6 იანვარს, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის შუა ნაწილში და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დიდი თოვლი მოვიდა. ეს წელს ზამთრის პირველი შტორმია, რომლის გამოც ვაშინგტონში ფედერალური სამსახურები და საჯარო სკოლები დაიხურა.
დილის 8 საათისთვის შეერთებული შტატების დედაქალაქში თოვლის სიმაღლე 12.7 სანტიმეტრს აღწევდა. მიმდებარე მერილენდისა და ვირჯინიის შტატებში კი ზოგან 20 სანტიმეტრსაც აჭარბებდა.
ასევე ნახეთ: ქარიშხალი ჩადგა, მაგრამ ფლორიდაში 16 ადამიანი დაიღუპა, მილიონობით კი - უშუქოდ რჩებასინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ თოვლს ელოდებიან, საღამოს საათებში კი ნალექი შემცირდება. ბევრ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის - კანზასის, კენტუკის, არკანზასის, დასავლეთ ვირჯინიის, ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში.
მოსახლეობას ურჩევენ, საგანგებო საჭიროების გარდა, სხვა შემთხვევაში ტრასებზე გასვლას მოერიდონ. ვარაუდობენ, რომ თოვლი ზოგან გაყინულ წვიმად გადაიქცევა და გზები მოიყინება.
აეროპორტებში 1 600-ზე მეტი რეისი გააუქმდა. ბოსტონსა და ვაშინგტონს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერებულია. ამ დროისთვის 330 000-ზე მეტი ოჯახი თუ ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. პროგნოზის მიხედვით, ცივი ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებში სულ ცოტა, ერთი კვირა შენარჩუნდება.