მორიგი რუსული ავიაიერიში უკრაინაზე - 4 დაღუპული და 50-ზე მეტი დაშავებული

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 54 დაშავდა უკრაინაზე რუსეთის კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმის შედეგად. ამჯერად რუსეთის სამიზნე, უკრაინის პრეზიდენტის მშობლიური ქალაქი იყო.

საუბარია კრივი რიჰზე, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი დაიბადა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ იერიშების შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები, 17 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ოთხი კერძო სახლი და რელიგიური ნაგებობა.

სამუშაო ბევრია, მტერმა ბევრი უბედურება გამოიწვია ქალაქში“, - ამბობს უკრაინის შს მინისტრი იჰორ კლიმენკო.

საჰაერო იერიშების შედეგად დანგრეულია ქალაქის პოლიციის განყოფილებაც. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ რუსულ იერიშს უკრაინის პოლიციის თანამშრომელი შეეწირა, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ დაღუპული ადამიანი კერძო კომპანიის დაცვის თანამშრომელი იყო.

იერიშების შედეგად ერთ-ერთ დაზიანებულ შენობას ცეცხლი მოედო, რომელიც ადგილობრივმა სამაშველო სამსახურებმა მოსახლეობასთან ერთად მალევე ჩააქრეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი კლიმენკო, სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ქალაქში სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მაშველებთან ერთად პროცესში მოსახლეობაც არის ჩართული.

ადგილზე იმყოფებიან მოხალისეები, რომლებიც ხალხს და მაშველებს საჭმლითა და სასმლით უმასპინძლდებიან. პარალელურად, უკვე დაწყებულია დაზიანებული შენობების აღდგენის პროცესიც.

რუსეთმა მხოლოდ ერთ კვირაში ოდესის სამხრეთ რეგიონზე, მეხუთე იერიში მიიტანა. სამიზნე კვლავ უკრაინული პორტები იყო, რომლებიც მარცვლეულისა და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქების ექსპორტისთვის გამოიყენება.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ რუსული 20 უპილოტო საფრენი აპარატიდან, 16 გაანადგურეს. სამხრეთის სარდლობის თქმით, ოდესაში განადგურებულია 14 უპილოტო საფრენი აპარატი. რუსული იერიშები მოიგერიეს მიკოლაევშიც, სადაც უკრაინამ 2 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, თუმცა აპარატის ნარჩენები საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის გამოც შენობა დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მომხდარში არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

რუსეთმა იერიშები მიიტანა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზაპოროჟიის და სუმის ჩრდილ-აღმოსავლეთ რეგიონებზეც. იერიშების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

უკრაინული პორტების დაბომბვა კრემლმა განსაკუთრებით მას შემდეგ გაახშირა, რაც ივლისში რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა. საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც ანკარის და გაეროს ჩართულობით შედგა და უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფდა. მოსკოვი უკვე თვეზე მეტია აგრძელებს უკრაინული პორტების დაბომბვას, ზიანება და ნადგურდება როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ნადგურდება მარცვლეულიც, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის აფრიკული ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესია.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, რუსეთი სისტემატურად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, თეატრებს, საცხოვრებელ კორპუსებს. თუმცა, კრემლი ამბობს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის და მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. მოსკოვის მტკიცებით, მათ იერიშები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე მიაქვთ. გასული ზამთრის განმავლობაში რუსეთი აქტიურად ცდილობდა გაენადგურებინა უკაინის ელექტოგადამცემი ქსელები, რის გამოც ხანდახან კვირების განმავლობაშიც კი, მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე იყო დარჩენილი.