ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჰაკერების ახალი კიბერშეტევების სამიზნე ზაფხულის ოლიმპიადა გახდა - რუბრიკა "გალილეო"


"მაიკროსოფტის" ოფისი რუსი ჰაკერების ახალი კიბერშეტევების შესახებ იუწყება. ორგანიზაციის დაზვერვის ცენტრის ცნობით, სპორტულ ორგანიზაციებზე საერთშორისო მასშტაბით, კიბერშეტევების ახალი სერია განხორციელდა.

თავდასხმების ავტორია ჯგუფი, რომელიც ამ ორი სახელით არის ცნობილი: "სტრონციუმი" და "ფენსი ბეარ" (Strontium; Fancy Bear/APT28). ჯგუფის სამიზნეა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის - დოპინგის წინააღმდეგ მომუშავე უწყებები.

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანია" - ნათქვამია "მაიკროსოფტის" ვიცე-პრეზიდენტის, ტომ ბარტის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე ორშაბათს გავრცელდა. ტომ ბარტი "მაიკროსოფტში" მომხმარებელთა უსაფრთხოების და ნდობის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

ჰაკერების თავდასხმებმა სამი კონტინენტი მოიცვა - სულ ცოტა 16 ეროვნული, თუ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია. ზოგი იერიში წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა უმეტესობამ მიზანს ვერ მიაღწია. "მაიკროსოფტი" აცხადებს, რომ ორგანიზაციამ თავის კლიენტებს სავარაუდო თავდასხმის შესახებ წინასწარ აუწყა და ინტენსიურად მუშაობდა მათთან, ვისაც ანგარიშების და სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება ესაჭიროებოდა.

მსგავსი თავდასხმები ორიოდ წლის წინ დაიწყო. კიბერიერიშები განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების გამო, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში დღის წესრიგში დადგა მთავარ შეჯიბრებებზე რუსი სპორტსმენების არდაშვების საკითხი. ბრალდების მიხედვით, რუსეთში, მათ მიერ დოპინგის სისტემატური მოხმარება ორგანიზებულად, სახელმწიფოს სპონსორობით ხდებოდა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გამოცემა წერს, რომ ჰაკერების ჯგუფი, რომელიც "სტრონციუმის", ან "ფენსი ბეარის" სახელით არის ცნობილი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფია. სწორედ ამ ჯგუფს ბრალდება შეერთებული შტატების ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი მთავარი ჰაკერული თავდასხმა.

რუსი ჰაკერების ეს ჯგუფი დგას 2016 წელს, ამერიკის დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების უკან. ასევე ცნობილია, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჰაკერთა პასუხისმგებლობაა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე, საფრანგეთის ტელევიზიაზე, თუ დასავლეთის სხვა სამხედრო, საკანონმდებლო, ფინანსურ, უფლებადამცველ, საგანმანათლებლო, თუ არასამთვრობო ორგანიზაციებზე მიტანილი კიბერიერიშები.

ახალი შეტევები, რომელთაც "ოლიმპიური დისტროიერი" შეარქვეს, ძველებისგან განსხვავებული ხელწერით გამოირჩევა. ის გაცილებით ცბიერი ბუნებისაა. ჰაკერებმა თავდასხმების მთელი სერია ისე განახორციელეს, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს იერიში არა რუსეთიდან მოდიოდა, არამედ - ჩინეთიდან, ან ჩრდილოეთ კორეიდან.

ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით, კრემლს კომენტარი არ გაუკეთებია. "მაიკროსოფტი" თვლის, რომ "სტრონციუმის" სამიზნე ძირითადად დასავლეთის ის ორგანიზაციებია, რომელიც დემოკრატიულ პროცესებშია ჩართული.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებში და კერძო სექტორებში მზარდი გამჭვირვალობა იყოს მათი [ჰაკერების] აქტივობის თაობაზე, რათა ჩვენ ყველამ შევძლოთ ინტერნეტის დაცვის უზრუნველსაყოფად, დიალოგის გლობალურად გაგრძელება" - წერს "მაიკროსოფტის" ვიცე-პრეზიდენტი ტომ ბარტი. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება ხელს შეუწყობს ცნობადობის გაზრდას ჰაკერების ქმედების და მათგან თავდაცვის აუცილებლობის შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG