ტყვე ქართველების დასახსნელად ფულის შეგროვება დაიწყო

ტანკერი ოლიბ ჯი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოლაპარაკებას მართვას ტელემარათონის თაობაზე, საიდანაც შემოსული თანხა მთლიანად სომალიში დატყვევებული მეზღვაურების განთავისუფლებას მოხმარდება.

საქველმოქმედო ღონისძიებებით პროფკავშირები მილიონი ლარის შეგროვებას გეგმავს. „საქართველოს ბანკში“ უკვე გაიხსა ანგარიში, სადაც მსურველებს მეზღვაურების დასახმარებლად ფულის გადარიცხვა შეეძლებათ. ასევე ამოქმედდა, სატელეფონო ნომერი 700 694, რომელზეც სამივე ქართული მობილური ოპარატორების მომხმარებელს ერთი დარეკვით ერთი ლარის გადარიცხვა შეუძლიათ.

ბოლო ინფორმაციით, მეკობრეები მზად არიან მილიონ დოლარად გაათავისუფლონ ეკიპაჟი. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა კერძოდ თქვა

„თანხის შეგროვების პროცესი ახლა დაიწყო. ორგანიზაციები რიცხავენ, წერილები დაგზავნილია, მზადყოფნას გამოთქვამენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი კოლეგები გვეხმარებიან.

9 დეკემბერს ვგეგმავთ ტელემარათონს, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაგვთანხმდა, სადაც მოსახლეობას სმს-ების და დარეკვის საშუალებით შეეძლება მეზღვაურების დახმარება. უკვე გააქტიურებულია ნომრები და „მაგთის“. „ბილაინისა“ და „ჯეოსელის“ აბონენტებს შეუძლიათ 700 694-ზე დარეკვა და თანხის გადმორიცხვა.

კიდევ იგეგმება ღონისძიებები, როგორც ბათუმში, ისე აქ, ქუჩებში და პარლამენტთან. ჩემი ინფორმაციით, მეკობრეები ითხოვენ ერთ მილიონ დოლარს, აქედან 150 ათასის გადახდაზეა თანახმა გემთმფლობელი.

პრინციპში სულ მისი გადასახდელია და მას უნდა მოეგვარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანია ამას არ აკეთებს და ბედის ანაბარად ჩვენს მოქალაქეებს იქ ვერ დავტოვებთ.“

8 დეკემბერს უკვე ოთხი თვე შესრულდება, რაც ადენის სრუტეში ბერძნული გემის ოლიბ ჯის თვრამეტკაციანი ეკიპაჟი მეკობრეებს ტყვედ ჩაუვარდათ. ამათგან, თხუთმეტი საქართველოს, ხოლო სამი მეზობელი თურქეთის მოქალაქეა.

თვეზე მეტია, რაც გემთფლობელი ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ მოლაპარაკებიდან გავიდა. კომპანიამ მეკობრეებს ადვოკატის საშუალებით გააგებინა, რომ მათი მიერ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდის.

საპასუხოდ, მეკობრეებმა მეზღაურებს ულტიმატუმი წაუყენეს და დახვრეტით დაემუქრნენ, თუმცა საბედნიეროდ, ეს საშინელი განზრახვა სისრულეში არ მოუყვანიათ. დატყვევებულები გემზე სრულიად არაადამიანურ პირობებში ჰყავთ. მეზღვაურ გიორგი სირაძის დედა ამბობს

„ჩემი შვილი შემეხმიანა ზუსტად ერთი კვირის წინ. მითხრა, რომ ძალიან ცუდ მდგომარებაში ვართო. დღის განმავლობაში გვაწოდებენ ერთ ჭიქა წყალს და მოხარშულ ბრინჯსო. ზოგჯერ ისე ხდება, ვუყურებ და ის ბრინჯიც არ მიწევსო.

გემი მთლიანად დაბინძურებულია, ორთვენახევარია ვწევართ იატაკზე. ჩვენ უკვე იმედი გადაწურული გვაქვს, იმიტო ვაწყობთ აქციებს, რომ ვფიქრობთ ჩვენი შვილების და მეუღლეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

სანამ სიტუაცია კიდევ არ გაფუჭდება და მეზღვაურები უფრო უარეს მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ, ვცდილობთ რამე ვიღონოთ და რომ მთავრობა დაგვეხმაროს.“

უკვე ერთი კვირაა დატყვევებულები კავშირზე აღარ გამოსულან და უცნობია ამ დროის განმავლობაში გემზე სიტუაცია რამდენად გაუარესდა.

„ოლიბ ჯი“ ისევ სომალის სეპარატისტული ანკლავის პუნტლენდის სანაპიროს სიღრმეში დგას. გემს ოცდაათამდე კარგად შეიარაღებული მეკობრე დარაჯობს, დატყვევებული ქართველები და თურქები მათ ერთ კაიუტაში, ჯაჭვით ჰყავთ დაბმული.

საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორმა სერგო დევაძემ, რომლის შვილიც გემზე იმყოფება, გუშინ კერძოდ გვითხრა

„ერთი კვირის უკან დაგვირეკეს გემიდან, ითხოვდნენ ისევ დახმარებას. მას შემდეგ, არავითარი კავშირი არ ყოფილა. ადრე მაგალითად ორ-სამ დღეში რეკავდნენ, ახალა, რადგან არ რეკავენ არ ვიცი რა ხდება და გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ უკვე მეც.“

არაოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მეკობრეებისთვის გარკვეული თანხის გადახდის შესაძლებლობას, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღიარებენ, რომ არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას გემზე შექმნილი სიტუაციის და მიმდინარე მოლაპარაკების ირგვლივ. საგარეო უწყება ამის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ქართველი დიპლომატები მეკობრეებთან უშუალოდ არ ურთიერთობენ. საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს

„ჩვენ არ გვაქვს სრული და ობიექტური ინფორმაცია თუ რეალურად რა ინფორმაციაა გემზე. იცით, რომ ეს არის სრულიად უკონტროლო ზონა. ჩვენ ვცდილობთ, საერთაშორისო კონტაქტების გამოყენებასაც, თუმცა მათაც ამ ტერიტორიებზე წვდომა არ აქვთ. ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძნელია. ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებზე შეგვიძლია ვისაუბროთ.“

ჯერჯერობით, სრულიად გაურკვეველია კიდევ ერთი ბათუმელი მეზღვაურის ოლეგ ნოდიას ბედი, რომელიც ორი კვირის უკან დატყვევებულ ტუნისის გემის „ჰანიბალ ორის“ ეკიპაჟში ერთადერთი ქართველია.