ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებლობის დღესასწაული, მოკლული დევნილის დაკრძალვის თანხლებით


დღეს საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში იმართება. ახალწვეულებმა დღეს ფიცი დადეს არა მხოლოდ თბილისში, ასევე კახეთში, იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში – ნოქალაქევის ციხესიმაგრეში, სამცხე–ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარში. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა: „თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე, მე მინდა, მივულოცო, ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მე მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს. მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს.
უპირველესად, მინდა მივულოცო ჩვენს თანამებრძოლებს-საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს. მინდა მივულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენ საერთო - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეალებს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ მშვენიერი დღისათვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენი მე დღის წინ, შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში… წლევანდელი წელი, ასეთი მნიშვნელოვანი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა, ევროპული სახელმწიფოს წლად მინდა გამოვაცხადო, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა სახელმწიფოებრიობაში სწორედ ამ წელს უნდა გადავიტანოთ.”

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავამდე შვიდი დღით ადრე უმძიმესი შემთხვევა ხურჩაში, კონფლიქტის ზონაში მოხდა, როდესაც დე–ფაქტო აფხაზეთის მესაზღვრეებმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია ჩაცხრილეს. დღეს ის ზუგდიდში დაკრძალეს. სამართალდამცავებისთვის ცნობილია მისი მკვლელის ვინაობა, რომლის ძებნის ღონისძიებებში ახლა უკვე ინტერპოლიცაა ჩართული. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს განაცხადა: „ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით და შესაბამიმსად, ველოდებით პასუხს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ეჭვმიტანილი უკვე წითელი ცირკულარით ძებნილი იქნება.“


საქართველოს ოკუპირებული ტეირიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიადგილის მამუკა ცოტნიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი რაშიდ კანჯი ოღლი 19 მაისს, მკვლელობის დღეს გარკვეული პერიოდით დაკავებული იყო აფხაზეთში და შემდეგ გაათავისუფლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მან ვერ შეძლო რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში საგანგებო შეხვედრა ხვალ გაიმართება, რაც უშუალოდ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საინტერესო ტრადიცია აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას „შენ დემოკრატიისთვის“, რომელიც ამ დღესასწაულს, მეგობრებთან ერთად შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში სტუმრობით აღნიშნავს. ორგანიზაციის ერთ–ერთი მეგობარი ლევან ლორთქიფანიძე, აუდიტორია 115–ის წევრი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ამ ორგანიზაციას და მის მეგობრებს გვაქვს ასეთი ტრადიცია, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩავდივართ ისეთ ადგილას, სადაც არაა დიდი ზეიმი, აღლუმი არ ტარდება, კონცერტი არ ტარდება და ვცდილობთ, ადგილობრივ მოსახლეობას, ადამიანებს მივულოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ასეთ ადგილად, ამჯერად არჩეული გვაქვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი გუგუტიანთკარი, რომელზეც უშუალოდ გადის მავთულხლართები. უშუალოდ ამ სოფლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სამი წლის წინ იმ წერტილამდე, გუგუტიანთკარში სადამდეც მივდიოდით ხოლმე, ახლა ვეღარ მივდივართ იქ, რადგან ეს მავთულხლართები ნელ–ნელა უფრო აქეთ მოდის. უფრო და უფრო მეტი ხეხილის ბაღი, უფრო და უფრო მეტი ყანა რჩება ეგრეთ წოდებული პირობითი საზღვრის მიღმა. თუმცა არის პოზიტივიც. სამი წლის წინ აქ არც ბუნებრივი აირი იყო,წყალიც შეფერხებით მოდიოდა, ქუჩებიც არ იყო განათებული. ახლა კი გახარებულები ვბრუნდებით გუგუტიანთკარიდან, რადგან ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა, რომ აქვს გაზი, აქვს წყალი, შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია და ქუჩებსაც ანათბენ.“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც პროგრესული მომავლის ფორმირების შესახებ უმრავი იმედისმომცემი დათქმა ისმის, მწუხარე ფონად გასდევს მშვიდობიანი დევნილის მკვლელობის ამბავი კონფლიქტის ზონაში. რომელიც ერთადერთი ინციდენტი არაა. ერთი წლის წინ ასევე გარდაცვლილი იპოვეს გაუჩინარებული ახალგორელი დავით ბაშარული კონფლიქტის ზონაში.

XS
SM
MD
LG