ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლელობა კონფლიქტის ზონაში


გალი, ოკუპირებული აფხაზეთი
გალი, ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გუშინ ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომლის მსგავსიც წლების განმავლობაში არ მომხდარა. სოფელ ხურჩასთან, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად დაიღუპა გიგა ოთხოზორია, 31 წლის დევნილი გალიდან, რომელიც ზუგდიდში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვებს ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსური ურთიერთობების პროგრესის შესახებ პასუხობენ, უპირველეს ყოვლისა სტატისტიკის მოშველიებით, რომლის თანახმად, უკანასკნელ წლებში ადგილი არ აქვს ადამიანურ მსხვერპლს კონფლიქტის ზონებში. ხურჩის ინციდენტი ამ არგუმენტს უკვე გამოუყენებელს ხდის. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არაა კონფლიქტის ზონაში ადამიანთა მკვლელობის. ახალგორის მიმართულებით მსხვერპლია ასევე დავით ბაშარული, რომელიც იქ მოკლული იპოვეს დაახლოებით ერთი წლის წინ. ბოლოს ის ახალგორის პოლიციიდან გამოსული ნახეს.

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა: „ახალგაზრდა ხურჩაში უმოწყალოდ იქნა მოკლული. ესაა უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ის, რომ ამით ცდილობენ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რაც ახლა მიდის. ჩვენ ახლა ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, უპირველეს ყოვლისა, იმისა, რომ დამნაშავე დაისჯება და დაისჯება ძალიან მკაცრად. ჩვენ ამ საქმეში ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს და აუცილებლად მივიყვანთ მას ბოლომდე, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა.“

ზუგდიდის ტელევიზია ოდიშის მიერ გავრცელებულ მასალაში ექიმი მაია ესებუა, ვინც უშუალოდ დაათვალიერა გიგა ოთოზორიას სხეული, ამბობს: „შემოსვენებულ იქნა გვამი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა მრავლობითი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ეს იყო ორი ტყვია ბარძაყის არეში, სამი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, მუცლის არში და ერთი სახეზე, გამავალი კეფის არეში. პაციენტი იყო გარდაცვლილი.“

რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ხურჩის ინციდენტი ქართლ–აფხაზური ურთიერთობების დაძაბვის მიზნით ჩადენილ გამიზნულ ქმედებად. ან რა ალბათობა არსებობს ვამტკიცოთ, რომ მესაზღვრეები, რომელთა უშუალო მონაწილეობით მკვლელობას ჰქონდა ადგილი, ვერ აცნობიერებდნენ მათი ქმედების პოლიტიკური რეზონანსის მნიშვნელობას. ამერიკის ხმას პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ესაუბრა: „მსროლელი მაინც უფრო აფხაზურ ფორმირებებს უნდა მიეკუთვნებოდეს, მაგრამ რუსი მესაზღვრეები იქ ყველა ვარიანტში იდგნენ და ამ ყველაფერს ხედავდნენ. რაც შეეხება ამ ეპიზოდს, რთული სათქმელია, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. მე ვერაფრით დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს ტენდენდენციაა. მსგავსი შემთხვევა, ზედ საზღვარზე რომ მომხდარიყო და დასრულებულიყო სიკვდილით, ჩვენ 90–იანი წლების შემდგომ, არ გვახსოვს. რასაკვირველია, ფაქტია, რომ იქ, საზღვარზე სიტუაცია ჯანსაღი არ არის. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რაღაც გარემოებებით იყო განპირობებული ის საშინელება, რაც იქ მოხდა. მე ვთვლი, რომ დამნაშავეა რუსული სასაზღვრო ჯარის ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, რომელსაც პრაქტიკულად მთელი გავლენაა აქვს საზღვარზე და აკონტროლებს ყველაფერს იქ. არა მხოლოდ გადამსვლელ–გადმომსვლელს, არამედ აფხაზ მესაზღვრეებსაც. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კარგი იქნებოდა მონიტორებს გაეძლიერებინათ იქ მუშაობა, რომ აღდგენილიყო გალის პრევენციის ცენტრი და გარდა ამისა, თუ ქართველი სამართალდამცავები უფრო აქტიური იქნებიან პირობითი საზღვრის პერიმეტრზე.“

შსს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ მკველობაზე პასუხისმგებელია ის მხარე, ვინც ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასეთი კი გახლავთ რუსეთი. „ამ შემთხვევის თაობაზე შესაბამისმა უწყებებმა უკვე გააკეთეს კომენტარი. მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ დავგმო ეს ფაქტი. ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტოლს ახორციელებს რუსეთის შეიარაღებული ძალები. ესაა პასუხი. ამაზე არსებობს საქმეები, რომლებიც შეტანილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ასე რომ, რუსებმა რაც არ უნდა თქვან, ფაქტები არის ფაქტები“,– განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გალიდან დევნილ გიგა ოთხოზორიას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

XS
SM
MD
LG