ნიუ-იორკის ცნობილი ნაგებობა „ემფაიარ სთეითი“ 21 ოქტომბრის ღამით, 22 რომ თენდებოდა, მწვანედ კიდევ ერთხელ გაანათეს და ამით პროექტის „მილიონი ხე ნიუ-იორკს“ წარმატებით განხორციელება აღნიშნეს. 2007 წლის 9 ოქტომბერს ქალაქის არქიტექტურულმა ღირშესანიშნაობამ პროექტის დაწყებაც ასევე აღინიშნა - ცათამბჯენის ზედა 30 სართულის შუაღამემდე კაშკაშა, მწვანე ფერის განათებით.
გამწვანებას მსოფლიოს დიდ, თუ პატარა ქალაქებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მსგავსი პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და ცნობადობის გაზრდის საქმეში ბევრი სამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. მცენარეთა დიდი რაოდენობის უშუალო კავშირი ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, დიდი ხნის დასაბუთებულია. მაგრამ ხეები არამარტო ჩვენს ჯანმრთელობას უწყობენ ხელს, არამედ, მეცნიერების დიდი ნაწილის აზრით, ჩვენი პლანეტის გადარჩენისთვისაც იბრძვიან, ამცირებენ რა ნახშირორჟანგის რაოდენობას ატმოსფეროში და გლობალური დათბობის შენელებას უწყობენ ხელს.
აიოვის უნივერსიტეტში ურბანული ტყეების შესახებ ჩატარებული კვლევა, რომელიც ჟურნალში Plos One გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ დიდ ქალაქებში ხეების გაშენების სტრატეგია მიზანმიმართულად უნდა ხდებოდეს და ქალაქების მესვეურებმა, თუკი ისინი სათბური გაზების გამოყოფის შემცირებას ცდილობენ, დამატებით ზომებსაც უნდა მიმართონ. ამერიკელი მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ნახშირბადს შთანთქავს ხეები ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში.
კვლევის მიხედვით, სითბური გაზების გამოყოფის მოცულობა დიდ ქალაქებში ისეთი რაოდენობით იზრდება, რომ ხეების დარგვა ხშირ შემთხვევაში ამ კონკრეტული პრობლემის მხოლოდ უმცირეს ნაწილს აგვარებს. კერძოდ, ნახშირბადის კონცენტრაცია აიოვის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ შესწავლილი ქალაქის ზოგიერთ უბანში იმდენად მაღალი იყო, რომ იქ მცენარეები ნახშირორჟანგის მხოლოდ ერთ პროცენტს შთანთქავდა. შესაბამისად, მსგავს რაიონებში მეტი ხე უნდა დაირგას და ემისიების შემცირებისთვის დამატებითი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ მათი ნაშრომი ხელისუფალთ ქალაქების მიზანმიმართულ, სტრატეგიულ დაგეგმარებაში დაეხმარება. მათ უკეთ ეცოდინებათ, თუ სად დარგონ ხეები, რათა ნახშირბადის გამოყოფის მენეჯმენტი უფრო ეფექტურად მოხდეს. სამწუხაროდ, იმავე ჟურნალში გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევა ქალაქების ღარიბ უბნებში ნაკლები გამწვანების არსებობასაც ადასტურებს, რაც განვითარებადი ქვეყნების ქალაქებისთვისაც სერიოზულ პრობლემად რჩება. კვლევაში ნათქვამია, რომ რესურსი არამარტო ხეების დარგვას, არამედ მათ მოვლასაც ესაჭიროება.
შეერთებულ შტატებში ორგანიზაცია American Forests (ამერიკული ტყეები) სისტემატურად აქვეყნებს ურბანული ტყეებით დატვირთული ქალაქების საუკეთესო ათეულის სიას. ისინი 50 ყველაზე მეტად დასახლებულ ამერიკულ ქალაქს არჩევენ და შემდეგ მათში ტყეების რაოდენობას და მათ მდგომარეობას სწავლობენ. სიის სათავეში ამჯერად ტეხასის შტატის ქალაქი ოსტინია. შემდეგ მოდის შარლოტი და დენვერი. ნიუ-იორკი მეექვსე ადგილზეა, ქვეყნის დედაქალაქი, ვაშინგტონი კი - მეათეზე.