საქართველოში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რიგით, მე-13, მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ლაბორატორიულად პირველად დადასტურდა. 76 წლის პაციენტი ბოლნისის კლასტერიდან იყო. იგი ჯერ მარნეულში, შემდეგ კი თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაისის დასაწყისიდან მკურნალობდა. ეს ბოლნისის კლასტერში გარდაცვალების უკვე მეოთხე შემთხვევაა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რომ პაციენტს კორონავირუსის გარდა, სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა:
პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. კოვიდ ინფექციის გარდა ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება და კორონავირუსთან ასოცირებული ბევრი გართულება.ლევან გოფოძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
„პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. კოვიდ ინფექციის გარდა, ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება და კორონავირუსთან ასოცირებული ბევრი გართულება. ის დისტრეს სინდრომით და სეპტიკური შოკით შემოვიდა კლინიკაში, ჩვენთან შემდგომში დაუდგინდა ფილტვის არტერიების ემბოლიის დიაგნოზი. ამასთანავე, იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, იყო ინსულტი განვითარებული. გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა,- აღნიშნა გოფოძემ.
ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა ქვეყანაში 800-ს მიაღწია, 640 გამოჯანმრთელდა, 304 სტაციონარში დაკვირვების ქვეშაა, 2442 კი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. 13 ადამიანი გარდაიცვალა.
პირველი პაციენტი - 79 წლის ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს გარდაიცვალა. მეორე პაციენტი - 81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 აპრილს გარდაიცვალა. მესამე პაციენტი - 86 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 აპრილს გარდაიცვალა. მეოთხე პაციენტი - 70 წლის ქალი ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 18 აპრილს გარდაიცვალა. მეხუთე პაციენტი - 68 წლის კაცი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 22 აპრილს გარდაიცვალა.
მეექვსე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 26 აპრილს გარდაიცვალა. მეშვიდე პაციენტი - 83 წლის კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 მაისს გარდაიცვალა. მერვე პაციენტი - 72 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 მაისს გარდაიცვალა. მეცხრე პაციენტი - 58 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 მაისს გარდაიცვალა. მეათე პაციენტი - 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 8 მაისს გარდაიცვალა.
მეთერთმეტე პაციენტი - 81 წლის კაცი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 11 მაისს გარდაიცვალა. 14 მაისს კი საქართველოში კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცვალა.