გარკვეული და გრძელდებოდა სპეკულაციები გარკვეულ გარემოებებზე, თორემ ეს უნდა აღდგენილიყო. ჩვენი მხრიდან, არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა შეფერხება ამ თვალსაზრისით, უკანასკენლი 4 წლის განმავლობაში“ - აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.

გალის ინციდენტს რუსული მხარე გამოეხმაურა. პირველი არხის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ინციდენტთან კავშირს უარყოფენ და მას ცალსახად აფხაზურ მხარეს მიაწერენ: „აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსულ მხარეს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზეთის მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიშვა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია.“

გალში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადება ამერიკის ელჩმა იან კელიმაც გააკეთა: „ეს იყო შემაშფოთებელი ფაქტი. ამ ინციდენტს საელჩო დიდ ყურადღებას აქცევს. დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამას სერიოზულობით ეკიდება, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები აღდგა და ვიმედოვნებთ, რომ მას რეგულარული ხასიათი იქნება. ხურჩაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტი არის დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იმედია, ამ საკითხს ნათელი მოეფინება და ჩვენ მოვისმენთ ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ფე–ფაქტო წარმომადგენლების შეხედულებებს“.

გალის შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, როგორც ჩანს, აღდგება. კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრის მიზეზი შემზარავი მკვლელობაა, მაგრამ როგორც ჩვენთან მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, ფორმატის აღდგენის თაობაზე ჟენევაში შეთანხმება უკვე იყო მიღწეული. მომდევნო შეხვედრა გალში 6 ივლისს არის ჩანიშნული.

XS
SM
MD
LG