ზამთრის შტორმს ამერიკის რამდენიმე შტატი ერთდოულად ებრძვის. უამინდობა გასული კვირის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ძლიერი თოვა, წვიმა, ქარი და ტორნადოები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსალეთ რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში თოვა გაგრძელდება.
ზამთრის შტორმმა მნიშვნელოვანი ზიანი უკვე მიაყენა ამერიკის რამდენიმე შტატს. ალაბამაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სამი ადამიანი დაიღუპა. ტორნადოები დააფიქსირეს ფლორიდის სანაპიროებზეც.
სამშაბათს ქარიშხალის გამო ამერიკის 12 შტატში 500 000-მდე საცხოვრებელი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზამთრის შტორმი ძალას ოთხშაბათიდან დაკარგავს, თუმცა რისკებზე მაინც მიანიშნებენ. ამერიკის ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში წყალდიდობების რისკია გაზრდილი.
Facebook Forum