ამერიკაში მადლიერების დღის დღესასწაული ბრუნდება

მადლიერების დღის აღლუმი ნიუ-იორკში, 2019 წელი.

დღეს ამერიკა მადლიერების დღეს ზეიმობს. ამ დღეს ოჯახები ერთად იკრიბებიან, ხშირად სხვადასხვა შტატებიდან მოგზაურობენ, რათა მშობლიურ სახლებში ჩავიდნენ და საყვარელ ადამიანებთან ერთად აღნიშნონ ეს დღე.

პანდემიის შეზღუდვების შემდეგ, შეერთებულ შტატებში ტრადიციული დღესასწაული ისევ ბრუნდება. დღეს ისევ შეივსება ფეხბურთის სტადიონები, გაიმართება სადღესასწაულო აღლუმები და გაცილებით თამამად შეიკრიბებიან ერთად ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები.

დღესასწაულს საფუძველი მე-17 საუკუნეში ჩაეყარა, როდესაც პილიგირმები ევროპიდან ამერიკის კონტინენტზე ჩავიდნენ. ისტორიის თანამხად, მათ ადგილობრივი ამერიკელები, იგივე ინდიელები დახვდნენ და მოსავლის აღება ასწავლეს, შემდეგ კი ეს მოსავალი ერთად მიირთვეს.

თუმცა, ბევრი ინდიელი მადლიერების დღეს განსხვავებულად უყურებს და მას გენოციდისა და მათი ერის მიმართ ძალადობის დასაწყისად მიიჩნევს. ამერიკაში კოლონიალისტებად ჩამოსულმა ევროპელებმა ისტორიის მანძილზე მილიონობით ადგილობრივი მკვიდრი მოკლეს.

ასევე ნახეთ: მადლიერების დღემდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა უფასო სადილი დაარიგა

თუმცა, წლების შემდეგ, ეს დღე მაინც მადლიერების გამოხატვისა და ოჯახების ერთად შეკრების დღესასწაულად ჩამოყალიბდა. მადლიერების დღე ამერიკაში ფედერალურ დასვენებადაა გამოცხადებული. ამ დღის დასრულების შემდეგ კი ქვეყანაში საშობაო სეზონი ოფიციალურად იწყება. სეზონთან ერთად კი საჩუქრებზე ნადირობა და მაღაზიებში სასურველი ნივთების დაუსრულებელი ძიებაც. ეს ციებ-ცხელება ამერიკაში 25 დეკემბერს დასრულდება. ახალი წლის აღნიშვნისთანავე კი საშობაო დეკორაციები ქალაქებიდან გაქრება და ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

თუმცა, მანამდე, ამერიკის ყველა სხვა მცხოვრებთან ერთად, ისვენებს ამერიკის პირველი ოჯახიც. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ნანტაკეტზე გაატარებენ მადლიერების დღეს. ეს მასაჩუსეტსის შტატთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულია, სადაც პრეზიდენტი ბაიდენი თავის ოჯახთან ერთად ყოველ მადლიერების დღეს ატარებს 1975 წლიდან მოყოლებული. ერთადერთი გამონაკლისი შარშანდელი წელი იყო, როდესაც პანდემიის გამო, ბაიდენების ოჯახმა მოგზაურობა და ტრადიციულ ადგილას ჩასვლა ვერ შეძლო.

მადლიერების დღის აღლუმი მანჰეტენზე