შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაციის პანელის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ ხმა მისცეს "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის დამტკიცებას. 22 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხუთშაბათს საათობით განიხილავდა, უსაფრთხო და ეფექტურია თუ არა ამ კომპანიათა ერთობლივი ვაქცინა ამერიკელებისთვის.
კენჭისყრის წინ, დაძაბული განხილვის თითოეული პუნქტი ერთი კითხვით შეჯამდა: "სამეცნიერო მტკიცებულებათა საერთო მოცულობაზე დაფუძნებით, გადაწონის თუ არა "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობა მის რისკებს, რათა მისი გამოყენება 16 წლის ზევით ინდივიდებზე მოხდეს"? ექსპერტებიდან 17-მა "ფაიზერის" ვაქცინის დამტკიცებას დაუჭირა მხარი, 4 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.
ასევე ნახეთ: ამერიკაში ვაქცინის მომხრეთა რაოდენობა იზრდებასაკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაცია საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში გამოაცხადებს. მოსალოდნელია, რომ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაციის აქტის საფუძველზე პარასკევსვე, ან შაბათს დაამტკიცებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველაზე გვიან, ორშაბათიდან, 16 წლის ზევით ამერიკელები კოვიდ-19-ზე აიცრებიან.
შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურა პირველი 6.4 მილიონი დოზის დისტრიბუციისთვის, თვეზე მეტია მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინები უკვე მიჩიგანის შტატის ქალაქ კალამაზუშია ჩატანილი, საიდანაც მას ამერიკის სხვადასხვა კუთხეს მიაწვდიან. გეგმის მიხედვით, ამერიკაში კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია დამტკიცებიდან სულ რამდენიმე საათში დაიწყება.
ასევე ნახეთ: რას ნიშნავს საგანგებო ავტორიზაცია კოვიდ-19 ის ვაქცინისთვის?კოვიდ-19-ზე გეგმის მიხედვით, პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკებს აცრიან, შემდეგ - მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებს. მოგვიანებით, ვაქცინაციის რიგში საგანგებო სამსახურებში მომუშავე ამერიკელები არიან და ბოლოს - ყველა მსურველი. აცრა ნებაყოფლობითია.
ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის "ფაიზერი" და გერმანული "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა ჯერ ბრიტანეთმა, შემდეგ კი - კანადამ. ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაცია სამშაბათს უკვე დაიწყო. კანადამ ვაქცინა ოთხშაბათს დაამტკიცა და ვაქცინაციას ამ დღეებში დაიწყებს.