მინიატურული, ბრტყელი სენსორი, რომლის ზომა 2 მილიმეტრს არ აღემატება (2x2მმ), კბილზე მაგრდება და პირის ღრუში გარკვეული ქიმიკატების კონცენტრაციას აფიქსირებს. ის დისტანციურად უკავშირდება მობილურ ტელეფონს და აკონტროლებს ადამიანის მიერ ალკოჰოლის, მარილის და გლუკოზის მიღებას.
სენსორი ტაფტის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლაში შეიქმნა. ეს პირველი მობილური, ე.წ. სატარებელი ტექნოლოგიაა, რომელიც დიეტოლოგიური მონაცემების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს. გამოგონებას ჯანდაცვისთვის შედარებით ახალ მიმართულებას, პერსონიფიცირებულ, ინდივიდუალიზებულ მედიცინას მიაკუთვნებენ.
სენსორის წინამორბედი მოდელები, რომელზეც მეცნიერები აქამდე მუშაობდნენ, არაპრაქტიკული იყო და მათი დანერგვა რამდენიმე პრობლემის გამო არ ხერხდებოდა. ერთ-ერთი მათგანი მუდმივი ენერგიის წყაროსთვის აუცილებელი სადენები იყო. ეს პრობლემა მობილურ ტელეფონთან დისტანციური კავშირის დამყარებით მოიხსნა.
ამას გარდა, პირის ღრუში არსებული ნივთიერებებით წარმოქმნილი მტრული გარემო სენსორებს აზიანებდა და აუცილებელი იყო მათი ხშირი ცვლა. ამ ეტაპზე, ტაფტის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის მეცნიერებმა ისეთი სენსორი შექმნეს, რომელიც გარემოსთან უკეთაა ადაპტირებული და გაცილებით მეტი გამძლეობით გამოირჩევა.
სენსორი სამი შრისგან შედგება. მთავარი, ცენტრალური ფენა შუაში მდებარეობს. სწორედ ეს შუა, ბიოლოგიურად აქტიური ფენა ითვისებს ამა თუ იმ ნუტრიენტს, ან ქიმიკატს. ზედა და ქვედა შრეები ოქროს ფირფიტებს მოგაგონებთ. საბოლოო ჯამში, სამივე ფენა ერთგვარად, ანტენის ფუნქციას ასრულებს. ისინი აგროვებენ ინფორმაციას და რადიოტალღების მეშვეობით, მაშინათვე გადასცემენ მობილურ ტელეფონში არსებულ მართვის ცენტრს. სენსორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მარილის და ეთანოლის მიმართ.
ამერიკელ მეცნიერთა გამოგონებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უკვე მიმდინარეობს ახალი კვლევები, რომელიც სენსორის მოქმედების გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს. ვარაუდობენ, რომ ალკოჰოლის, მარილის და გლუკოზის გარდა, კბილზე დამაგრებული სენსორი სხვა მონაცემების გაანალიზებასაც შეძლებს. საუბარია სხვა ნუტრიენტებზე, ქიმიკატებზე, თუ ფიზიოლოგიურ მონაცემებზე.
სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ინჟინერიის პროფესორი ფიორენზო ომენეტო ამბობს, რომ “ბიოლოგიურად აქტიური შუა ფენის მოდიფიცირება სხვა ქიმიკატების სამიზნეში ამოსაღებად, თეორიულად, სავსებით შესაძლებელია. რეალურად, აქ მხოლოდ იმდენად ვართ ლიმიტირებული, რამდენადაც შეიძლება ადამიანის წარმოსახვის უნარი იყოს შეზღუდული”, აღნიშნავს ის.
ამას გარდა, პროფესორ ომენეტოს თქმით, სენსორი არ არის აუცილებელი მაინც და მაინც კბილზე დამაგრდეს და მხოლოდ პირის ღრუ აკონტროლოს. ის შეიძლება ადამიანის კანზე, ან ნებისმიერ სხვა ზედაპირზე მოთავსდეს და საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია გარემოში არსებულ, სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაციაზე მაშინათვე, რეალურ დროში მივიღოთ.
ტაფტის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი მარტის ბოლოს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში “მოწინავე მასალები”. კვლევა ამერიკის არმიის კვლევითი ცენტრის, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის და რამდენიმე სხვა სამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. თუმცა, უშუალოდ სამეცნიერო კვლევაში ამ დაწესებულებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
Facebook Forum