ChatGPT („ჩეთ-ჯი-ფი-თი“) - ხელოვნური ინტელექტის საჯაროდ ხელმისაწვდომი პროგრამა - გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო აპლიკაციად გადაიქცა. გამოშვებიდან პირველივე 5 დღეში მას უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
მომხმარებელს ის სხვადასხვა დავალების შესრულებაში ეხმარება, დაწყებული ელექტრონული წერილების და ლიტერატურული ესეების დაწერით, მუსიკალური თუ ფერწერული ნამუშევრების შექმნით და სხვადასხვა პროგრამულ ენაზე კოდების გენერაციით დამთავრებული. ბევრი სპეციალისტი აღიარებს, რომ ChatGPT რევოლუციური ტექნოლოგიაა, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ის მალე ყველას ისევე ეცოდინება, როგორც - „გუგლი“.
მაგრამ, ChatGPT-ის გავლენა უფრო შორსმიმავალია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ინვესტიციების მსოფლიო გიგანტის, „გოლდმან საქსის“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა, ხელოვნური ინტელექტი შეერთებულ შტატებში მეტ-ნაკლებად უკვე ეხება სამუშაო ადგილების დაახლოებით 2/3-ს. მომავალში კი სულ ცოტა, 7%-ს მთლიანად ჩაანაცვლებს. საუბარია ე.წ. „თეთრსაყელოიან“ სამუშაო ადგილებზე, რომელთაც ხელოვნური ინტელექტი შეცვლის. ეს შეიძლება იყოს სპეციალობები იურისპრუდენციის დარგში, პოზიციები ადმინისტრაციული თუ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები ნაკლებად შეეხება მომსახურების სფეროს და ისეთ სამუშაო ადგილებს, სადაც ფიზიკური შრომაა საჭირო.
2022 წლის 30 ნოემბერს გამოშვებული ChatGPT-ის პირველი ვერსია უფასო იყო. ახლა მას ყოველთვიურად 100 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ორიოდ თვეში, 2023 წლის თებერვალში გამოვიდა მისი ფასიანი ანალოგიც ChatGPT Plus. ფასიანი ვერსია თვეში $20 ღირს, გაცილებით სწრაფია და მომხმარებელს მონაცემთა მეტი მოცულობით უზრუნველყოფს. ორივე პროგრამის განვითარება ამერიკულ კვლევით ლაბორატორიაში OpenAI („ოუფენ-ეი-აი“) მოხდა. ის ითარგმნება, როგორც „ღია ხელოვნური ინტელექტი“.
ChatGPT-ის უზომო პოპულარულობამ ტექნოლოგიური გიგანტები აიძულა, სწრაფად დაეწყოთ მუშაობა მსგავსი პროგრამების შექმნაზე. მათ შორისაა კომპანია „მაიკროსოფტიც“, რომელმაც გამოუშვა „ბინგ-ჩეთი“, კომპანია „გუგლმა“ კი სულ ახლახან მოაწყო „ბარდის“ პრეზენტაცია, რომელიც მსურველს ერთის მაგივრად, სამი სხვადასხვა პასუხის არჩევანს აძლევს. გავრცელებული ინფორმაციით, ანალოგიური პროექტი მუშავდება „ფეისბუქშიც“.
ჯგუფური ღია წერილი
თუმცა, დარგის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარება სერიოზულ რისკებს შეიცავს. „ხელოვნური ინტელექტი უფრო საშიშია, ვიდრე თვითმფრინავის არასწორი მართვა და მისი ტექმომსახურება, ან ცუდად წარმოებული მანქანა... მას აქვს ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი“, - უთხრა ტელეკომპანია „ფოქსს“ 17 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცნობილმა ბიზნესმენმა, ინვესტორმა და გამომგონებელმა ილონ მასკმა. ის თავდაპირველად თვითონ იყო OpenAI-ის თანადამფუძნებელი. მასკმა კვლევითი ლაბორატორია 2018 წელს მეორე კომპანია „ტესლასთან“ ინტერესთა კონფლიქტის საფუძველზე დატოვა.
მასკი ერთ-ერთი ხელმომწერიცაა იმ გახმაურებული ღია წერილის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებას სულ ცოტა, 6 თვით ითხოვს. პაუზა უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე და კონტროლირებადი, საერთაშორისო მთავრობათაშორისი მემორანდუმით გამყარებული - ამბობენ ღია მიმართვის ინიციატორები „სიცოცხლის მომავლის ინსტიტუტიდან“. მათი არგუმენტაციით, შეჩერება აუცილებელია, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე მუშაობა. ამის მიზანი კი რისკების მინიმუმზე დაყვანა და პროგრამების უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა უნდა იყოს.
„როგორც ინტენსიურმა კვლევამ აჩვენა და ეს ხელოვნური ინტელექტის წამყვან ლაბორატორიებშიც აღიარეს, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომელებიც ადამიანის გონებასთან კონკურენტუნარიანია, საზოგადოებისთვის და კაცობრიობისთვის ღრმა რისკების შექმნა შეუძლია... ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დავრწმუნდებით, რომ მათი შედეგები დადებითი იქნება, მათი რისკები კი - მართვადი“ - ნათქვამია მიმართვაში.
