ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლაში კარგად სწავლა ალცჰაიმერის ნაკლებ შანსს უკავშირდება, ჰაერის დაბინძურება კი რისკს ზრდის


დღეს რუბრიკაში “გალილეო” ალცჰაიმერის და დემენციის თაობაზე ბოლო თვეში გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო ნაშრომს გაგაცნობთ. ერთ-ერთი კვლევა ზრდასრულ ასაკში ალცჰაიმერის დაავადების და ამერიკელ მოზარდებში სკოლაში მიღებული ნიშნების ურთიერთკავშირზე მიუთითებს. კიდევ ორი, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევა კი ჰაერის დაბინძურების გამო, ამ ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემთხვევათა ზრდას ადასტურებს.

ამერიკელმა მეცნიერებმა თითქმის 60 წლის წინ ჩატარებული ტესტის შედეგები აიღეს და მონაწილეთა დღევანდელი მონაცემები შეისწავლეს. გამოკითხვაში თავის დროზე 440 000-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. ამერიკის მთავრობის მიერ 1960 წელს ჩატარებულ გამოცდებში სახელწოდებით “პროექტი ტალანტი”, სპეციალისტები ამოწმებდნენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას რამდენიმე დისციპლინაში და მათ ზოგად უნარებს.

ტესტში ამ ტიპის კითხვები შედიოდა:

270. დაახლოებით როდის ცხოვრობდა ლეონარდო და ვინჩი? პასუხებს შორის 5 არჩევანი იყო: პირველი საუკუნე, მე-5, მე-10, მე-15 და მე-20 საუკუნე.

273. ფოსტა დაიკეტა და სასწრაფოდ გჭირდებათ საფოსტო მარკა. სად მოძებნით? პახუხები: უახლოეს აფთიაქში; სუპერმარკეტში; მარკების კოლექციონერთან; დაურეკავთ ფოსტალიონს; უახლოეს ბენზინის გასამართ სადგურზე.

322. რატომ დამონტაჟდა ჩამკეტი სისტემა პანამის არხზე? მოსწავლეებს აქაც 5 არჩევანი ჰქონდათ: პანამის არხი ზღვის დონეზე მაღალია; ატლანტის ოკეანე წყნარ ოკეანეზე მაღალია, ან პირიქით; პანამის არხი ვიწროა, ან განიერი.

“პროექტ ტალანტის” მოსწავლეები დღეს საშუალოდ 70 წლის შუახნის ადამიანები არიან. მკვლევარებმა მათ შორის ალცჰაიმერის შემთხვევები აღრიცხეს და ეს მონაცემები სასკოლო ტესტში მიღებულ შედეგებს შეადარეს.

ნაშრომზე მუშაობდა ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაცია - ამერიკული კვლევითი ინსტიტუტები (AIR- American Institutes for Research). მათ 85 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. აქედან დაახლოებით ნახევარი კაცი იყო, ნახევარი - ქალი.

მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ მოსწავლეებს შორის, ვინც სკოლაში კარგად სწავლობდა და მათემატიკაში, ლინგვისტიკაში, თუ ზოგად უნარებში უკეთეს ნიშნებს იღებდა, ამ ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკი გაცილებით ნაკლები იყო მათთან შედარებით, ვინც ბავშვობაში და მოზარდ ასაკში გამოცდაზე უფრო დაბალ ნიშნებს იღებდა. პროცენტულად ეს მონაცემები ასე გამოყურება: დაბალი მოსწრების მქონე კაცებში დემენციის და ალცჰაიმერის რისკი 17 პროცენტით მეტია, ქალებში - 16 პროცენტით.

კვლევის დეტალების გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში “ჯამა”. გამოცემის სახელწოდება იშიფრება, როგორც ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალი (JAMA-The Journal of the American Medical Association).

რაც შეეხება ალცჰაიმერის და დემენციის კავშირს დაბინძურებულ გარემოსთან, კონკრეტულად კი - ჰაერის დაბინძურებასთან, ამ ტიპის კორელაციაზე აქამდე გამოცემულ კვლევებს, ბოლო თვის მანძილზე კიდევ ორი დაემატა. პირველი ნაშრომის ავტორები შეერთებულ შტატებში მდებარე არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები არიან.

მათი კვლევა ძალიან მასშტაბურია. მკვლევარებმა 6.9 მილიონი ადამიანის 15-წლიანი სამედიცინო ისტორია შეისწავლეს. მათ კონკრეტული დამბინძურებელი, სახელად PM2.5 და ადამიანის ორგანიზმზე მისი გავლენა აინტერესებდათ. მეცნიერთა დასკვნით, ჰაერის დაბინძურება იმ ნორმაზე დაბალი დონითაც კი, რომელიც შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული, ალცჰაიმერის და დემენციის რისკს ზრდის.

ნაშრომის ავტორების თქმით, ჰაერის დამბინძურებელი PM2.5 განსაკუთრებით არის კონცენტრირებული სამანქანო გზების გასწვრივ. მისი მაღალი კონცენტრაცია ალცჰაიმერის გარდა, უკავშირდება რესპირატორული სისტემების დაზიანებას და სიკვდილის შემთხვევებსაც კი. ნაშრომის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს ჟურნალში (NBER- The National Bureau of Economic Research).

და ბოლოს, კიდევ ერთი კვლევაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომელიც შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა (PNAS - Proceedings of the National Academy of Sciences). ამჯერად მეცნიერებმა შეისწავლეს განვითარებად ქვეყანაში, ჩინეთში არსებული ჰაერის დაბინძურების კავშირი ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციულ დაავადებებთან.

ნაშრომში ამერიკელმა მკვლევარებმა ჩინეთში მცხოვრები 25 000-ზე მეტი ადამიანის რამდენიმე წლის მონაცემები შეაჯერეს. ისინი ქვეყნის 162 რეგიონში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა ხარისხი ფიქსირდება.

მეცნიერები აქაც მსგავს დასკვნამდე მივიდნენ. ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან კოგნიტურ ცვლილებებს იწვევს და ეს გავლენა ასაკის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო ღრმავდება. დაბინძურება მეტად აისახება მამაკაცების ალცჰაიმერით და დემენციით დაავადების სიხშირეზე და გაცილებით დიდი სხვაობაა განათლების დონის მიხედვით: მეტად განათლებულ ჯგუფში ამ ნეიროდეგენერაციული დაავადებების ნაკლები შანსია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG