ტელეფონში ცხვირჩარგული ადამიანები დიდი ხანია ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა და აღარავის უკვირს. მაგრამ, სმარტფონის საათობით გამოყენება არათუ სასურველი არ არის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა და ბედნიერების განცდას თანდათან უფრო გვაცილებს.
ბედნიერებისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად, თურმე, აჯობებს ტელეფონი გვერდზე გადავდოთ. კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ადამიანები სმარტფონთან, ან სხვა ციფრულ ტექნოლოგიასთან, მით უფრო უბედურად გრძნობენ თავს. ამჯერად მეცნიერებმა 13-დან 18 წლამდე ასაკის, 1.1 მილიონი მოზარდის 1991-2016 წლების მონაცემები შეისწავლეს და გვირჩევენ, მობილური ტელეფონის გამოყენება დღეში ერთ საათამდე დავიყვანოთ.
კვლევას სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯინ ტვენგი უძღვებოდა. მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ ფსიქოლოგიურად რამდენად კარგად გრძნობდნენ თავს თინეიჯერები და რა ცვლილებები მოხდა 25-წლიან მონაკვეთში. კარგად ყოფნაში ისინი გულისხმობდნენ თვითშეფასებას, ცხოვრებით კმაყოფილებას და ბედნიერების შეგრძნებას.
აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნის მაჩვენებელმა დრამატულად იკლო 2012 წლის შემდეგ. ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთ საათზე მეტ დროს უთმობენ ელექტრონულ კომუნიკაციას და ციფრულ ეკრანს (სოციალურ მედიას, ინტერნეტს, ტექსტებით კომუნიკაციას, თამაშს) და ნაკლებ დროს - ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობას (მეგობრებთან, ოჯახში, ცხოველებთან, სპორტულ თუ შემეცნებით წრეებში, ან გასართობ ადგილებში), გაცილებით ცუდად გრძნობენ თავს. ამასთან, ცუდად ყოფნის შეგრძნება პირდაპირპროპორციულად იზრდება საეკრანო დროის ზრდასთან ერთად.
ახალი კვლევის შედეგები ემთხვევა რამდენიმე ადრეული ნაშრომის მონაცემებს. ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ კვლევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ეკრანზე დამოკიდებულების მქონე მოზარდებში, რომლებიც ტელეფონს ან კომპიუტერს ძირითადად სოციალური მედიით კომუნიკაციისთვის იყენებენ, გაცილებით მაღალია დეპრესიის და თვითმკვლელობის შემთხვევები.
სხვადასხვა კვლევებში ე.წ. ზედმეტ საეკრანო დროს უკავშირებენ შფოთვით აშლილობას, უძილობას, დაღლილობას, ყურადღების გაფანტულობას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, რომელიც არამარტო მოზარდებში, არამედ ზრდასრულ ადამიანებშიც შეინიშნება. მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება დღეს იმდენად სერიოზულ სახეს იღებს, რომ ახალი ტერმინიც კი გაჩნდა: „ნომოფობია“ (Nomophobia - No Mobile Phone), ანუ - უტელეფონობის, მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში.
6 იანვარს „ეფლის“ ორმა წამყვანმა ინვესტორმა კომპანიას მოსთხოვა, იღონოს რამე, რომ ახალგაზრდებში „აიფონზე“ დამოკიდებულება როგორმე შემცირდეს. ორგანიზაციები „ჯანა პარტნერს“ და კალიფორნიის მასწავლებელთა საპენსიო სისტემა „ეფლის“ 2 მილიარდამდე დოლარის ოდენობის აქციებს განკარგავს.
ინვესტორები კომპანიას ღია წერილში იმ რამდენიმე კვლევაზე მიუთითებენ, რომელშიც ჯანმრთელობაზე სმარტფონების უარყოფით გავლენაზეა საუბარი. ავტორები „ეფლს“ მოუწოდებენ, მეტად გაითვალისწინოს და „საგანგებო ყურადღებით“ მოეკიდოს „მომავალი თაობის ჯანმრთელობას და განვითარებას“. სასურველ ნაბიჯებად სახელდება მშობლებისთვის უფრო დახვეწილი კონტროლის მექანიზმების შექმნა, წვდომის შეზღუდვა როგორც ინფორმაციის შინაარსის, ასევე დროის ინტერვალის მიხედვით და რამდენიმე სხვა ზომა.
კვლევა 22 იანვარს გამოქვეყნდა ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის ჟურნალში „ემოცია“. მისი სახელწოდებაა: „ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება ამერიკელ მოზარდებში 2012 წლის შემდეგ და მისი კავშირი საეკრანო დროსთან სმარტფონის ტექნოლოგიის აღმავლობის პერიოდში“.