ღია წერილს მასკის გარდა, ხელს ათასობით ადამიანი აწერს. მათ შორის ტექნოლოგიების სფეროში ისეთი ცნობილი ადამიანებიც არიან, როგორიცაა „ეფლის“ დამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი და „სირის“ შემქმნელი ტომ გრუბერი. ჯგუფურ მიმართვას ხელს ასევე აწერენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ჰარვარდის, კემბრიჯის, იელის, კარნეგის, ნიუ-იორკის, ოქსფორდის და ბევრი სხვა უნივერსიტეტის პროფესორები.
დამოკიდებულება ევროკავშირში
ევროპის კავშირში და კანადაში უკვე დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ აგროვებს კერძო ინფორმაციას OpenAI და შემდეგ როგორ იყენებს მას უზომოდ პოპულარულ ChatGPT-ში. იტალია დასავლეთში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც აპრილის დასაწყისში ის დროებით აიკრძალა კიდეც. ირლანდიამ ChatGPT-ის 30 აპრილამდე მისცა ვადა, რომ მუშაობა კერძო ინფორმაციის დაცვის მოქმედ რეგულაციებს შეუსაბამოს, რაც დარგის ექსპერტების შეფასებით, პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა.
ევროპოლმა - ევროკავშირის პოლიციის სამსახურმა გაფრთხილება გააკეთა ხელოვნური ინტელექტის ამ პროგრამასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისმა გამოყენებამ შესაძლოა პოტენციურ კიბერდამნაშავეებს და დეზინფორმაციის გავრცელების მსურველებს საქმე გაუადვილოს. „მსგავსი ტიპის ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაძლო გამოყენება დამნაშავეების მიერ, შავბნელი პერსპექტივის მომასწავებელია“, - აცხადებს ევროპოლი 27 მარტით დათარიღებულ სპეციალურ ანგარიშში.
სიტუაცია შეერთებულ შტატებში
რეგულაციების შემუშავების საკითხს შეერთებული შტატების მთავრობაც განიხილავს. განხილვებში ჩართულია ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ისე - საკანონმდებლო შტო: თეთრი სახლი, ვაჭრობის ფედერალური კომისია და კონგრესი. 11 აპრილს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან დაკავშირებით, საქმის შესწავლას შეუდგა.
განცხადება შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტში მოქმედმა ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციის ადმინისტრაციის სააგენტომაც გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ „იზრდება რეგულირების ინტერესი“, რათა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან მიმართებით, შეიქმნას „ანგარიშვალდებულების მექანიზმი“.
„დრო არ ითმენს, რომ წინ გავუსწროთ ამ მძლავრ ახალ ტექნოლოგიას და აღვკვეთოთ პოტენციურად ფართომასშტაბიანი ზიანი საზოგადოებაზე და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. და ამის ნაცვლად, ძლიერი, ორპარტიული კანონმდებლობის დაწინაურებით, ის დადებითი მხრიდან გამოვიყენოთ“, - განაცხადა 13 აპრილს სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა კანონმდებელმა ჩაკ შუმერმა, როცა სენატში ChatGPT-ის რეგულაციების სამუშაო ჩარჩო-დოკუმენტი წარადგინა.
სენატორ შუმერის განმარტებით, ჩარჩო-დოკუმენტი ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნას ისახავს მიზნად, რაც შეერთებულ შტატებში „პოტენციური კატასტროფული ზიანის“ პრევენციას უზრუნველყოფს, თუმცა ამავე დროს იმის საწინდარიც გახდება, რომ სწორედ ამერიკაში განვითარდეს და დაწინაურდეს მსგავსი გარდატეხის მომტანი ტექნოლოგია. სენატში შემუშავებული რეგულაციები ჯერ წარმომადგენელთა პალატაში უნდა დამტკიცდეს და შემდეგ ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
საპასუხო რეაქცია ChatGPT-დან
თავად ChatGPT-ის წარმომადგენლები 6-თვიანი პაუზის აღების ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ზოგიერთი მოსაზრება, რაც კოლექტიურ მიმართვაშია წინ წამოწეული, სავსებით მისაღებია და ისინი რა ხანია ბევრს მუშაობენ სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება მთავრობის მხრიდან რეგულირებას, „დიახ, აბსოლუტურად ასეა. ეს სისტემები რეგულირებული უნდა იყოს“, - ამბობს მირა მიურატი, ChatGPT-ის უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი, რომლის სახელსაც უკავშირებენ ბოლო წლებში ChatGPT-ის ტრანსფორმაციას და წარმატებას.
მიურატი თვლის, რომ „გარკვეულ დონეზე“ სტანდარტები საჭიროა და ისინი ამ საკითხზე სისტემატურად გადიან კონსულტაციებს მთავრობებთან, მარეგულირებლებთან და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მსგავსი სისტემების განვითარებაზე მუშაობენ. თუმცა, მისი აზრით, „გაცილებით მეტი უნდა კეთდებოდეს. მთავრობის მარეგულირებლები ნამდვილად უნდა იყვნენ ფართოდ ჩართულები“, - განაცხადა მან „ასოშეითიდ პრესთან“ ინტერვიუში, რომელიც 24 აპრილს გამოქვეყნდა.