„8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება,“ წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შეთანხმების ფასილიტატორებმა გამოაქვეყნეს.
ისინი მომვალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ფონზე, რომელიც უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემას შექმნის, ყველა მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით.“
ასევე ნახეთ: ელჩი დეგნანი: აშშ-ს სურს, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
განცხადებაში ასევე წერია, რომ „საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ისინი მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ. ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას; გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია.“
ფასილიტატორების განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, „ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების განცხადება რელევანტურია, იმიტომ, რომ 8 მარტს შემდგარი შეთანხმების შესრულების ვალდებულება ყველას აქვს და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას.“ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, ისეთს, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი არ ყოფილა, შეთანხმების პირობა იყო ის, რის შესრულებასაც ჩვენ ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ.“
ამ ფონზე, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილელების განხილვა დაიწყო. ცვლილებებს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. კვირას, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.