ბუნებრივი აირის მიწოდების განახლება ევროპაში გაზსადენით "ჩრდილოეთის ნაკადი 1" არ მოხდება, ვიდრე პარტნიორი გერმანული კომპანია სარემონტო სამუშაოებს არ ჩაატარებს, - ამბობს რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებული გაზის მთავარი ექსპორტიორი "გაზპრომი".
მილსადენით "ჩრდილოეთის ნაკადი 1" რუსეთიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 31 აგვისტოდან შეწყვეტილია. მიზეზად "გაზპრომმა" თავიდან ტექნიკური პრობლემებთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოები დაასახელა და თქვა, რომ წყვეტა მხოლოდ 3-დღიანი იქნებოდა. თუმცა, 3 სექტემბერს ევროპაში გაზის ექსპორტი რუსეთიდან აღარ განახლებულა. რუსულმა კომპანიამ ამჯერად ეს გაზის გაჟონვის გამო საჭირო სარემონტო სამუშაოების აუცილებლობით ახსნა.
დღეს ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიტალი მარკელოვმა თქვა, რომ ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის განახლება მოხდება, მაგრამ "ჯერ მათ დანადგარები უნდა შეაკეთონ". მარკელოვი "გაზპრომის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილეა. ის პარტნიორ გერმანულ ორგანიზაციას, "სიმენს ენერჯის" გულისხმობდა.
ასევე ნახეთ: კრემლი გაზის ექსპორტის შეზღუდვას ევროპას აბრალებსგერმანული მხარე კი აცხადებს, რომ მისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარება ჯერ არავის დაუვალებია. იმ დაზიანების შეკეთება, კი რასაც "გაზპრომი" გულისხმობს, "სიმენს ენერჯის" განცხადებით, ადვილი პროცესია და მსგავსი პრობლემების გამო, ჩვეულებრივ გაზის მიწოდებაში წყვეტა არ ხდება.
"ჩრდილოეთის ნაკადი 1" უდიდესი მოქმედი გაზსადენია, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით, რუსეთიდან ევროპას დიდი რაოდენობით ბუნებრივ აირს აწვდის. მილსადენის წლიური გამტარუნარიანობა 55 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება.
მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციების რამდენიმე რაუნდი დაუწესა, გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროკავშირის ბევრ ქვეყანას შეუმცირდა. გაზაფხულიდან მოყოლებული, ევროპელი ლიდერები თანამოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ.
ევროპა რუსეთს გაზის "ომის იარაღად" და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაში სდებს ბრალს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ზამთარში გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.
Your browser doesn’t support HTML5