“მოვემსახუროთ შავ-ბნელ მბრძანებელს? ფსიქოპათიის და ლიდერობის მეტა-ანალიტიკური მიმოხილვა” - ამ სათაურით ორშაბათს გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევაში, ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფსიქოპათიისადმი მიდრეკილი მამაკაცები უფრო ხშირად ხდებიან ლიდერები, ვიდრე ისინი, ვისაც ეს ფსიქიკური აშლილობა არ ახასიათებს.
ლიდერობას და ფსიქოპათიას შორის კორელაცია ნამდვილად არის, მაგრამ ის არც ისე ძლიერია. მკვლევართა ყურადღება ამჯერად გენდერულმა დისბალანსმა მიიპყრო. მაშინ, როცა ფსიქოპათ კაცებს ლიდერობის მეტი შანსი აქვთ, იგივე ფსიქიკური აშლილობა ქალების ლიდერობის შანსებზე უარყოფითად აისახება. ანუ, ქალები ხშირად იმ იმ თვისებებისთვის ისჯებიან, რისთვისაც კაცებს აწინაურებენ.
მცირე განმარტება მეიოს კლინიკის ექიმებისგან: იმის გამო, რომ ფსიქოპათიას ანტისოციალური, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქცევა ახასიათებს, მას ნაწილობრივ სოციოპათიასთან (ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობასთან) აიგივებენ. მაგრამ, რადგან ფსიქოპათია სოციოპათიასთან შედარებით, მეტი სიმძიმით გამოირჩევა, ის საზოგადოებისთვის მეტი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.
ფსიქოპათი არაფრად აგდებს მიღებულ ნორმებს, საკუთარი ქმედების სისწორეს და იოლად შეუძლია სხვა ადამიანების, მათი გრძნობების და ინტერესების უგულვებელყოფა. ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ სხვების მიმართ ანტაგონიზმი, აგრესია, ძალადობა, სიმკაცრე ან სულაც, ინდიფერენტულობა.
ისინი ხშირად იტყუებიან და მანიპულირებენ სხვა ადამიანებით. ამასთან, ფსიქოპათები იმპულსურები არიან და არ აქვთ საკუთარი დანაშაულის შეგრძნება. ზოგჯერ ისინი კანონსაც არღვევენ და კრიმინალებიც ხდებიან. მათ ხშირად არ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა თავისი ოჯახის წევრების, სამსახურის, საზოგადოების წინაშე, შეიძლება - სახელმწიფოს მიმართაც.
ფსიქოპათიის სიმპტომებს შორის სახელდება: ცინიზმი, ქედმაღლობა, საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება, სხვების უპატივცემულობა და ექსპლუატაცია, საკუთარი ხიბლის სხვების მანიპულირებისთვის გამოყენება (პირადი მოგების, ან სიამოვნებისთვის), ზედაპირული ურთიერთობები, ნაკლები მეგობარი და უფრო მეტად - საქმიანი კონტაქტები, რისკიანი ქმედება (საკუთარ, ან სხვის ხარჯზე) და ასე შემდეგ.
დავუბრუნდეთ კვლევას. ალაბამის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, ლიდერებს დაწინაურებაში ფსიქოპათიური ადამიანისთვის დამახასიათებელი სამი მთავარი თვისება უწყობთ ხელს, როგორიცაა სხვებზე დომინანტურობის გამოკვეთილად გამოვლენა, იმპულსურობა და თანაგრძნობის ნაკლებობა, რასაც ბევრი სხვა ადრეული კვლევაც ადასტურებს.
ალაბამის უნივერსიტეტის მეცნიერები ნაშრომში იმასაც ასაბუთებენ, რომ ფსიქოპათ ლიდერს იგივე თვისებები მიზნის მიღწევის შემდეგ, ხელს უშლის. როგორც ხელმძღვანელები, ისინი არაეფექტურები ხდებიან და პოსტს ვერ ინარჩუნებენ. მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები როგორც წესი, ვერ იტანენ საკუთარ ბოსებს. ლიდერები კარგავენ სხვების მოტივირების ბერკეტებს და საბოლოო ჯამში, მათი ლიდერობა კრახით სრულდება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მენეჯმენტის პროფესორი პიტერ ჰარმსი გენდერულ დისბალანსთან დაკავშირებით, საზოგადოების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. “აგრესიული ქცევა უფრო კაცთან ასოცირდება, ამიტომ ადამიანები ასეთ საქციელს სოციალური სანქციების გარეშე იღებენ” - ამბობს ის. თუმცა, ქალებთან მიმართებაში სოციალური ნორმები განსხვავებულია და “თუკი ქალი იქცევა გენდერული ნორმების საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, ხალხი მის დასასჯელად უფრო მზად არის”.
გასაოცარია, რომ იგივე ფსიქოპათიური თვისებები, რაც კაცს დაწინაურებაში ეხმარება და მას ეფექტური ლიდერის პოტენციალის მქონე ადამიანთან აიგივებს, ქალს პირიქით - ხელს უშლის და უკან სწევს, “ასეთი ორმაგი სტანდარტის არსებობა ნამდვილად სამწუხაროა” - აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი კარენ ლენდეი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს თვისებები მხოლოდ დაწინაურების შანსს ზრდის, მაგრამ კარგ ლიდერობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ალაბამის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, საჭიროა, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით კი უწყებათა თანამშრომლები ამ საკითხზე მეტად ინფორმირებულები იყვნენ. პროფესორ ჰარმსის თქმით, “მეტად უნდა გავაცნობიეროთ, რომ… ტყუილი, ქურდობა, სხვისთვის ტკივილის მიყენება ცუდია, იმის მიუხედავად, რა მიზნით ხდება ეს: პირადი ამბიციის დასაკმაყოფილებლად, ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, თუ უბრალოდ, სახალისოდ”.
კვლევა 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის აკადემიურ ჟურნალში Journal of Applied Psychology. მისი ხელმძღვანელია ალაბამის უნივერსიტეტის ბიზნეს-კოლეჯის მეცნიერი კარენ ლენდეი, თანაავტორები არიან პიტერ ჰარმსი და მარკუს კრედე.