Your browser doesn’t support HTML5
უკვე ერთი კვირაა ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური მისიით ტარას შამბა იმყოფება. მოძრაობა „აიდგილარას“ სულისჩამდგმელი და საერთოდ, აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. 74 წლის მოსკოველი პროფესორი „აფხაზი და აბაზი ხალხების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტია, თუმცა ხშირად მას „აფხაზთა სახალხო პრეზიდენტსაც“ კი უწოდებენ.
ტარას შამბა აფხაზთა ყოფილი "პრემიერისა" და "საგარეო საქმეთა მინისტრის" სერგეი შამბას ძმაა. ეს უკანასკნელი ბოლო "საპრეზიდენტო არჩევნებზე" ალექსანდრე ანქვაბთან დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა.
რუსეთში მცხოვრები ტარას შამბას სასწრაფო ვიზიტი სამშობლოში, სოხუმში ვითარების უკიდურესად დაძაბვას უკავშირდება. შამბა უკვე შეხვდა აფხაზთა "პრეზიდენტ" ანქვაბს და აღნიშნა, რომ - „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ.“
გასულ ხუთშაბათს, სოხუმში ოპოზიციამ სამი ათასამდე ადამიანის გამოყვანა შეძლო. მათ "მთავრობის" სასწრაფო გადადგომა მოითხოვეს. ნომერ პირველი მოთხოვნა კი ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის შემცირებაა. ყოფილმა "ვიცე-პრემიერმა", დღეს ოპოზიციაში მყოფმა ვლადიმერ ზანთარიამ კერძოდ ბრძანა:
„ჩვენ მოვითხოვთ შემდეგი გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებას: პირველი - ქვეყნის ხელმძღვანელობამ გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის 100 პროცენტიანი გაზრდის თაობაზე; მეორე - დათხოვნილი იქნეს მთავრობა.“
სოხუმის "მთავრობამ" ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე ფასი 30 რუსული კაპიკიდან ანუ თითქმის 2 თეთრიდან, 60 რუსულ კაპიკამდე, თითქმის 4 თეთრამდე, 1 თებერვლიდან გაზარდა.
ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის მძაფრი პროტესტი და ოპოზიციის გააქტიურება მოჰყვა. მთავრობის ბრძანებულების გაუქმებას უკვე 20 000 ადამიანი ითხოვს, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. სოხუმელი ალხას აჯინჯალი ამბობს:
„ენგურჰესი არის აფხაზების ეროვნული მონაპოვარი, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ ვითხოვთ სახელმწიფო საწარმო „ჩერნომორენერგოს“ გამჭვირვალეობასა და დამოუკიდებელ აუდიტს. ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას.“
სინამდვილეში სეპარატისტულ აფხაზეთს ელექტროენერგიის წარმოება ერთი თეთრიც არ უჯდება. ომის შემდეგ, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - ენგურს გამოღმა, ელექტროსადგურები და ვარდნილჰესების კასკადი კი - ენგურს გაღმა დარჩა.
ამიერკავკასიაში უდიდეს ჰესს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მართავს და მხოლოდ ქართველი სპეციალისტები ემსახურებიან, გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-დან 80 პროცენტდე კი სრულიად უფასოდ აფხაზურ მხარეს მიაქვს.
დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალურად 70 000 აბონენტია რეგისტრირებული, აქედან 22 000 სოხუმში. ელექტროენერგიის გაძვირებამდე, გადასახადს მხოლოდ 38 პროცენტი იხდიდა; აფხაზი ენერგეტიკოსების განცხადებით, ზოგიერთ თვეში დენის დანაკარგი, მათ შორის, დენის მოპარვის გამო, 50 პროცენტს აღწევს, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
დარგის დასარჩენად აფხაზეთში ელექტროენერგიის მინიმალური გადასახადი 1 რუბლი და 30 კაპიკი ანუ 7 თეთრი მაინც უნდა იყოს. თუმცა, აფხაზური ელიტა ტარიფის შესაბამისობაში მოყვანას ვერ ბედავს.
განსხვავებული ტარიფი მოქმედებს ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში - აქ თითო მოსახლე თვეში ფიქსირებულ 100 რუბლს ანუ 5 ლარზე ოდნავ მეტს იხდის. თუმცა, ახალი წლიდან სოხუმის მთავრობამ გამრიცხველიანების პროცესი სწორედ გალიდან დაიწყო.
სოციალური უკმაყოფილების ზრდით აფხაზური ოპოზიციის შანსებიც იზრდება. ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი "პრემიერი და უშიშროების მინისტრი", „სახალხო ერთობის ფორუმის“ თავმჯდომარე რაულ ხაჯიმბა ამბობს:
„აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეთანხმება სახელმწიფოს ავტორიტარული მეთოდებით მართვას. ბოლო პერიოდში, მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებს ეწინააღდეგება. პურზე ფასის მომატება, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა, შედეგად, ყველა მომსახურების გაძვირება, დაბალი ხელფასების ფონზე, ჩვენი მოსახლეობის ნაწილის კიდევ უფრო გაღატაკებას გამოიწვევს.“
აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილში ასევე პროტესტი მოჰყვა "პრეზიდენტ" ანქვაბის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას - სოხუმიდან ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ბრუნო კოპიეტერსის გაძევებასთან დაკავშირებით.
სოხუმის უნივერსიტეტის მიწვევით კოპიეტერსმა გასულ კვირას აფხაზი სტუდენტებისთვის კონფლიქტოლოგიაში ლექციების ციკლის წაკითხვა დაიწყო, თუმცა პირველივე ლექციის შემდეგ, პირადად ანქვაბის გადაწყვეტილებით მას ანკლავი დაატოვებინეს.
კოპიეტერსი უკვე წლებია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს სწავლობს, არაერთი პუბლიკაციის ავტორი და ორმხრივი შეხვედრის მოდერატორიც ყოფილა.
საქართველოში მას უფრო პროაფხაზურად განწყობილ მეცნიერად იცნობენ. თუმცა შარშან, კოპიეტერსი თბილისში მაინც მოიწვიეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „კონფლიქტის ტრანსფორმაცია ბალკანეთსა და კავკასიაში ვაჭრობის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით.“ სოხუმში კონფლიქტზე საჯარო დისკუსიაც კი დაუშვებლად მიიჩნიეს და კოპიეტერსის ვიზიტი სკანდალით დასრულდა.
ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც 2011 წლის მაისიდან მართავს ოკუპირებულ აფხაზეთს, ოპოზიციის მოთხოვნებს ამ კვირაშივე უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მის გადადგომას მოითხოვენ. ანქვაბი ოპოზიციის მიტინგზე მივიდა, თუმცა მას არ მოუსმინეს.