ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი გაზის ექსპორტის შეზღუდვას ევროპას აბრალებს


„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გაჩერებულია, მიზეზად რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი "გაზპრომი" გაზსადენის დაზიანებას და ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებს. მოსკოვი ასევე ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის ექსპორტის შემცირება ბრიუსელის მიერ დაწესებული სანქციების ბრალია.

ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრის დროს, დღეს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დასავლური სანქციები „ქაოსს იწვევს“ მილსადენის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით. მოსკოვი აქვე უარყოფს ევროპის კავშირის ბრალდებებს, რომ გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მოსკოვში ამბობენ, რომ სანქციების გამო ვერ თანამშრომლობენ კომპანია „სიმენს ენერჯისთან“ რომელიც გაზსადენის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს. „გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიისა და ბრიტანეთის მიერ ჩვენს ქვეყანაზე დაწესებული სანქციების გამო,“- გამბობს პესკოვი და აქვე განმარტავს, რომ რაიმე „სხვა მიზეზები არ არსებობს, რაც მიწოდების პრობლემას იწვევს“.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, თუ სანქციები შემსუბუქდება, მილსადენზე „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ სარემონტო სამუშაოები მარტივად წარიმართება და გაზსადენის ამუშავება სწრაფად მოხდება. გაზსადენი რუსეთიდან ბუნებრივ აირს ევროპის ქვეყნებს ბალტიის ზღვის გავლით აწვდის.

მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო სანქციები რამდენიმე ფაზად დაუწესა, გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროკავშირის ბევრ ქვეყანას შეუმცირდა. გაზაფხულიდან მოყოლებული, ევროპელი ლიდერები თანამოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებენ. ევროპა რუსეთს გაზის "ომის იარაღად" და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოყენებაში სდებს ბრალს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ზამთარში გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG